"დავით ბაქრაძის შედეგები კატასტროფულია პარტიისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში სამუდამოდ დარჩენას წინასწარმეტყველებდა"

კარნეგის ცენტრის ექსპერტი თომას დე ვაალი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. სტატიაში ”საქართველო: რა მიმართულებით წავა "ნაციონალური მოძრაობა"?" ავტორი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა ბაქრაძის ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს.

"საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან ლოგიკურად დასრულდა. ფავორიტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

საგაზეთო სათაურების ნაწილში დაჟინებით ფიგურირებდა ამომრჩეველთა პასიურობა (46%), რაც არსებითად არის დემოკრატიული პროცესისათვის განკუთვნილი ერთგვარი გაუკუღმართებული კომპლიმენტი და გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ცნობიერებაში ეს არჩევნები არ იყო სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენა. ამით კი მოქალაქეებმა მიაღწიეს დასავლური ყაიდის აპათიას. მატ რაიდმას (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი) განცხადებით: "გუშინ ჩვენ გავხდით არსებითად ევროპული არჩევნების მოწმენი".

არჩევნების წინა დღეებში ძირითადად ბჭობდნენ ერთ საკითხზე: ვინ გავა მეორე ადგილზე?

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოდნავ დაგვიანებული ხალისი შეიტანა თავისი ცეცხლოვანი კამპანიის ფარგლებში, როცა საჯაროდ გააჟღერა მოწოდება რუსეთთან უფრო თბილი ურთიერთობებისაკენ.მისი მეორე ადგილზე გასვლა იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს საგარეო ორიენტაცია კითხვის ქვეშ დგას. ჯამში ბურჯანაძემ მოაგროვა ხმათა 10%, ხოლო იმედი, რომ მოსკოვმა აიძულა საქართველო, გადაეხვია აღებული კურსიდან, არ გამართლდა.

მეორე ადგილი და ხმათა 22% ერგო დავით ბაქრაძეს (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი). თავად ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატი იყო, რომლის გამორჩევაც კი შეეძლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მას ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წილი წინა ხელისუფლების დანაშაულებში და ის სხვებზე მეტად არის მზად, ისაუბროს პარტიაში რეფორმების შესახებ.

მიუხედავად ამისა, არც მისი შედეგებია შთამბეჭდავი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისაგან მიღებულ ელ-ფოსტის გზავნილიდან შევიტყვე, რომ არჩევნების შედეგებმა "გაამყარა პარტიის, როგორც მთავარი პოლიტიკური ძალის, პოზიცია" და რომ ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა მიუთითებს ახალი მმართველი კოალიციის, "ქართული ოცნების" მიმართ "ენთუზიაზმის დაცემაზე".

ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა ნიშნავს ბაქრაძის ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებას (დაახლოებით 300 ათასი ამომრჩეველი, ანუ საერთო რაოდენობის 10%-ზე ნაკლები). ბაქრაძის შედეგები კი კატასტროფულია პარტიისათვის, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ მართავდა საქართველოს და წინასწარმეტყველებდა, რომ ქვეყნის სათავეში დარჩება თითქმის სამუდამოდ.

სავარაუდოა, რომ ყოველივე ეს "ნაციონალური მოძრაობისათვის" ესოდენ აუცილებელი გამოღვიძებისაკენ მოწოდებაა: სუსტი შედეგები არჩევნებში, რომლის წყალობითაც პარტია საერთოდ ჩამოსაწერი არ გახდა. სააკაშვილმა მნიშვნელოვანი დასკვნები უნდა გამოიტანოს თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან წასვლისას. მისი დრო მართლაც დასრულდა და აუცილებელია კოლოსალური გარდაქმნებისა და სამუშაოს ჩატარება, რათა მისი პარტიისათვის ადგილი მოიძებნოს", - ნათქვამია თომას დე ვაალის სტატიაში.

 

http://carnegie.ru/eurasiaoutlook/?fa=53457