"არჩევნების მეორე დღეს მისი და უგულავას გამგზავრება ჰგავდა გაქცევას, ვინაიდან მე კარგად ვიცნობ პროტოკოლს, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, რომ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ისე წავიდეს, წინასწარ, სულ ცოტა მისმა პრესსამსახურმა არ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, სად მიემგზავრება პრეზიდენტი. აქ აკრედიტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა ამ ნაბიჯს ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს - მათ ეგონათ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა - ეს ხომ არსად მიღებული არ არის, პრეზიდენტი ფაქტობრივად გაიპარა ქვეყნიდან. ჩვენ კი შევეჩვიეთ ყველაფერს სააკაშვილის ხელში, მაგრამ მთავარსარდლის ასეთი გასვლა ქვეყნიდან ნებისმიერ სახელმწიფოში დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა", - აცხადებს კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა დოკუმენტებზე ხელმოსაწერად წავიდნენ სააკაშვილი და უგულავა ევროპაში?
"ჩემთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ სააკაშვილი დიდი ხანია ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რომ არ დაიჭირონ. მან ამაში ჩართო ყველა ის კონტაქტი, რომელიც კი აქვს ევროპაში თუ აშშ-ში. დანარჩენებზე კი ზრუნავს იმდენად, რამდენადაც ესეც იმას ემსახურება, რომ თვითონ გადარჩეს. სააკაშვილი არასდროს შეიწუხებს თავს იმისთვის, რომ კეზერაშვილს, ადეიშვილს ან ვინმე სხვას დახმარება გაუწიოს, რადგან პათოლოგიურად ეგოცენტრული ადამიანია. მისი გარემოცვიდან პირველად გაისმა ხმები, რომ ინაუგურაციის შემდეგ ის აშშ-ში იცხოვრებს - ეს უკვე დაიბეჭდა უცხოურ პრესაში. ვხედავთ, "ევროპის სახალხო პარტიისგან" რა გზავნილებიც ისმის - პარაფირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერება, მაგრამ თუკი სააკაშვილს ხელს ახლებთ მერე უკვე შეგექმნებათ პრობლემები, ვინაიდან ასოცირებისა და ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოწერებაო. პირდაპირ ქვეყნდება სტატიები, რომ სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს, ვინაიდან აღარ ექნება დასავლეთის მხარდაჭერა. "არა ჩვენ იმაზე კი არ გელაპარაკებით, რომ დამნაშავე არ დაიჭიროთ", შემდეგ ამბობენ, "მაგრამ მაინც ცუდი იქნება თუ სააკაშვილს დაიჭერენ". ამას აკეთებენ მხოლოდ ლობისტური ჯგუფები და "ევროპის სახალხო პარტია" ასევე აშშ-ში სენატში მხოლოდ "რესპუბლიკური პარტიის" წიაღში სენატორების მცირე ჯგუფი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სააკაშვილის გუნდის დიდი ნაწილი, - გვარებს, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ოცნებობს იმაზე, რომ სააკაშვილი დაიჭირონ. ან სულ ცოტა, საზღვარგარეთ წავიდეს და არ იყოს საქართველოში. ეს ის ხალხია, ვინც წლების განმავლობაში ჩემს თვალწინ ეძახდა მიშას გიჟს და გადარეულს. სააკაშვილი მათთვის არის სირცხვილი და მუდმივი თავისტკივილი. თქვენ რა გგონიათ, ვინმეს უხაროდა სპორტის სასახლეში ჯდომა სააკაშვილის ფონზე? ის ყრილობა ნორმალური ადამიანისთვის იყო შიზოფრენიული კოშმარი. რაკიღა სააკაშვილმა იცის თავისი თანაგუნდელების დამოკიდებულება და მათი ოცნებები, ბუნებრივია, შიშისთვის უფრო მეტი მიზეზი აქვს. ვთქვათ და დაიჭირეს სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები ხომ შესანიშნავ პოზიციაში არიან? ევროპას ეტყვიან, "ხედავთ, რა დღეში ვართ, ჩვენი რეფორმატორი გენმდივანი ციხეშია, აი, სადამდე ავიდა კრემლის დევნა ივანიშვილის ხელით, ჩვენ კი მაგრად ვდგევართ და ვიბვძვით ქვეყნის განვითარებისთვისო" - ზუსტად ამ ტექსტებით გამოვლენ "ნაციონალები" და გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან და ამოისუნთქავენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მოდის ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ევროპაში მოპარული ფულის საიმედოდ დასაბინავებლად წავიდა. სააკაშვილს პრეზიდენტის სტატუსი ორ კვირაში მოეხსნება, იქნება რიგითი მოქალაქე და ბუნებრივია, დიდია ალბათობა, რომ რომელიმე მისი თანაგუნდელი ან პარტნიორი მოპარული ფულის საკითხში აღარ დაემორჩილოს, ამ დროს უკვე თანხის დაკარგვის საფრთხე დიდია. ამიტომ ბუნებრივია, მეტი გარანტიები ექნება, თუკი თავის სახელზე გადმოიტანს ანგარიშებს. მას იმუნიტეტი აღარ ექნება ძალიან მალე და თან იცის გუნდში განწყობა მის მიმართ. ინაუგურაციამდე მას აქვს სრული იმუნიტეტი და ვერავინ ახლებს ხელს, ამიტომ საქართველოში მისი დაბრუნება სულაც არ არის გამორიცხული, იყვირებს, - არსადაც არ გავქცეულვარ, ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ და ა.შ. ძალიან კარგად ვიცნობ მას და არ გამოვრიცხავ ინაუგურაციიდან მცირე დროში ფორმალურად ძალიან ლამაზი და საქმიანი მიზეზით გაემგზავროს საქართველოდან და აშშ-ში იცხოვროს", - დასძენს მამრაძე.