„ხალხს არ სურს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა და არც იმათი მოყვანა, ვინც ამ პარტიის მიმართ ლოიალურია“

„ხალხს არ სურს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა და არც იმათი მოყვანა, ვინც ამ პარტიის მიმართ ლოიალურია“

ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების გარკვეულ წრეებში აქვთ, დიდად განსხვავებული არაა“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ახალ პარტიას აქვს პოტენციალი შემოიკრიბოს ის პატარა პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

ბატონო რამაზ, რომან გოცირიძემ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე სამი პირობითი ბლოკი და ერთი პარტიაა გამოკვეთილი. მისი შეფასებით, ბლოკი, რომელსაც ასევე აქვს გაფართოების შესაძლებლობა და პატარა პარტიების შემოერთების შესაძლებლობა, ეს არის „ლელო“. რამდენად იზიარებთ მის ამ მოსაზრებას?

- 12 წლის შემდეგ, ჯერჯერობით, არც მელიას ხელმძღვანელობით, „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ლელო“ შედეგიანები არ ყოფილან. მათი გაერთიანება უკეთეს შედეგს რატომ უნდა იძლეოდეს, ჩემთვის ბუნდოვანია. ის, რომ მელია არ აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ გუნდში, ეს ბუნებრივია, მაგრამ იმის ფონზე, რომ მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ამ პარტიის მაგივრად ბოდიში არ მოუხდია, ნიშნავს იმას, რომ ის იზიარებდა იმ გუნდის საქმიანობას, რომლის წევრიც იყო. ამიტომ, მის მიმართ დამოკიდებულება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების გარკვეულ წრეებში აქვთ, დიდად განსხვავებული არაა.

ასევე, არც „ლელოს“ მიმართ არ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ ის სრულიად იზოლირებულია „ნაციონალური მოძრაობისგან“. არ უნდა ამ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა და არც იმათი მოყვანა, ვინც შეიძლება ამ პარტიის მიმართ ლოიალური იყოს. „ლელოც“ და ბუნებრივია, მელიაც ლოიალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამიტომ ვერ ვხვდები, საიდან იღებს ოპტიმიზმს რომან გოცირიძე. გახარიას მიმართ ამ ოპტიმიზმის ლოგიკა ის მაინც არის, რომ გახარიამ შეიძლება „ოცნების“ ხმები წაიღოს, თუმცა ამ ხმების წამღები არ არიან ის პარტიები. გარდა იმისა, რომ ახალ კომბინაციას ახსენებენ, ამ კომბინაციაში ოპტიმიზმის საფუძველი რა არის, ვერ ვხედავ.

ფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანება ოპოზიციური პარტიების შანსებს ვერ გაზრდიდა?

- ამ შანსების გაზრდაში თუ იგულისხმება ბარიერის გადალახვა, დიახ - შეიძლება გადაილახოს, მაგრამ მხოლოდ ბარიერის გადალახვა მე, როგორც მოქალაქეს, არ მაკმაყოფილებს. ვისურვებდი, რომ ოპოზიცია გახდეს დაახლოებით, ისეთივე შესაძლებლობების მქონე მხარე, როგორიც არის მმართველი პარტია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, ოპოზიცია ბარიერს გადალახავს თუ ვერა. რომც გადალახოს, ეს ხომ ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს არ შეცვლის?! მე მიკვირს იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც მიღწევად ბარიერის გადალახვას თვლიან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახსენეთ. გიორგი გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ ისინი არც ერთი ოპოზიციურ პარტიასთან არ აპირებენ გაერთიანებას და დამოუკიდებლად იბრძოლებენ არჩევნებში. იმ პატარა პარტიების შემოკრება, რაც რომან გოცირიძემ ახსენა, რას მოუტანდა „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს არჩევნებში?

- მოხდება ის, რომ გახარიაც დაკარგავს თავის ამომრჩეველს. ლიდერების გაერთიანება ამომრჩევლების გაერთიანებას არ ნიშნავს. არ მოუტანს ეს გახარიას რეიტინგს, რადგან მას მხარდაჭერები ჰყავს იმის ხარჯზე, რომ მათში ბევრია „ოცნების“ ადრინდელი მხარდამჭერი და გახარიასაც მხარს უჭერენ, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მკაფიო პოლიტიკის მქონე პრემიერ-მინისტრს. თუ გახარიას შეუერთდა მელიას პარტია ან სხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამ ამომრჩეველს გახარია დაკარგავს. რას შეიძენს, არ ვიცი, რადგან მეეჭვება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მის მიმართ დიდი სიმპათია ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ოპოზიცია ემზადება არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის. თქვენ პირადად მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

- ეგ ფორმულა „არჩევნების დღე თუ მეორე დღე“ დიდი ხანია ტრიალებს და გვახსოვს, 2020 წლის არჩევნების შემდეგაც ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, არ შედიოდა პარლამენტში პროტესტის ნიშნად, მაგრამ ნახეს, რომ ამ პროტესტს დასავლეთი არ აჰყვა, რადგან მათ არ დააფიქსირეს მნიშვნელოვანი გაყალბება. ბოლოს დათანხმდნენ შარლ მიშელის წინადადებას და შევიდნენ პარლამენტში. ასეთივე სქემა შეიძლება გათამაშდეს და ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდეს, მაგრამ მეეჭვება ამას რაიმე შედეგი ჰქონდეს.

„ოცნება“ მაქსიმალურად ეცდება, რომ არაფერი დააშავოს არჩევნებში, რადგან ლუპით უყურებს მთელი დასავლეთი და შეეცდება, რომ საკრიტიკო არაფერი ჰქონდეს. რაც შეეხება ქუჩაში გასულ ოპოზიციას, მას მოსახელობაც ნაკლებად დაუდგება გვერდით. ვხედავთ, მიტინგებში ხალხი სულ უფრო ნაკლები რაოდენობით ერთვება. შესაძლოა, მეორე დღეს ოპოზიცია გავიდეს ქუჩაში და უკმაყოფილების ტალღა გააღვიძონ, მაგრამ მეეჭვება მას რაიმე მოჰყვეს. გვაქვს 2020 წლის მაგალითი და ვნახეთ, რომ არაფერი მოჰყოლია მათ პროტესტს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ოპოზიცია გაცილებით ძლიერი იყო.