სამიტიდან, სამიტამდე - საქართველო ვაშინგტონის სამიტის მოლოდინშია

სამიტიდან, სამიტამდე - საქართველო ვაშინგტონის სამიტის მოლოდინშია

ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი, რომელიც ზაფხულში უნდა გაიმართოს. ეს არის საიუბილეო სამიტი, სადაც განხილული იქნება არა მხოლოდ ალიანსის საფრთხეები და გამოწვევები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე, რომელსაც აღიარებს ალიანსი. ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს საქართველოს სრულფასოვან წევრობას ალიანსში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვაშინგტონის სამიტი ჩვენთვის. პემიერის ვიზიტი და უმაღლესი დონის შეხვედრები მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს საქართველოს სრულფასოვან წევრობას ალიანსში. ამავე დროს, ორმხრივი შეხვედრების მიღმა ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დონეზე. სხდომაზე, ნატოში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, პრემიერთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, ნატოში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მიზანია ნატო-ში სრული ინტეგრაცია და ბოლო ათ წელში მიღწეული შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველო არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორია. როგორც ჩიქოვანი აცხადებს, ადამიანები, რომლებიც სვამდნენ კითხვას, არსებობს თუ არა რამე კითხვის ნიშანი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არ ისმენდნენ პასუხს და მხოლოდ საკუთარ კითხვებს აჟღერებდნენ.

„პასუხი მარტივია: ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით. ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვის ძალებს ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს. ზუსტად ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებით ის შედეგების საფუძველზე, რომლებიც იქნა მიღწეული ბოლო ათი წლის განმავლობაში, ალიანსის ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა და მონდომება ნამდვილად არის დადასტურებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თვითონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, საქართველო სამიტიდან-სამიტამდე არსებულ მოლოდინშია, რომ ალიანსი მიიღებს საქართველსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, თუმცა ყოველი სამიტი სრულდება ცნობილი ფრაზით - „ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის“.

საქართველო ისევ ვაშინგტონის სამიტის მოლოდინშია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა სახის გზავნილი გაკეთდება იმისათვის, რომ მომდევნო სამიტზე დადგეს საქართველოს გაწევრიანების საკითხი.

ექსპერტი საგარეო ურთიერთიბის საკითხებში თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ წინ არის ძალიან დიდი და სერიოზული სამუშაო, თუნდაც იმიტომ, რომ ვაშინგტონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზის გამო.

„ჯერ ერთი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა რაღაცა გარღვევა იყოს, არამედ იმიტომ, რომ წინა ორი სამიტი ჩვენთვის იყო უკუსვლა, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ის დოკუმენტები, რაც მიიღო ვილნიუსმა, ნამდვილად არ არის ის, რაც უნდა იყოს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. ამიტომ, ჩვენი, როგორც მინიმუმ, ამოცანა არის ის, რომ არსებული ხარვეზი აღმოვფხვრათ. გარდა ამისა, მადრიდში მოხდა პრეცედენტი, როდესაც ამდენი ხნის მერე მაპის გარეშე მოწვევა მიიღო ორმა ქვეყანამ - შევდეთმა და ფინეთმა. შემდეგ უკვე ვილნიუსში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინას აღარ დასჭირდება მაპი. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით საკითხი კვლავ განიხილება იმ პრიზმაში, რაც იყო მანამდე. ამიტომ, ჩვენი ამოცანა, მინიმუმ, არის ის, რომ გადავიდეთ სხვა ლიგაში და განხილულ ვიქნათ სხვა სიბრტყეში, რაც უფრო მეტად შეამცირებს გზას ინტეგრაციისკენ.

რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, ბევრი შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, სურვილი და ამოცანა არის სრულფასოვანი ინტეგრაცია, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო და სამუშაო არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ძალიან სერიოზული სამუშაო დედაქალაქებთან, წევრ სახელწმიფოებთან. წინ არის კიდევ რამდენიმე თვე, ვერ გეტყვით რა შედეგი დაიდება ივლისში, მაგრამ რაღაცა დრო არის იმისთვის, რომ პროგრამა მინიმუმი მაინც შევასრულოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.

მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს „ხალხის ძალის“ წევრს, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს, რომლის განცხადებით - „გაძლევენ, აიღე - გცემენ გაიქეცი“. ანალიტიკოსი მომხრეა იმისა, რომ საქართველომ ნებისმიერ პლატფორმაზე მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ეს იქნება დასავლეთის, აღმოსავლეთის, თუ სამხრეთის პლატფორმა და მათ შორის ჩრდილოეთის პლატფორმაც, ერთადერთ შემთხვევაში, რომ რუსეთმა უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში რეალურ მოლაპარაკებებს.

„ნატოს სამიტი იქნება, ევროკავშირის პლატფორმა თუ სხვა, საქართველომ ყველგან უნდა მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ჩრდილო ატლანტიკური მიმართულებით საქართველოს წევრობა დადგება დღის წესრიგში მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის იგივე ნატოს სტრუქტურებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ ჩვენი მსგავსი ქვეყნების საკუთარ ალიანსში გაწევრიანებას.

გასაგებია, რომ არსებობს პრეცედენტი ორი გერმანიის შემთხვევაში, მაგრამ არ მგონია, რომ ეს პრეცედენტი უნივერსალურ ხასიათს ატარებდეს და მაგალითად, საქართველოსთან მიმართებით იყოს ადვილად მისაღები და მით უმეტეს იმ დროს, როდესაც უკრაინისა და ნატოს ურთიერთობა ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმ ომისა, რასაც თვალს ვადევნებთ. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, სხვადასხვა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებში ჩვენმა საჯარისო ფორმირებებმა მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი საქართველოს გაწევრიანების კუთხით დიდ წინსვალას გასაგები მიზეზების გამო ვერ ხედავს. გარდა ამისა, მისი თქმით, თვითონ ნატოს მოლოდინი დაკავშირებულია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან, რადგან ყველასთვის ცნობილია ნატოს მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკული მოსაზრებები.

„ამიტომ, არ ვიჩქაროთ, არაფერზე არ ვთქვათ უარი. არც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე, არც ევროკავშირის წევრობაზე, არც ნატოსთან თანამშრომლობაზე, თუკი ეს ჩვენი ურთიერთობა არ აზიანებს და საფრთხის ქვეშ არ აყენებს ჩვენს საბაზისო ღირებულებებს, ფასეულობებს.

როგორც კი ვნახავთ, რომ ჩვენგან ითხოვენ ისეთი ტიპის კომპრომისების გაწევას ნებისმიერი მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რაც დააზიანებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ურთიერთობებზე ან უარი ვთქვათ, ან მნიშვნელოვანი კორექტირებები შევიტანოთ.

სანამ ეს ყველაფერი არ გვემუქრება, უნდა მივიღოთ შესაბამისი პრეფერენციები ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას რისკის ქვეშ არ დააყენებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, საქართველომ ნატოს მიერ დაწესებული ყველა სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს და არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიის კუთხით, თუნდაც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია იქნება მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი. ასე რომ, ანალიტიკოსს აქვს მოლოდინი იმისა, რომ ვაშინგტონის სამიტზეც გაკეთდება საქართველოსადმი მხარდაჭერის ჩანაწერი და ამით შემოიფარგლება პროცესი.

„საქართველოს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან ფუჭ მოლოდინებს არ თესავს და არ ამბობს, რომ აუცილებლად ამ სამიტზე თუ არა, შემდეგ სამიტზე წევრად მიგვიღებენ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ იქნება ძლიერი გზავნილები, თანამშრომლობის მეტი დემონსტრირება და ამის იქით აღარ მიდიან. იციან, ნატოში პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, პირველ რიგში, დგას უკარაინა.

თქვენ წარმოიდგინეთ, მიუნხენის კონფერენციაზე როდესაც პირდაპირ დაუსვა კითხვა შოლცს უკრაინელმა დეპუტატმა, იმან დელიკატურად გერმანული პასუხი გასცა და მიახვედრა, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის ნატოში მიღებაზე არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. მით უმეტეს საქართველოს მიღებაზე არ იქნება საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ლევკოთეა ეხლა ნატოზე საუბარი არის ოცნების წინასაარჩევნო თემა. თორემ, რა დროს ნატო და კატოა ეხლა. არც არავინ გველოდება და ამჟამად, არც ჩვენ გვაძლევს არაფერს მაპ-ი, თუ მაპ-ზე უფრო მაგარი მაპ-ი შარის გარდა.
2 თვის უკან