"სამთვიანი ტაიმაუტის შემდეგ რუხ კარდინალად წოდებული გია ხუხაშვილი საზოგადოებას მოკლე ხანში სკანდალური განცხადების გაკეთებას ჰპირდება. "ძალიან საინტერესო საჯარო განცხადებები მექნება უახლოეს პერიოდში, როგორც კი ფორმალური მხარე იქნება შესრულებული. რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ სახელისუფლებო ბერკეტებს ვიყენებ. ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, ძალაუფლებიდან დისტანცირება ძალიან მტკივნეული პროცესია, ე.წ. კარანტინი მქონდა გამოცხადებული", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში. მისი თქმით, ყველაფრისგან სრული დისტანცირება მოახდინა გარდამავალი პროცესის გასავლელად და ფიქრობს, რომ ეს გამოცდა ჩააბარა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ხუხაშვილი: "რამდენიმე დღეში სკანდალურ განცხადებას გავაკეთებ!"
"არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა მომიწია ამ პროცესში მონაწილეობამ. ბიძინა ივანიშვილს თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ როცა დავთანხმდი, იქვე განვაცხადე, რომ დაარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ პოლიტიკას დავტოვებდი. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, ყველაფერს თავის დროზე ავხსნი. ახლა პოლიტიკური ტემპერატურა დაეცა, გიორგი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ხელოვნური დაძაბულობაც დასრულდა ქვეყანაში. ჩემი სტატუსი არ მაძლევს უფლებას, ჩემი მოსაზრებები საჯაროდ გამოვთქვა, მაგრამ ის, რომ პრემიერთან ნებისმიერ შეხვედრაზე არის კონფლიქტი, ეს ტყუილი და აბსურდია შეგნებულად გავრცელებული, ხვდებით, ვის მიერაც. ფარესაშვილი საცოდავი ადამიანია, მას თავისი პრობლემები აქვს. არც ლაშა ამირეჯიბის მიმართ მაქვს აგრესია, თუ ამირეჯიბი დამკვეთს, ინფორმატორს საჯაროდ დაასახელებს... იმ 15-20 წლის განმავლობაში, დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან, არ მქონია არასდროს არც მატერიალური და არც სახელისუფლებო ინტერესები - პრობლემებისა და თავდასხმების მეტი არაფერი მქონია. მედიასაშუალებებთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას არ ვაპირებ. პრემიერი საუბრობდა იმ დღეს და მეც ვიტყვი - რომ სიყვითლე უნდა იყოს ლეგალიზებული. როცა არასანდო რესპონდენტს ეძლევა ტრიბუნა", - განაცხადა ხუხაშვილმა, რომლის აზრით, "საზოგადოებაში ალბათ არსებობს სიყვითლის მოთხოვნა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ ხელისუფლება არ გვყავდა, ჩვენ გვყავდა კომისრები, 30-იანი წლების ბოლშევიკური წარმოშობის ადამიანები. სააკაშვილმა ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიული განვითარება გაწყვიტა. მან მოინდომა შეექმნა ახალი ქართველი, ჩაეტეხა ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. დღეს მიმდინარეობს ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ქართველი იბრუნებს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ათწლიანი წყვეტა დასრულებულია. გიორგი არ არის პოლიტიკოსი, რაც ძალიან დიდი პლუსია ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მის წესიერებაში ეჭვი არავის ეპარება. ის გახდება გარანტი, რომ მოხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია. ზუსტად არაპარტიული და საღად მოაზროვნე პრეზიდენტი გვჭირდებოდა. სააკაშვილმა ყველაფერი იცოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მან და მისმა გუნდმა ტოტალური კორუფცია აქცია ელიტარულად, ერთი სალაროდან მართეს ფული, რისი შედეგია ის, რომ გვყავს კარგი პატრული, საჯარო რეესტრი, მაგრამ ასეთ ვადებში ამ ამოცანების შესრულება არის ფსიქიკააშლილი და ავადმყოფი ადამიანის შესაძლებლობა", - დასძენს ხუხაშვილი, რომლის განმარტებით, ბიზნესი და ეკონომიკა ინტეგრირებული იყო ხელისუფლებაში. ხელისუფლება ეკონომიკის "დირექტორი" იყო, სადაც ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა", - წერს გამოცემა.