„კობახიძე პრინციპული იყო თავის პოზიციებში, ბორელთან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, არ შესულა პოლემიკაში და მშვიდად ცდილობდა პოზიციის დაფიქსირებას“

„კობახიძე პრინციპული იყო თავის პოზიციებში, ბორელთან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, არ შესულა პოლემიკაში და მშვიდად ცდილობდა პოზიციის დაფიქსირებას“

ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში და გზავნილები, რომელიც პრემიერმა ევროპელ მაღალჩინოსნებს ჩაუტანა - უცვლელი პოლიტიკური კურსი ახალი რედაქტირებით.

ანალიტიკოსები for.ge-სთან კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ პრემიერის განცხადებები საკმაოდ მოზომილი და პრინციპული იყო. მათი თქმით, კობახიძე არ აპირებს საგარეო კურსის რადიკალურ ცვლილებას და ის პრინციპული ხაზი პარტნიორებთან გაგრძელდება, რაც საქრათველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას და ევოპისკენ სვლას გულისხმობს.

კობახიძის სამუშაო შეხვედრები

საკმაოდ დატვირთული იყო ირაკლი კობახიძის ვიზიტის პირველი დღე - მას შეხვედრები ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან. გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად. მანამდე კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სტატუსით პირველად დაესწრო ასოცირების საბჭოს სხდომას. დადებითი შეფასებები საქართველომ სხდომის შემდეგ გამოქვენებულ ერთობლივ განცხადებაში უკვე დოკუმენტურად მიიღო.

ევროკავშირი აღიარებს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, ხაზს უსვამს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. პოზიტიურად აფასებს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. მიესალმება ევროკავშირის მზაობას, შევიდეს ცვლილებები ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით. ასოცირების საბჭოს დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინაში, რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკი საქართველომ წარმატებით გადალახა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად.

გზავნილი თანამშრომლობის გაძლიერებაზე პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს უკვე NATO-ს გენერალური მდივნისგან მოისმინა. იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, ქვეყანას კი კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პირისპირ შეხვედრამდე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ალიანსის გენმდივანმა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ ფონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. თქვა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

NATO-მდე კი შეხვედრები ევროკავშირში, უმაღლეს პირებთან იყო. პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც შეხვდა. რობერტა მეცოლამ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერისთვის საპასუხო მადლობაც მიიღო. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის გაძლიერება, უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაციის პრობლემა - შეხვედრაზე მხარეებმა ყველა საკითხზე ისაუბრეს.

ძველი პოლიტიკური კურსი ახალი რედაქტირებით

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნებისმიერი სიახლე, რაც საკადრო ცვლილებებს ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებში ინტერესს იწვევს. შესაბამისად, საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ეთქვა - გააგრძელებდა ძველი კურსით საქართველოს პოლიტიკას თუ რაიმე შეიცვლებოდა.

„ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი, რა თქმა უნდა, ბრიუსელში უნდა ყოფილიყო, რადგანაც საქართველოს ახლა ევროპისკენ სწრაფი ნაბიჯებით სვლას განაგრძობს. ამიტომაც ახალი პრემიერი, ალბათ, ყველაზე მეტად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აინტერესებდათ. კობახიძემ კი ბრიუსელში ჩასვლით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მისი პრემიერობის პერიოდში საგარეო ასპარეზზე პოლიტიკურ სვლას ძველი კურსით გააგრძელებს. არ იქნება პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის კონტექსტში, დახმარებასთან მიმართებაში და ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით არაფერი გადაიხედება.

კობახიძე საკმაოდ მოზომილი, გაწონასწორებული, არახისტი, მაგრამ ძალიან პრინციპული იყო თავის პოზიციებში. ხსნიდა მიზეზებს, რის გამოც არ მოხდება რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ის ბორელთან, მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, რიგ საკითხებთან მიმართებაში, არ შესულა პოლემიკაში და მშვიდად ცდილობდა პოზიციის დაფიქსირებას“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა პრემიერი ღარიბაშვილი უკვე იყო ბრიუსელში და გააცნო ქართული პოლიტიკა პარტნიორებს, ახალმა დანიშნულმა იგივე უნდა გააკეთოს. უთხრას პარტნიორებს, რომ მოცემულ პოლიტიკურ კურსში სიახლე არ შეაქვს.

„კობახიძე ჩავიდა და რაც მან ბრიფინგზე განაცხადა, იყო იმ პოლიტიკის გამეორება, რასაც საუბრობდა ღარიბაშვილი. აქ რაიმე ცვლილება არ ყოფილა. ეს იყო ძველი პოლიტიკური კურსის ახალი რედაქტირება. უკეთესი იქნებოდა თუ არა რომ ირაკლი კობახიძეს ძველ პოლიტიკურ კურსში რაიმე სიახლის შტრიხები შეეტანა? - არა, რადგან წინა პოლიტიკურმა კურსმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოუტანა. გამოდის, რომ ეს კურსი პარტნიორებთან ურთიერთობაში ამართლებს. ამიტომ არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ კობახიძე სხვაგვარ განცხადებებს გააკეთებს. ვნახეთ, რომ ღარიბაშვილის სიხისტემ პარტნიორებთან უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე, როგორც ოპოზიცია ამბობდა, „ცალფეხზე დგომამ“. როცა ქვეყანა საკითხებს უფრო პრინციპულად აყენებს, უფრო პატივისცემით ეპყრობიან. ამიტომ კობახიძე მართალია ძალიან გაწონასწორებული პრემიერია და ზედმეტს არ ამბობს, რაც საჭირო არაა, მაგრამ ის თავის განცხადებებში საკმაოდ პრინციპულია“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ გამოცდილი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძე, ევროპულ და ევროატლანტიკური საკითხებისგან შორს არასდროს ყოფილა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კობახიძე ევროპის დედაქალაქებში არ არის უცნობი პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ პრემიერისთვის ევროპელი ლიდერებიც უცხოები არ ყოფილან.

„ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს ურყევი პოლიტიკური კურსი, ეს არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც თავად ამ პარტიამ კონსტიტუციაში დააფიქსირა. ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არც კი გაუკეთებია 9-წლიანი მმართველობის დროს. ასე რომ, კობახიძეს აქვს თავისი სტილი, ხოლო პოლიტიკური კურსი არის იგივე. ის შეფასებები და განცხადებები, რაც ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ, საკმაოდ იმედის მომცემია.

ასე ვთქვათ, საქართველო, რომელიც ბრიუსელის საშინაო დავალებებს ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ დესტრუქციული ძალა ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა, ჩვენ მივალთ იმ ზღვრამდე, როდესაც უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების რაუნდი გაიხსნება. საქართვეელო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ასე რომ, ის დეზინფორმაცია, მანიპულაცია, თითქოს სადღაც რუსეთისკენ გადავუხვიეთ, „რუსული ოცნება“ - ყოველ ჯერზე ბათილდება მათი პროპაგანდა, იმ ობიექტური შეფასებებით, რაც ჩვენ გვესმის დასავლეთიდან. სწორედ, ეს გზავნილები მიიღო კობახიძემ და პასუხიც შესაბამისი გასცა - ჩვენი ხელისუფელბა მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას ევროპულ ოჯახში საბოლოოდ გააერთიანებს“, - ამბობს აბაშიძე.

 

ლევკოთეა ისე, როგორც მახსოვს, სააკაშვილმა, პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში გააკეთა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. ბატონს ეახლა და მადლობა გადაუხადა გაპრეზიდენტებისთვის.
2 თვის უკან