"ეს კაციჭამიები როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, 2004 წელსვე, ივლისში განახლეს პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალებაზე - პირობები გაწერილი იყო, რა შემთხვევაში უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს მსჯავრდებული, ვის ვერ შეიწყალებდა - მაგალითად, ვერ შეიწყალებდა პირს, ვისაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მოხდილი არ ექნებოდა 25 წელი, თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელის ნახევარი არ იყო გასული, ზოგზე მესამედი და ა.შ. მოკლედ, გაწერილი იყო ყველაფერი და დარეგულირებული. ზუსტად 10 თვის შემდეგ, 2005 წლის მაისში შეიტანა სააკაშვილმა ცვლილება ამ კანონში, ჩაამატა მეორე მუხლის მე-7 პუნქტი და ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რა სტადიაში იქნება საქმე, იქნება განხილული, არ იქნება, რა პროცედურები ექნება გავლილი და ა.შ. - შეეძლოს პრეზიდენტს პირის შეწყალება. ამით მან მიინიჭა უნივერსალური ფუნქცია. ამით "გაიპრავა" ის, რომ ნებისმიერ პირს, ვინც არ უნდა ყოფილიყო გაათავისუფლებდა თავისთვის მინიჭებული სუპერექსკლუზიური უფლებით", - აცხადებს ყოფილი პროკურორი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ისეთი ხალხი წავიდა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ის ვერ გააჩერებს..." / ვინ მისცა ჩვენებები სააკაშვილზე?
"ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი არსებობს ზოგადად. ეს რატომ მოხდა იცით, როდესაც რევოლუციის შემდეგ დაიწყეს მასობრივი დაჭერები, შეატყვეს, რომ ზოგიერთმა თანამშრომლობა დაიწყო, ზოგმა კომპრომატების მოგროვებაში მათთვის ხელის შეწყობა, დასჭირდათ უნივერსალური მუხლი და ამ მუხლით მოქმედებდნენ 9 წლის განმავლობაში. ამის საფუძველზე იწყალებდა სააკაშვილი და სოდ-იდან და კუდ-იდან შეტანილი სიების მიხედვით უმძიმეს დამნაშავეებს. ასეთივე სიტუაციაა ახლა ფინალურ სტადიაზეც. კუზიანს რა გაასწორებდა? მიადგა და გაათავისუფლა პირები, რომელთა ერთი საქმის განხილვაც კი არ ყოფილა და ერთი დღეც არ გაუტარებიათ ციხეში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან ნიკოლაძე.
"რაც შეეხებათ კონკრეტულად დათო ადეიშვილსა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს. დათო ადეიშვილი პირველ ეტაპზე, როდესაც ზურაბ ადეიშვილი გადაიქცა პირველ კაცად, ძალიან აქტიური იყო, ერეოდა ბიზნესში, იღებდა თანხებს პოლიციასა და ბიზნესმენებს შორის საქმის მოგვარების სანაცვლოდ. შემდეგ რაღაც საქმეებში, ბიზნესთემებში გაიხლართა და ბოლოს თვითონ გუნდში გახდა სალაპარაკო მაგის საქციელი. ამის შემდეგ, დაახლოებით 2 წელიწადში თვითონ ზურა ადეიშვილმა აუკრძალა მას, რომ არასდროს გაჰკარებოდა არც ერთ თემას, რადგან საქმესაც ვერ აგვარებდა ნორმალურად. მანამდე თუკი რამე ბიზნესის თემის დარეგულირება გინდოდა, უნდა მისულიყავი და ზურაბ ადეიშვილის ძმისთვის უნდა გადაგეხადა თანხა. ბრალიც სწორედ ასეთ თემასთან დაკავშირებით აქვს წაყენებული, დიდი ხნის წინ იყო ეს. რაც შეეხება ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, ის ბაჩო ახალაის მეგობარი იყო თავიდანვე და მისი წყალობით "გაიქაჩა". ვიცი მისი საქმიანობის შესახებ, რადგან მქონდა შეხება ამ ადამიანის მიერ დაზარალებული პირებთან. ნიკოლოზ ძიმცეიშვილი ისეთივე სადისტი იყო, როგორებიც ეგ ვაჟბატონები ყველა ერთად", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ვიცი კონკრეტული ფაქტები, თვითონვე აწამებდა ადამიანებს და როგორც კი დასჭირდებოდათ ვინმეს დაშინება ან გაფუჭება, ამ ჯგუფს ეძახდნენ და მათთან ერთად იყო ძიმცეიშვილიც. ერეოდა ქონების წართმევაში. რასაც აკეთებდნენ ადეიშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი, იმას აკეთებდა ძიმცეიშვილიც. უბრალოდ შემსრულებელი იყო. მაგას იმდენი პოტენციალი არ ჰქონდა, რომ რაღაცების მიმართულების ხელმძღვანელი გამხდარიყო. სააკაშვილმა ესენი შიშის გამო შეიწყალა, რომ არ მოყვნენ ფაქტებს, რაც იციან - ეს ადამიანები როგორც რიგით ადამიანებზე ფლობდნენ ინფორმაციას თავის კომპრომატებით, ისე იციან ყველაფერი სააკაშვილზეც და სხვა ლიდერებზეც. ვისაც სამართალდამცავ უწყებაში უმუშავია, იცის, როდესაც სამუშაო პროცესში კონკრეტულ პირზე ინფორმაციას ან კომპრომატს აგროვებ, ზოგი ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტში საერთოდ არ გაინტერესებს, თვითონ მოდის. იმის თქმა მინდა, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ამ ადამიანებს ძალიან საფუძვლიანი და ღრმა ინფორმაცია ჰქონდათ სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით", - ამბობს მირიან ნიკოლაძე
"სააკაშვილის ქმედება მინიშნებაა ყველასთვის - აი, მე თქვენ ყველას გვერდში გიდგავართ და თქვენგანაც იგივეს ვითხოვო, ნამუსზე შეაგდო ერთგვარად. რა თქმა უნდა, ხმა რომ ამოიღონ, იმიტომ გააკეთა, თორემ სააკაშვილს საკუთარი ცოლ-შვილი და ოჯახის წევრები არ ადარდებს, მხეცური ბუნებისაა და ძიმცეიშვილი რაში აინტერესებს? მინდა დავამწუხრო სააკაშვილი - მართალია, ეს შეწყალების აქტი მატებს ალბათობას იმისას, რომ მისი დანაშაულები არ გახდება ცნობილი და მასობრივად თითის გაშვერები გამოირიცხება, მაგრამ მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისეთი ხალხი წავიდა უკვე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ის ვერ გააჩერებს ბევრი მიზეზის გამო. ამ პროცესს ვერ შეაჩერებს სააკაშვილი, უბრალოდ თავისი ბოლო გაფართხალებით ცდილობს, შანსები მოიმატოს. სააკაშვილის ქმედებები დაგვიანებულია. რაღაც ჯგუფს, ბუნებრივია, გააჩუმებ, მაგრამ მისი კრიმინალური აღტყინებები იმდენად მასშტაბურია, რომ ყველას ვერ დაადუმებს. მე ვიცი რამდენიმე თემა, რომლებიც ძალიან კონფიდენციალურ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ვერ გააჩერეს ადამიანები და მისცეს ჩვენებები სააკაშვილზე. ამ ადამიანებიდან ზოგმა პირველადი სასჯელი გამოიარა, დროებითი და შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიებები და უმეტესობა არ ზის ციხეში", - დასძენს ყოფილი პროკურორი.
"გარკვეული წრეებიდან მაქვს ინფორმაცია, დათა ახალაია არის თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში. რამდენად დაუფასდება ეს თანამშრომლობა, არ ვიცი. პროკურატურას მასალებს აწვდის გეგმაზომიერად და ასე ვთქვათ ფინალურ სტადიამდე ვერ მივიდნენ, რადგან მათი კრიმინალური არეალი ძალიან ფართო იყო. ამ პროცესის პირველადი ეტაპი გავლილია და როგორც დარეგულირდება, არ ვიცი", - დასძენს მირიან ნიკოლაძე და შეკითხვას - "კონკრეტულად რა მასალები მიაწოდა დათა ახალაიამ პროკურატურას არის თქვენთვის ცნობილი?" - პასუხობს:
"პირველ რიგში ერთ რაღაცას მიაქციეთ ყურადღება, რასაც პროკურატურამ მიარწია ბაჩო ახალაისთან დაკავშირებით, ეს არის 3 წელი და 9 თვე - გგონიათ, წინასწარ გეგმაში არ იქნებოდა ეს გაწერილი? ბაჩო ახალაიას რომ ბოდიშს არავინ მოუხდიდა და სახლში არავინ გაუშვებდა, ეს ყველასთვის ცხადი იყო. სასჯელი, შესაძლოა გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყოს, რომ განეიტრალდეს ხალხის აგრესია, მაგრამ როგორ გაანეიტრალებენ ამ აგრესიას, ხალხი ჰყავთ დახოცილი და ზოგი "ცოცხლად მოკლეს"... პირველი ინფორმაცია რაც დათამ პროკურატურა მიაწოდა, ეხებოდა სქემის გაშლას - ანუ როგორ ხდებოდა დავალებების გაცემა და შემდეგ ასრულება. დავალებებში ვგულისხმობ სააკაშვილის მიერ დავალებების გაცემას, ანუ სახელმწიფო მექანიზმი ამ კრიმინალური კუთხით როგორც მუშაობდა - დათამ დაულაგათ ამის შესახებ ინფორმაცია. ასევე მან გასცა ის ადგილები, სადაც ჰქონდათ კონსპირაციული ბინები ათასი უბედურებისთვის. ასევე გასცა ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის სამალავების შესახევ. ვაჭრობის სახე აქვს ამ ყველაფერს - ბოლო პერიოდში უკვე ყველა უყურებდა არჩევნები როგორ დასრულდებოდა. ახლა არ ვიცი, შესაძლოა არც გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, ან გაგრძელდეს - ზუსტად ამას ნამდვილად ვერ გეტყვით".