„ასეთი ბეცი როგორ უნდა იყო, ქართველების მოძულე ნავალნისთან თავი გააიგივო და იმედი გქონდეს, ქართველები ამაში მხარს დაგიჭერენ“

„ასეთი ბეცი როგორ უნდა იყო, ქართველების მოძულე ნავალნისთან თავი გააიგივო და იმედი გქონდეს, ქართველები ამაში მხარს დაგიჭერენ“

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და მიხეილ სააკაშვილის მდგომარებას შორის ტოლობის ნიშანი დასვას. კვლავ არ ცხრება მათი მხრიდან სპეკულაცია იმაზე, რომ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს და სააკაშვილის მკვლელობის რისკი გაზრდილია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მსგავსი შედარებაც კი აბსურდია და ეს, ალბათ, ნავალნის ოჯახს და თავად გარდაცვლილ ოპოზიციონერ ლიდერს შეურაცხყოფს. ამასთან, მმართველ გუნდში ცუდი მოლოდინი აქვთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობასთან დაკავშირებით და არ გამორიცხავენ, რომ მან სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის რისკი გაზარდა და პარალელი გაავლო ნავალნის სიცოცხლის ბოლო დღეებსა და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობასთან. მისი თქმით, სიკვდილამდე ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა გამბედაობა გამოიჩინოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რათა საქართველო რეალური საფრთხისგან იხსნას.

„სააკაშვილი ხან კვდება, ხან არ კვდება, გვირილაზეა დამოკიდებული? ალბათ, ფანჯარა რომ გამოუღო, ბეტმენი იქნება და გადაუფრენს მთელ საქართველოს, როგორც უყვარდა ხოლმე“, - ამბობს „ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია და ფიქრობს, ეს შედარება, ალბათ, რუსი ოპოზიციონერის ოჯახს არ მოეწონებოდა.

რაც შეეხება ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას, ოდიშარია ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ხალხის რისხვა არ ასცდება და მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, აბსოლუტურად განულდება.

ოდიშარიასგან განსხვავებით „ცუდი მოლოდინები“ აქვს მმართველი გუნდის წევრს მიხეილ სარჯველაძეს. კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა პრეზიდენტი და შეიწყალებს თუ არა ის სააკაშვილს, სარჯველაძე პასუხობს:

„სამწუხაროდ, მე ცუდი მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, მის მიერ გაკეთებული განცხადების - „არა და არასდროს“ - რაღაც ეტაპზე, შეცვლა მოუწევს. გამორიცხული არ არის, სახის შენარჩუნებისთვის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს, ღმერთმა ქნას მეშლებოდეს“, - ამბობს სარჯველაძე.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნაციონალების მიერ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების თემა ყურით მოთრეულია, რომელიც სურთ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ. ქართველიშვილი ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც სადღაც, რუსეთში, გადაკარგულში გარდაცვლილ ოპოზიციონერს და თბილისში ოროთახიან „დუპლექსში“ წამოწოლილ სააკაშვილს ერთმანეთს ადარებენ.

„გვახსოვს არა ერთი მცდელობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავად გაესაღებინათ. ნიკა გვარამია ყოველდღიურ რეჟიმში გვამცნობდა, რომ დღეს თუ ხვალ სააკაშვილი შესაძლოა გარდაცვლილიყო. მერე ვნახეთ რეზოლუციები, დასავლეთის ჩართულობა და ყურადღება მისი ჯანმრთელობის მიმართ, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველას ერთად ატყუებდა. ეს კაცი არის საუკეთესო სიმულანტი. ახლა დაინახეს ნავალნის თემა შესაძლოა კარგად გაიყიდოს, ამიტომ დაიწყეს ამ თემის დატესტვა. ნუ, ხომ წარმოუდგენელია, ჯერ დადგენილი არ არის ეს კაცი რით მოკვდა და ესენი უკვე ახალ სცენარს იგონებენ, რომ როგორმე სააკაშვილთან პარალელი გაავლონ.

არადა, კაცი პოლიტიკაში ჩაერთო, სასამართლოზე უკვე წინასაარჩევნო განცხადებებით გამოდის, იდეებს სთავაზობს ოპოზიციას და ლიდერება უნდა. ამ დროს კი, უცბად, გამოჩნდა ნავალნის თემა და სააკაშვილის საკითხი ისევ ხელახლა შემოატრიალეს. მინდა ნაციონალებს ვუთხრა, რომ ნავალნი, რომელიც ქართველების დახოცვისკენ მოუწოდებდა 2008 წელს პუტინს და „მღრნელებლად“ მოგვიხსენიებდა, ასეთ ადამიანთან სააკაშვილის შედარება, ჩვენი საზოგადოების თვალში მათვე აზიანებს. პოლიტიკურად ასეთი ბეცი როგორ უნდა იყო, რომ ნავალნის, რომელსაც ქართველები სძულდა და ვითომ ბოლოს ბოდიშს იხდიდა, მასთან თავი გააიგივო და იმედი გქონდეს, ქართველები ამაში მხარს დაგიჭერენ“, - ამბობს ქართველიშვილი.

ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, რაც სააკაშვილი დაკავებულია, მანაც და მისმა გარემოცვამაც არაერთი პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ნავალნის თემაც სულ რაღაც რამდენიმე დღეს გასტანს და ისიც ამოეწურებათ.

„უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამ ხალხმა რა ტიპის პროვოკაციებს აღარ მიმართა. ეს რესურსი ამოიწურა. ისინი მართლა ცვილის ფიგურებს წარმოადგენენ „მადამ ტუსოს“ ცნობილი მოძრაობიდან. მადამ ტუსოს როლში კი სურთ სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანონ. ახალი სამუზეუმო ექსპონატები რაღაცა საფანჩატუროს შექმნას ცდილობენ. მათ არ აქვთ პოტენციალი და ამ ნავალნის თემასაც ძალიან მოკლე მოქმედებიანი სცენარი აქვს. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, როგორც ეს მოხდა გონჩარენკოს, სავჩენკოს, პრიგოჟინის, არესტოვიჩის და სხვა მსგავსი ოდიოზური ფიგურების სიტუაციურ მოაკვშირეებად წარმოჩენის პერიოდში“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, გადადგამს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებისკენ ნაბიჯს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ის ბოლომდე ამ ნაბიჯზე არ წავა. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ნავალნის გარდაცვალებას სააკაშვილის შეწყალებაზე მანიპულირებისთვის გამოიყენებენ.

„კარგი მასალა მიეცა ენმ-ს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი ლობისტები აამუშაონ. მათაც დაიწყონ ინტენსიური საუბრები იმაზე, რომ პუტინმა მოკლა ნავალნი და შემდეგი შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი იყოს. თუმცა საუბარი ერთია და შედეგი მეორე. ეს იქნება მოკლევადიანზე გათვლილი ეფექტი, რადგან ყველას შეუძლია ნახოს, რა პირობებში იმყოფებოდა ნავალნი, რომელიც ფოტოების სახით უკვე გამოქვეყნებულია და ასევე ნახონ რა პირობებშია სააკაშვილი. ენმ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს და ეცდება, რომ სადამდეც გაუავათ, იქამდე ილაპარაკონ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის ბოლომდე ამ ნაბიჯზე არ წავა. რასაც ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ ის ამ თემას ძალიან ფრთხილად უყურებს. პრეზიდენტი ათვიცნობიერებს იმ რისკებს, რაც სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მის პოლიტიკურ იმიჯს ქვეყნის შიგნით დაემუქრება. შესაძლოა, ეს ქვეყნის გარეთ გაყიდოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ამას ძალიან დიდი უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება. ის ამით პოლიტიკურ გაბანკროტებაზე წავა, რაც ნაციოანლების გამო რამდენად უღირს საკითხავია“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ამ შეწყალებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა შეწყალება რაღაცით უნდა გაამართლოს და ამისთვის ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს.

„სააკაშვილის სიმულანტობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკვე გამოაშკარავდა. სააკაშვილზე საქმეებიც ისევ მიდის და მისი ხელმეორედ ციხეში შებრუნებაც ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია. ზურაბიშვილს მოქმედების დიდი არჩევანი არა აქვს, თუმცა პრეზიდენტი დიდი ხანია საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ამიტომ მისი გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სახის დავალებებს მიიღებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

 

ლაზი ეს საავადმყოფოს პალატაა თუ შანხაის ოპიუმის სარდაფი?
2 თვის უკან
დეა ხო რა წაიღეს ამ ნავალნით გული. გავიგეთ, ცოდოა, საშინელებაა ასე მკვლელობა, მაგრამ მიშა რა შუაშია? კაცი ბავშვს აკეთებს ციხეში და ნავალნიო. ამათ ხალხი დებილი ჰგონიათ.
2 თვის უკან