„ენმ-მა შეიმუშავა გეგმა, არჩევნების შემდგომი დღე სისხლიანი რევოლუციისთვის როგორ გამოიყენოს“

„ენმ-მა შეიმუშავა გეგმა, არჩევნების შემდგომი დღე სისხლიანი რევოლუციისთვის როგორ გამოიყენოს“

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები ოპოზიციის მთავარი მიზანია. მათი განმარტებით, არჩევნების დღეს, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ვერ დაისმება, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, წინასაარჩევნო პროცესში შექმნან რევოლუციური მუხტი.

ამის არგუმენტად კი სააკაშვილის დაცვის უფროსის თემურ ჯანაშიას წამოცდენას ასახელებენ:

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ, სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“ , – განაცხადა ჯანაშიამ.

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ,ოპოზიცია არჩევნების საბოტაჟს ერთ-ერთ გეგმად განიხილავდეს.

„არ გამოვრიცხავ არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ისინი ყველაფერზე წავლენ. ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ, არჩევნებით განისაზღვრება, საბოლოო ჯამში, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ, ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არჩევნების არალეგიტუმურად გამოსაცხადებლად და გარკვეული პროვოკაციების მოსაწყობად რამდენიმე სცენარს განიხილავს. ბოჟაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სწორედ ამ სცენარის ერთ-ერთი გმირია მიხეილ სააკაშვილი, რომლის გათამაშებაც 2021 წელს არ გამოუვიდათ, თუმცა 2024 წელს კვლავ ეცდებიან.

„2012 წლიდან, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ ქვეყანაში 8 არჩევნები ჩატარდა. აქ ვგულისხმობ თვითმართველობის, საპარლამენტი და საპრეზიდენტო არჩევნებს. ყველა მათგანში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. ამიტომ მათ გარანტირებულად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მით უმეტეს, ამ „ნაციონალური მოძრაობით“, რომლის ხელმძღვანელიც კომიკური ფიგურა ლევან ხაბეიშვილია. ენმ-მა შეიმუშავა გარკვეული გეგმა, თუ როგორ შეიძლება არჩევნების შემდეგომი დღე დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის და შემდეგ რევოლუციისთვის გამოიყენოს - ეს სისხლიანი რევოლუცია უნდა იყოს, რისი საფუძველი, თითქოს, არჩევნების გაყალბება უნდა გახდეს. ეს უნდა იყოს 2003 წლის სცენარი, რომლის მთავარი გმირი შესაძლოა კვლავ სააკაშვილი გახდეს. მისი ციხიდან გამოშვება, აქციები და ამ ყველაფრის სათავეში ჩადგომა გეგმის ნაწილია. თუმცა 2020 წლის არჩევნების სიტუაცია ძალიან ჰგავდა 2003 წლისას, რადგანაც მაშინაც პარალელური დათვლა „ისფედმა“ ჩაატარა. თუმცა თუ მაშინ არჩევნები გაყალბდა და ეს განცდა საზოგადოებას ჰქონდა, ამას მოჰყვა რევოლუცია, იგივე არ ჰქონიათ 2020 წელს, ამიტომაც ოპოზიციას არაფერი გამოუვიდა“,-ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგაც ქვეყნის იმიჯის დაზიანება და ძირის გამოთხრა არ დასრულებულა. მუდმივად იწერებოდა შეკვეთილი სტატიები იმაზე, რომ მას ვითომ წამლავდნენ, აწამებდნენ, აშიმშილებდნენ და ა.შ. ეს კამპანიაც ჩავარდა, რომელსაც საქართველოში მოპარული მილიონებით აფინანსებდნენ. ამიტომ ახლა ფსონი 2024 წელზე იდება და ისინი კარგად ორგანიზებულ გეგმას მიჰყვებიან.

„ახლა არჩევნების სცენარი ძალიან მარტივი და ადვილად მისახვედრია. ამ ეტაპზე, ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციიდან 5%-იანი ბარიერი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია გადალახოს. თავად ენმ 7 სხვადასხვა პარტიით არის წარმოდგენილი საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ საზოგადოება - თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არა აქვთ. ცდილობენ იქნებ, რომელიმე მათგანმა შეძლოს და ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლების ხმები ისე გადანაწილდეს, რომ ერთმა ან ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იგივე გახარიამ, „ლელომ“ პარლამენტში შესვლა შეძლონ. დაახლოებით, ნახევარმილიონამდე ამომრჩეველზეა საუბარი, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება“. ეს არის საარჩევნო სცენარი, ამიტომაც საუბრობენ კოალიციაზე და ა.შ.

თუმცა, ასევე არის მეორე სცენარი და მათთვის უფრო რეალისტური. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ მიაწვებიან იმ ვერსიას, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. სწორედ ამიტომ არიან წინააღმდეგები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის“,-ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, როცა ოპოზიციას უკვე ყველა რესურსი ექნება ამოწურული, მუხტის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს.

„ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება.  მთავარი აქცენტი იმაზე ექნებათ, რომ თუკი სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს. აქ ჩართავენ ყოფილ ელჩებს, მაღალჩინოსნებს, ევროპარლამენტის წევრებს, რომ თუკი სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, მაშინ სააკაშვილის გარეშე მის პარტიას არ მიეცა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. თუმცა აქ საინტერესო ისაა, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, თავისუფალი რომც იყოს, ისედაც, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. იგივე საარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობაც არაკანონიერია. აქ, ასევე, არის ერთი დეტალი საინტერესო, რომ ოპოზიცია პრეზიდენტს შეწყალებას კი სთხოვს, მაგრამ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არა. როგორც ჩანს, ოპოზიციაში დიდად არ ანიჭებენ მნიშვნელობას რევოლუციას სააკაშვილი უკრაინის მოქალაქის თუ საქრთველოს მოქალაქის რანგში მოახდენს“, - ამბობს ბოჟაძე.