27 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი.
- ბატონო კახი, მიუხედავად საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არსებული განწყობისა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები «ნაცმოძრაობის» პოლიტიკური აღსასრული იქნებოდა, დავით ბაქრაძე ხმათა 21,9 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მონაცემი?
- ჩემი აზრით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი რომ ყოფილიყო, «ნაციონალური მოძრაობა» მეორე ადგილზე ვერ გავიდოდა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ის ფლობდა მნიშვნელოვან ბერკეტებს. მოგეხსენებათ, ეს არ არის ჩვეულებრივი პარტია, ეს იყო მეორე სახელისუფლო ძალა, რომელსაც, განსხვავებით დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგან, ბევრ რამეზე მიუწვდებოდა ხელი. ამასთან, მას ჰყავდა და დღესაც ჰყავს საკმაოდ მოტივირებული ამომრჩეველი. ამაში სწორედ არჩევნების შედეგებმა დაგვარწმუნა. რაც შეეხება დაბალ აქტივობას, ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში პროკურატურას რომ გამოეძია «ნაცმოძრაობის» მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, შესაძლოა, დღეს სულ სხვა სურათი მიგვეღო და სხვა რეალობა ყოფილიყო.
- როგორ ფიქრობთ, რა აბრკოლებდა ხელისუფლებას, რომ საქმეები გამოძიებულიყო?
- აქ რამდენიმე ფაქტორია: ერთი ის, რომ სააკაშვილმა მოასწრო და აღიარა, თითქოს დემოკრატიულად გადასცა ხელისუფლება კოალიციას; მეორე, - იმ ბერკეტებით, რომლებიც «ნაცმოძრაობას» გააჩნდა, ზოგ შემთხვევაში საბოტაჟს აწყობდნენ და მესამე, - უკვე ცხრა წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ცხრა წელი მე მხედველობაში მაქვს კონკრეტულად «ნაციონალური მოძრაობის» სახით, თორემ, უფრო შორს თუ წავალთ, «მოქალაქეთა კავშირთან» ერთად მათი მმართველობა 20 წელს ითვლის; ანუ, იმის თქმა მინდა, რომ გამოცდილება დიდი აქვთ, კონტაქტებიც გააჩნიათ და იმ ტაიმაუტის შემდეგ, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების მერე აიღეს, მოახდინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თავიანთი მხარდამჭერების მობილიზაცია. აი, ამ ძალების წყალობით დაიწყეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და შედეგად ჩვენ სულ სხვა პროცესი მივიღეთ. ზოგადად, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვქონდა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო.
- თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ ბაქრაძის 21 პროცენტი საზოგადოებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.
- ეს პროცენტული მაჩვენებელი არის მისული ამომრჩევლების რაოდენობიდან და არა ზოგადად. აქედან გამომდინარე, მეტი აქტივობა რომ ყოფილიყო, ის 21 პროცენტი გახდებოდა 10, 8 ან 7 პროცენტი.
- ყველას აინტერესებს, რა პოლიტიკურ კონფიგურაციას მივიღებთ მომავალში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ? ამას წინათ ბაქრაძემ განაცხადა, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ვართო.
- ეს იყო მათი მიზანიც. «ნაცმოძრაობა» არჩევნებში არ მონაწილეობდა გამარჯვებისთვის. იგივე სლოგანიც, «ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა», ნიშნავდა, რომ, უბრალოდ, მთავარი ოპონენტის როლში უნდათ ყოფნა. ამას პირწმინდად მიაღწიეს, ამიტომ ახლა შემაჯამებელი ოქმით მოივლიან მთელ მსოფლიოს და ყველას ეტყვიან, ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაგვიწიოსო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ისინი ჩართულები იქნებიან გადაწყვეტილებების მიღებაში და საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ლიდერების ინდულგენციას მართლმსაჯულების წინაშე.
- გამოდის, რომ «ნაციონალური მოძრაობა» რჩება პოლიტიკურ ველზე და მარგველაშვილის დაპირება, არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია დასრულდებაო, კითხვის ნიშნის ქვეშაა? სხვათა შორის, თავის დროზე მას არ განუმარტავს ფართო საზოგადოებისთვის, რას გულისხმობდა კოაბიტაციის დასრულებაში.
- მარგველაშვილის სიტყვები არაფერს ნიშნავდა. რატომ არ განმარტა, იცით? იმიტომ, რომ კოაბიტაცია, თავისი არსით, ნიშნავს ორი სახელისუფლო ძალის თანამშრომლობას, როდესაც ერთად მოხვდებიან მმართველობის სათავეში. 27-ის შემდეგ ამ გაგებით კოაბიტაცია ისედაც დამთავრდებოდა, იმიტომ, რომ «ნაცმოძრაობის» პრეზიდენტს ეწურებოდა ვადა. ისე პოლიტიკური თანაცხოვრების დასასრული მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ეფექტიანად ამოქმედდება ყველა სტრუქტურა. მით უფრო, მარგველაშვილს მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ ტერმინის მნიშვნელობა და არა სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელსაც საზოგადოება ელოდა.
- მოლოდინს რაც შეეხება, წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივ პროცესზე მორატორიუმი გამოცხადდა და დღეს ყველას ჰგონია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ის ისევ განახლდება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- აგერ არჩევნები დამთავრდა და თქვენ ნახავთ, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომელთაც საზოგადოება ითხოვს, სწრაფად არ გამოიძიებენ. შესაძლებელია, რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიეცეს, მაგრამ ის, რასაც ხალხი ელოდება, არ იქნება.
- ალბათ, «ნაცმოძრაობის» მაღალი ეშელონების პასუხისმგებლობას გულისხმობთ.
- იცით რა, ხალხი ძირითადად იმას კი არ ელოდებოდა, რომ მთლიანად «ნაციონალურ მოძრაობას» გაასამართლებდნენ, სულაც არა, უბრალოდ, საზოგადოება შელახული უფლებების აღდგენას ითხოვს. ამ შელახულ უფლებებში იგულისხმება ის, რომ ვიღაც უკანონოდ ამყოფეს საპატიმროში, ვიღაცებს ოჯახი დაუნგრიეს, შვილები დაუხოცეს და ა. შ. ამდენად, თუკი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ საკითხების გადაჭრას, მოსახლეობის პროტესტი არსად გაქრება.
- არ გაქრება და რა მოხდება?
- უბრალოდ, ადამიანები, რომლებსაც შელახული აქვთ უფლება, საკუთარი ხერხებით დაიწყებენ ზრუნვას, რომ მათ მიმართ სამართლიანობა აღსდგეს. ზოგი სტრასბურგში წავა, ზოგი სხვა ძალებს ჩარევს, მაგრამ პროცესი არ დასრულდება. უნდა თუ არა ხელისუფლებას, ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება მუდმივად იქნება გახლეჩილი პოლიტიკურ საფუძველზე.
- დღემდე განხილვის საგნად რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხიც. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ეს მიაჩნია პოლიტიკური ასპარეზიდან «ნაცმოძრაობის» გაყვანის საშუალებად.
- ვადამდელი არჩევნები ჩატარდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდოდა, დღეს კი ამის აუცილებლობის დასაბუთება ძალიან ძნელია, მით უფრო, თქვენ იცით, რომ ეს არ აძლევს ხელს არც «ნაცმოძრაობას» და არც «ქართულ ოცნებას».
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აქ იმყოფებოდნენ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ საქართველო არ უნდა გაჰყვეს უკრაინის გზას. მათ მხედველობაში ჰქონდათ პოლიტიკური დევნა და სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრეს იულია ტიმოშენკოს დაკავებაზეც. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს განცხადება?
- ტიმოშენკო რომ დაეჭირა იუშჩენკოს, ევროპა ასეთ ამბავს არ ატეხდა. ასე რომ, ასეთი ტიპის დაპატიმრებები ყოველთვის გამოიყენება ხოლმე ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ ბერკეტად...
- ანუ, პრობლემა რეალურად სხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალის მოსვლაში იყო და არა ტიმოშენკოს დაკავებაში?
- რა თქმა უნდა. რაც შეეხება უკრაინიზაციას, მათ რომ იცოდნენ, რა ხდებოდა აქ ცხრა წლის მანძილზე და რა სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, ალბათ, სულ სხვა საუბარი იქნებოდა.
- კი მაგრამ, ციხის კადრები მათ ჩვენზე ადრე ნახეს. ეს არ იყო საკმარისი, რომ გაეგოთ, რა მდგომარეობა გვქონდა?
- ცხადია, ზოგადად მათ იცოდნენ, აქ რა ხდებოდა, მაგრამ ერთია, როცა რაღაც ინფორმაცია გაქვს ფრაგმენტულად და მეორეა, როცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს. მოდი, თუნდაც იმ ციხის კადრების მაგალითზე ვიმსჯელოთ, ამ მასალების საფუძველზე პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩანდნენ ჩანაწერში. ამის იქით არ წავიდა გამოძიება და არ დაიწყო გარკვევა, ვისი დავალებით შეიქმნა ასეთი დანაშაულებრივი სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. აი, ზუსტად ამიტომ ჩაითვალა, რომ ადამიანების რაღაც ვიწრო ჯგუფი სჩადიოდა ამას, თორემ კიდევ ვიმეორებ, სისტემური დანაშაული რომ გამოვლენილიყო და ეს გამყარებულიყო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, სულ სხვა სურათი იქნებოდა თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობაში. დღეს, ფაქტობრივად, მოხდა იმის ილუსტრირება, რომ თითქოს «ნაცმოძრაობა» ძირითადად დემოკრატიის მშენებლობით იყო დაკავებული, მაგრამ გარკვეული შეცდომები გაეპარათ, როცა რამდენიმე ადამიანმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას.
- არჩევნების შედეგით უკმაყოფილო გარკვეული პოლიტიკური ძალები უკვე ქუჩის აქციებით იმუქრებიან. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლის მოლოდინიც არ ან ვერ გამართლდა, უახლოეს მომავალში პროტესტის ამ ფორმას მიმართოს?
- მოცემულ ეტაპზე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ისე, რა თქმა უნდა, მთავრობას აწი უფრო გაუჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილების არმიღების ახსნა, ვინაიდან რეალურად ერთი წელი მოსახლეობას ეუბნებოდნენ, «ნაცმოძრაობა» ჯერ კიდევ ფლობს ბერკეტებს და უნდა დაველოდოთო. თავის მხრივ, ბუნებრივია, საზოგადოებაც უფრო მომთხოვნი გახდება, მაგრამ, რომ გითხრათ, ველოდები, რომ ორ თვეში მოსახლეობა ქუჩაში გამოვა-მეთქი, მსგავსი განცდა ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდი დასჭირდება პროტესტის მომწიფებას. დაველოდოთ ყოველ შემთხვევაში, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი ხელისუფლება.
- გარდა ამისა, ქუჩაში გამოსვლებს ორგანიზება უნდა, რასაც დღეს, ალბათ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ აიღებს საკუთარ თავზე.
- მობილიზაციას, პირველ რიგში, სჭირდება მოტივი, ამიტომ, პოლიტიკური ძალა რომც არსებობდეს, მოტივი თუ არ გაჩნდა, ვერავინ შეძლებს ეფექტიანი აქციების გამართვას, რომელთაც ექნება ლოგიკური დასასრული. მოკლედ, მასობრივად ხალხის ქუჩაში გასვლას მე არ ველოდები ამ ეტაპზე. შესაძლებელია, ეს იყოს ორი-სამი წლის შემდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერს მომავალში პროცესები გვიჩვენებს...
P.S. ქუჩის აქციების რა მოგახსენოთ, მაგრამ რეალობა დღესავით ნათელია - «ქართულმა ოცნებამ» «ნაცმოძრაობას» სისხლი გადაუსხა და, არათუ სიკვდილს გადაარჩინა, პოლიტიკურ ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალის პოზიციაც შეუნარჩუნა; ამით ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ სერიოზულ დივიდენდებს გამოჰკრეს ხელი. რაც შეეხება ხალხის ინტერესებს, «ოცნების პელე» სამოქალაქო სექტორში რომ გადავა, უკმაყოფილო საზოგადოებას მერე მიხედავს... (მინდოდა მეთქვა, მიჭირხნავს).