ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ის 24 ნოემბერს პრემიერის თანამდებობას დატოვებს და სამოქალაქო სექტორში გადავა, კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ეჭვობს, იქნება თუ არა ეფექტური მთავრობა ივანიშვილის გარეშე, ნაწილი კი ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. თუმცა საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები სვამენ მთავარ კითხვას - ხომ არ ჯობდა, რომ ივანიშვილს ბოლომდე მიეყვანა საქმე, კერძოდ, თანამდებობაზე დარჩენილიყო მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა?
ამ კითხვას პრემიერს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე უსვამენ. პასუხი კი ყოველთვის ერთია - ივანიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უფრო მეტს გააკეთებს სახელმწიფოსთვის. "კი არ მივდივარ, მოვდივარო", - თქვა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პრემიერმა.
სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთივე კითხვას უსვამდნენ ივანიშვილს მაშინ, როდესაც თავისი ბიზნესკომპანიების უშუალო ხელმძღვანელობას (მენეჯერობას) ჩამოშორდა და დროის დიდ ნაწილს ჭორვილაში ატარებდა. ალბათ, ეკითხებოდნენ - იქნებიან თუ არა ეს კომპანიები უშენოდ წარმატებულებიო. ამაზე პასუხი უკვე მივიღეთ - ივანიშვილის ბიზნესკომპანიები არ გაკოტრებულან. ალბათ, ზოგჯერ გარკვეული რყევები იქნებოდა, მაგრამ ასეთი ვითარებისას ივანიშვილს, როგორც დამფუძნებელს, ნებისმიერ დროს შეეძლო საქმეში ჩარეულიყო და სიტუაცია დაელაგებინა.
საერთოდ, მენეჯმენტი (ბიზნესკომპანია იქნება თუ სახელმწიფო უწყება) დიდ რუტინასთანაა დაკავშირებული. აპრობირებული მეთოდია, რომ, მაგალითად, ბიზნესკომპანიის დამფუძნებელი უშუალოდ კი არ ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, არამედ ნიშნავს დირექტორს, თავად კი, ზემოხსენებულ რუტინას ჩამოშორებული, ახალ კონცეფციებსა და იდეებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული პირი ყოველთვის საქმის კურსშია, თუ რა ხდება თავის დაფუძნებულ კომპანიაში.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესგამოცდილება და მართვის მეთოდები სახელმწიფო მოხელეობას რომ მოარგო, ამის შესახებ ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ. მან თავისი კომპანიების ტოპმენეჯერებს მთავრობაში საკვანძო პოსტები ჩააბარა (ღარიბაშვილი, სერგეენკო, კვირიკაშვილი და ა.შ.). ასევე, შესაძლოა, ივანიშვილს ზოგჯერ არ სცოდნოდა, რომელმა პოლიტიკურმა ფიგურამ რა განცხადება გააკეთა, მაგრამ ზუსტად იცოდა, მაგალითად, რამდენი კილოგრამი ყურძენი ჩაიბარა სახელმწიფომ სოფელ მირზაანში. ასევე, ივანიშვილმა რამდენჯერმე გადადო ფორმალური უცხოური ვიზიტები (რომლებიც ალბათ, მას, როგორც ბიზნესმენს, დროის ფუჭ კარგვად მიაჩნია) იმ მოტივით, რომ ქვეყნის შიგნით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იყო მოსაგვარებელი. მთავრობის სხდომები კი, ასევე ექსპერტების შეფასებით, უფრო რომელიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს თათბირს ჰგავდა - იყო ბევრი კონკრეტიკა, ციფრები და ფაქტობრივად, არ იყო ზოგადპოლიტიკური ლაი-ლაი.
ამ ფონზე უკვე აღარ არის უცნაური ივანიშვილის გადაწყვეტილება თანამდებობიდან (პირობითად, დირექტორობიდან) წასვლის შესახებ და არც მისი განცხადებაა ბუნდოვანი - თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უფრო მეტს გავაკეთებო. ალბათ, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუტინულ მენეჯერობას ჩამოშორებულს, უფრო მეტი დრო ექნება, რომ მთავარ ბიზნესპროექტ "საქართველოზე" იფიქროს და სტრატეგიები დაამუშაოს.
თუმცა, როგორც წესი, "დამფუძნებელი" ჩრდილში ისე არ მიდის ხოლმე, რომ სტაბილურობის წინაპირობები არ შექმნას. თუ ბიზნესის ენით ვისაუბრებთ, ივანიშვილმა დატოვა "სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე" (პოლიტიკურ ენაზე - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი) და დატოვებს "დირექტორსაც" (პრემიერს). პრემიერი დიდი ალბათობით ივანიშვილის ყოფილი ტოპმენეჯერი იქნება, რომელსაც ის ენდობა და მის ეფექტურობაშია დარწმუნებული.
ბიზნესპროექტ "საქართველოს" (თავისი თანადაფინანსებით თუ სოფლის მეურნეობის ფონდებიანად) განხორციელებისას, წამყვან როლს კვლავ ივანიშვილი შეასრულებს. როგორც კომპანიის მენეჯმენტისთვის დამფუძნებლის სიტყვაა გადამწყვეტი, ისევე, ახალი მთავრობისთვის ყოფილი პრემიერის პოზიცია უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ მაგალითად, მთავრობა და ახალი
პრემიერი ივანიშვილის რჩევა-რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ და ძალიან "გაუტევენ", აბა გამოიცანით, ამ დაპირისპირებაში ვინ ვის აჯობებს - რეიტინგული, უზარმაზარი რესურსების მქონე ივანიშვილი თუ მთავრობა? დიახ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც იმ შემთხვევაში - კომპანიის მენეჯმენტი თავის დამფუძნებელს რომ დაუპირისპირდეს: ზოგიერთი სამსახურს დაკარგავს, იქნება გარკვეული რყევები და შემდეგ ცხოვრება გაგრძელდება.