„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე მხოლოდ 5-6 წელიწადი“

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე მხოლოდ 5-6 წელიწადი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის ფონზე, საქართველომ მიიღო დასავლეთის ერთგვარი დაპირება, თუკი ქვეყანა მზად იქნება, რომ 2030 წლისთვის ყველა პირობა შეასრულოს, ევროკავშირი საქართველოს მის რიგებში მიიღებს. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ შეუძლებელია საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი რამდენიმე წელიწადში გახდეს, რადგან ამ პროცესს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე 6 წელიწადია.

ევროკომისარის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ძალიან მკაფიოა ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა. ამის შესახებ მან ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება. თუ საქართველო მზად იქნება 2030

წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ქართველი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები 2028 წლის წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება. მისივე შეფასებით, რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთი შესუსტდება და გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, თუმცა, ეს არ იქნება საქართველოსთვის იმის წინაპირობა, რომ ევროკავშირის რიგებში თავისი ადგილი დაიკავოს.

„ეს არის წმინდა წყლის დემაგოგიური განცხადებები და ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ემსახურება 2028 წლის წინასაარჩევნო კამპანიასაც. 2024 წლის არჩევნები როგორ გაივლის, შემდეგ იქნება საუბარი დანარჩენ წლებზე. შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა, ამის არავითარი ნიშანი არ ჩანს დღეს და არ მგონია, რომ 2030 წელს ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.

რუსეთი შესუსტდება რეგიონში და ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს. რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება ეკონომიკური სანქციები და ის უფრო და უფრო დაემსგავსება ირანს. ხალხი არ დაიწყებს შიმშილობით სიკვდილს, მაგრამ განვითარება აღარ იქნება. უამრავი პრობლემა შეექმნება და გაძვირდება ცხოვრება. დასავლეთი ეცდება აიძულოს რუსეთი გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც უკრაინიდან, ისე საქართველოს ტერიტორიიდან.

გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, შემოგვთავაზეს კანდიდატის სტატუსი ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას, არ ვიმსახურებდით, თუმცა, რუსეთის აგრესიამ აიძულა ევროკავშირი დაენახა რუსეთის რეალური სახე. მოგვიწევს გავიაროთ ყველა ის ეტაპი, რაც სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. უამრავი ნაბიჯია გადასადგმელი ქვეყნის შიგნით. ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს არა გეოპოლიტიკა, არამედ ქვეყნის შიგნით განხორციელებული რეფორმები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე მხოლოდ 5-6 წელიწადი. ანჯაფარიძე არ ელოდება, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება და ეს ფაქტი დე-ოკუპაციას გამოიწვევს.

„თვითონ ევროკავშირში არ არიან ჩამოყალიბებული ბოლომდე. მზაობა თითქოსდა არის, მაგრამ დეტალებზე მიდის საუბრები. რამდენიმე წელიწადში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არ ველოდები. რამდენიმე წელი დასჭირდათ იმ სახელმწიფოებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვინც ჩვენზე ადრე შეიტანა განაცხადი. თუმცა, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული გეოპოლიტიკური სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. გვახსოვს, სწორედ გეოპოლიტიკურმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელი არ არის, რომ რუსეთი ჩამოიშალოს, ერთიანი სახელმწიფო აღარ იყოს და ა.შ. თუ ასეთი პროცესი წავიდა, არ გამოვრიცხავ მსოფლიოს ძალიან სერიოზული კატაკლიზმები ელოდებოდეს. იმ იმედზე ყოფნა, რომ რუსეთი ჩამოიშლება და ამას მოჰყვება ჩვენთვის სასიკეთო პროცესები, თუნდაც საქართველოს დე-ოკუპაცია, ამ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია. თუმცა, აქ არის მეორე საფრთხე - თუ ისე მოხდა, რომ რუსეთმა უკრაინაში მარცხი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ იკვეთება, მოხდეს ისე, რომ რუსეთმა პირიქით, ოკუპირებულ რეგიონებზე დაიწყოს საკუთარი კონტროლის გამყარება, როგორც ამ მარცხის ერთგვარი კომპენსაცია“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.