,,ვფიქრობ, სააკაშვილი საკმაოდ მდიდარი ადამიანია იმისათვის, რომ, თუ საჭირო გახდება, მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციაც გადაიხადოს!’‘

,,ვფიქრობ, სააკაშვილი საკმაოდ მდიდარი ადამიანია იმისათვის, რომ, თუ საჭირო გახდება, მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციაც გადაიხადოს!’‘

რა მექანიზმებით შეასრულებს გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკურ დაპირებებს და სააკაშვილის კანონდარღვევის რა ფაქტებს ელოდება გია ხუხაშვილი

ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ამოცანა ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდაა. პრიორიტეტები კი ასე გამოიყურება: სტაბილური გარემოს შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის ზრდა, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ინტენსიურად მონაწილეობა. საინტერესოა, როგორ და რა მექანიზმებით აპირებს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ ეკონომიკური დაპირებების შესრულებას, რომელიც მის წინასაარჩევნო პროგრამაშია ასახული? ახალი კონსტიტუციით, ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი კი არა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება, რომლის ვინაობასაც მიმდინარე კვირის ბოლოს შევიტყობთ. გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანური ინტელექტი და განათლების სისტემის რეფორმირებაა. თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა ვერ დაეფუძნება მხოლოდ ამოწურვად რესურსებს. ბუნებრივ რესურსებს ცოდნით უფრო ეფექტურად მოვიხმართ, ვიდრე ცოდნის გარეშე, _ ასეთი იყო ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ძირითადი დაპირება. მეტიც, ახალი პრეზიდენტი ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას აპირებს, რისთვისაც შეღავათიანი სესხებისა და ბიზნესინკუბატორის პროგრამები შეიქმნება. ქვეყნის მთავარ, უმუშევრობის პრობლემას მარგველაშვილი ახალი სამუშაო ადგილების შექმნით მოაგვარებს, თუმცა საარჩევნო პროგრამაში განმარტებული არ არის, როგორ და რა მექანიზმებით შეიძლება, ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრა. რაც შეეხება ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემას _ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის საკითხს, პროგრამის მიხედვით ირკვევა, რომ გამოსავალი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაში კი არა, გლეხებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაშია. როგორ შეასრულებს გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკურ დაპირებებს, ,,ვერსიას’‘ ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ახალი კონსტიტუციით, ეკონომიკური პოლიტიკა მთავრობის კომპეტენციაა და ეს რეფორმა დაწყებულია. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტს თავისი პროგრამა აქვს, მთავრობას _ თავისი, რადგან პრეზიდენტი და მთავრობა ერთი გუნდის წევრები არიან და ამ მხრივ, სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. მთავარია, სწორი ინსტიტუციური მიდგომა ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომლის საფუძველთა საფუძველი ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. ამ მიზნით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ეფექტურად უნდა ამუშავდეს და საინვესტიციო გარემოსთან მიმართებაში, პოლიტიკური რისკებიც აღარ უნდა არსებობდეს. პრიორიტეტები განსაზღვრულია და ეს არის საწარმოო სექტორის, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ასე შემდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინვესტიციო ბუმს დამატებითი ღირებულების შექმნა შეუძლია, რაც საბოლოოდ, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ეს კი იმ ფონდების საშუალებით მოხერხდება, რომელთა ფორმირება უკვე დასრულდა. მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ გარკვეულწილად, ეკონომიკურ სეგმენტში ხელ-ფეხი ეხსნება, რათა უფრო აქტიური იყოს, ვიდრე აქამდე. დღეს ბიძინა ივანიშვილის სტატუსი საშუალებას არ იძლევა, ეკონომიკურ სეგმენტში თავისუფლად იმოქმედოს, თუმცა მალე მიეცემა ამის შესაძლებლობა და, მერწმუნეთ, ეს მთავარი ფაქტორი გახდება იმ ეკონომიკური რეფორმებისა თუ წინსვლის უზრუნველსაყოფად, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარი გამოწვევა ეკონომიკაშია და, ვფიქრობ, ხელ-ფეხგახსნილი ბიძინა ივანიშვილი ბევრად აქტიური იქნება. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტს ყველა ,,კოზირი’‘ აქვს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წარმატებული იყოს და ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადავლახოთ, რაც ჯერ კიდევ არის ქვეყანაში.

- ბატონო გია, მარგველაშვილის ეკონომიკური პროგრამის მთავარი მიმართულება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ექსპორტის ხელშეწყობა და ადგილობრივი პროდუქციის წახალისებაა. როგორ აპირებს ამის განხორციელებას პრეზიდენტი?
- ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვულია. იმისთვის, რომ ქვეყანას საექსპორტო პოტენციალი გააჩნდეს, ადგილობრივი, კონკურენტული წარმოება უნდა შეიქმნას. ადგილობრივი წარმოება რომ შეიქმნას, საშუალო და მცირე ბიზნესი უნდა განვითარდეს, რასაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სჭირდება, რათა დიდმა კორპორაციებმა ეკონომიკური სივრცის მონოპოლიზიება ვერ შეძლონ. ზოგადად, კონკურენციის შეზღუდვა ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის, ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს არა მხოლოდ სხვადასხვა მოთამაშეებს შორის ჰორიზონტალში, არამედ _ ვერტიკალშიც, რათა მცირე და საშუალო ბიზნესმენი დიდი კორპორაციებისთვის იოლ მსხვერპლად არ იქცეს. ეს ყველაფერი ჩადებულია ახალი პრეზიდენტის პროგრამაში, ამ იდეას ატარებს საქართველოს მთავრობაც და მათი თანამშრომლობით, მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ამ მხრივ, სერიოზული როლს თანაინვესტირების ფონდი ასრულებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ეს ფონდი სერიოზული მოთამაშე და ინვესტორი იქნება ქართულ ბაზარზე, არამედ ეკონომიკური განვითარების კონკრეტული თანამონაწილეც გახდება. საკუთარი ფულის ინვესტირება ყველაზე სწორი გარანტიაა ნებისმიერი, პოტენციური ინვესტორისთვის. რაც მთავარია, ახლო პერიოდში პოლიტიკური აქტივობა მოსალოდნელი არ არის. მოგეხსენებათ, ბიზნესს გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა სჭირდება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად გაჩნდა. ნაციონალური მოძრაობა ბევრს ვეღარაფერს გააფუჭებს და ვერც ისტერიული რიტორიკით დააშავებს რამეს. შესაბამისად, ინვესტორებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები უკვე მოხსნილია.

- ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი ძალის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, უცხოელ ინვესტორებს ან თუნდაც ადგილობრივ ბიზნესმენებს არასტაბილურობის შეგრძნება აღარ ექნებათ?
- საპრეზიდენტო არჩევნებმა იმის განცდა შექმნა, რომ საქართველოში ფულის ჩადება შეიძლება და ინვესტიციაც დაცული იქნება. დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკური ტერმინი არ არის. თავისთავად, დემოკრატია ეკონომიკაზეც ირიბად აისახება, რადგან რა ურთიერთობებიცაა პოლიტიკაში, იგივე ურთიერთობებია ეკონომიკაში. პრინციპში, ეკონომიკასაც ისევე სჭირდება დემოკრატია, როგორც პოლიტიკას. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური დემოკრატია სწორედ კონკურენტული გარემო და ანტიმონოპოლიური რეგულირებაა.

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მარგველაშვილი ხაზგასმით აცხადებდა, რომ უმუშევრობის პრობლემას ახალი სამუშაო ადგილების შექმნით გადაჭრიდა, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია. როგორ აპირებს პრეზიდენტი ამ პრობლემის მოგვარებას?
- სამუშაო ადგილების შექმნა დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. სამუშაო ადგილებს ხელისუფლება კი არა, ბიზნესი ქმნის, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა ხელოვნურად შექმნილი, ვირტუალური დასაქმება, რასაც წინა ხელისუფლება არჩევნების წინ მიმართავდა.

-პრეზიდენტის ფონდში გიორგი მარგველაშვილს 10 მილიონი ლარიდან მხოლოდ 5 000 ლარი დახვდება, ამას სერიოზული პრობლემა არ მოჰყვება?
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილი ამ ფულს მიზნობრივად არ იყენებდა, რაც მეორე უბედურება იყო. რას ვიზამთ, ასეთია ეს ადამიანი, ასე მოქმედებდა და ცხოვრობდა, ბოლო დროს კი, აშკარად, მოსწრებაზეა. მართალია, კბილები უკვე მოუცვდა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ბევრი რამის გაფუჭებას შეეცდება. ასეთია რეალობა, მაგრამ ამ თემის დრამატიზება საჭირო არ არის, რადგან, ღმერთმა არ ქნას და, თუ ექსტრემალურ ვითარებაში ფულის დახარჯვის აუცილებლობა დადგება, ვფიქრობ, სხვა ფონდებიც არსებობს, საიდანაც პრობლემას დავძლევთ. სააკაშვილის უსაქციელობა მალე ისტორიას ჩაბარდება და, შესაძლოა, გარკვეული პასუხიც მოვთხოვოთ ამის გამო. მისი აღვირახსნილი მადა წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევდა, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, როდესაც საშუალება გვექნება, ღრმად ჩავიხედოთ, რას და როგორ ხარჯავდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, წასვლის წინ, ისტერიულად, 2 000 თურქს რომ მოქალაქეობა მიანიჭა! ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინი ჩვენი ძმები არიან, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგას. რა ვქნათ, ცოტა ხანს კიდევ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება, ქონება დავუთვალოთ კიდეც. ვფიქრობ, სააკაშვილი საკმაოდ მდიდარი ადამიანია იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდება, მის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციაც გადაიხადოს. თითქოს, ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ამგვარი ტყუილების ასაკენკი კბილები უკვე მოცვლილი გვაქვს.