"კანონიერი ქურდების" ბოლო კონფლიქტის ისტორია (ექსკლუზივი)

"კანონიერი ქურდები" ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია პოსტსაბჭოთა სივრცისა, სადაც ქართველი ქურდები ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მათი გავლენა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე სულ უფრო მცირდება და რომ არა რუსული სახელმწიფოს "ნება", უფრო უმნიშვნელო გახდებოდა.

ბოლო წლებში დიდ "ქურდულ ოჯახში" სერიოზული დაპირისპირებებია, ამის დასტურია ცნობილი ავტორიტეტების მკვლელობები, რომელთა სახელები მთელ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ძედ ხასანი (თბილისში, კუკიაზე დაბადებული და გაზრდილი ასლან უსოიანი), სლავა იაპონჩიკი (ვიაჩესლავ ივანკოვი) და სხვანი კილერების ტყვიების მსხვერპლნი გახდნენ. ქურდული სამყარო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კლანურობით, ხოლო შიდა "საბრძოლო" მოქმედებებმა, გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობამ, დიდი რყევები გამოიწვიეს რუსეთის ბიზნესში და ეკონომიკაში.

იმისათვის, რომ რეალურად წარმოვიდგინოთ, რა ხდება ქურდულ სამყაროში, საჭიროა გავერკვეთ ამ ბოლოდროინდელი კონფლიქტის ისტორიაში.

დაუწერელი კანონია, რომ ქურდები ინტერვიუს არ იძლევიან, თუმცა ეს სტატია მათი და მათთან დაახლოებული პირების ზეპირი მონაყოლის კონპილაციაა.

2009 წელს საფრანგეთთიდან რუსეთში დაბრუნდა ტარო (ტარიელ ონიანი), რომელმაც მერაბ ჯანგველაძესთან, ტახისთან და სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად გადაწყვიტა "სამართლიანობის აღდგენა" და გავლენის სფეროების ხელახლა გადანაწილება. მის ჩანაფიქრს აქტიურად დაუპირისპირდნენ ძედ ხასანი,
ჩიკი, ლაშა რუსტავსკი, იურა პიჩუგა, სკიფი და სხვა გავლენიანი ქურდები, რომლებსაც ხელს აძლევდა უკვე ჩამოყალიბებული სტატუს-ქვო. ასე, მაგალითად, დიდი უთანხმოება გამოიწვია სიტუაციის შეცვლის მცდელობამ კრასნოდარის მხარეში, მოსკოვსა და რამდემე სხვა რეგიონში.

ძედ ხასანი, იაპონჩიკი, სკიფი და სხვანი სნაიპერების ტყვიებს შეეწირნენ. თუმცა იყვნენ ისეთი ქურდები, რომლებსაც არ სურდათ ამ უაზრო ომში მონაწილეობა. ისინი საჭიროდ თვლიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ყველა საკითხის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ამ აზრს 50-მდე ქურდი იზიარებდა, თუმცა მოხდა უცნაური ამბავი, ის, ვისაც ომი არ უნდოდა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას ჩათრეულნი აღმოჩდნენ ამ დაპირისპირებაში.

ამა წლის აპრილში გელა ქარდავასა და ედიკ ასატრიანს (ორივე კანონიერი ქურდები არიან) შორის კონფლიქტი მოხდა. ეს გაუგებრობა აშკარად გარედან იყო ინსპირირებული. ქარდავამ ერთი-ერთზე შეხვედრა ითხოვა, რათა გაერკვიათ პრობლემები და ყველა საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტათ. შეთანხმდნენ სავაჭრო ცენტრ "ევროპაში" შეხვედრილიყვნენ, სადაც ასეტრინა (ეს ასატრიანის მეტსახელია) სხვა ქურდებთან ერთად მოვიდა. შემდეგ შეხვედრა "სლავიანსკაიაში" გადაიტანეს, თუმცა აქაც ვერაფერზე მორიგდნენ. მალე, დიდი ქურდული თავყრილობა გაიმართა ერთის მხრივ, ძედ ხასანის კლანის წარმომადგენლებსა, რომელშიც შედიოდნენ ვასია ვოსკრესა, იურა პიჩუგა, გელა და რეზო ქარდავა, მირონი, კრასნოდარელი ვადიკი, ალბერტ ანხარგელსკი და მეორეს მხრივ, ედიკ ასატრინა, მისი შვილი სერგო, რომა ეზიდი, გურამ კრიჟოვიჩი და სხვები. შეხვედრა ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებით დაიწყო და ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. რის შედეგადაც ედიკ ასეტრინას მხარე დაზიანდა. მეორე მხარემ ვერ მოითმინა ის ფაქტი, რომ ასეტრინა რომა ეზიდთან ერთად მოვიდა, რომელსაც ჯერ კიდევ ძედ ხასანმა აყარა ქურდული "გვირგვინი".

გარჩევა 14 აგვისტოს სტამბულის, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო "რენესანს ფოლადში" გაგრძელდა. შეხვედრაზე ორმოცდაათამდე ქურდი ჩამოვიდა, სადაც ხასანის კლანის წარმომადგენლები და "ნეიტრალები" ჭარბობდნენ. როგორც მერე გაირკვა, მიწვევა დაპირისპირებული მხარის რამდენიმე წარმომადგენელს
არ მიუღია. შეხვედრა მაინც გაიმართა, სადაც ისეთი ცნობილი ქურდები ესწრებოდნენ, როგორიცაა გელა ქარდავა, მერაბ ფიფია, ალბერტ არხანგელსკი, ანდრეი კალინიგრადსკი, პაატა მალენკი, მამუკა, როლანდ შლაპა, თემურ სარატოვსკი, იუსუფი, თემურ აფხაზი, არიფი, გიზო ქარდავა, გია ნოსი და სხვები.

განიხილეს სხვადასხვა საკითხი, ცდილობდნენ, დაედგინათ მიზეზი თუ რატომ აღმოჩდნენ ამ დაპირისპირებაში "ნეიტრალი" ქურდები. მათი უმეტესობა თვლიდა, რომ აქ მესამე ძალაა აქტიურად ჩართული და ცდილობს ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდოს გავლენიანი ქურდები. ზოგი ამაში საბერძნეთში მყოფ ქურდებს ადანაშაულებდა, ზოგი კი მართლმსაჯულების აქტიურ საქმიანობას.
შეხვედრა რამდენიმე ახალი ქურდის კორონაციით დამთავრდა. ქურდები გახდნენ, ნუკრი, ლიოხა, სოლომა, ნამიკი, საშა ტიუმენსკი, დავით ვლადიკავკაზსკი და ლექსა. ყველაფერი ასე იოლად არ დამთავრებულა, ქურდებშიც დაიწყო საინფორმაციო ომი და შავი პიარის გავრცელება. კერძოდ რამდენიმე გაზეთში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ 16 აგვისტოს რამდენიმე ქართველი ქურდი (მათ შორის რატომღაც არაქართველებიც მოიხსენიებოდნენ, ისეთები როგორიცაა, რავშანი და მამა-შვილი ასატრიანები) შეუვარდა სასტუმროში ძედ ხასანის კლანის წარმომადგენლებს და ფიზიკურად გაუსწორდა მათ. მალევე ეს ინფორმაცია გაზეთებმა უარყვეს. ერთ-ერთმა ავტორიტეტმა ყველას დასაწყნარებლად ასეთი მოსაზრება გამოთქვა: თუკი ვინმე ვერ ითმენს და ცხონებული ძედ ხასანის სავარძელი უნდა, ვაფრთხილებ რომ ჯერ კიდევ არ გაზრდილა ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ამ მძიმე ტვირთის ტარებას.

თავისი ტრადიციებით და კანონებით ძალიან დოგმატური, ჩაკეტილი ქურდული სამყარო იძულებული გახდა თანამედროვე საინფორმაციო სივრცეს დამორჩილდეს და პიარ ტექნოლოგიები გამოიყენოს. სასწორზე დიდი კაპიტალი და რუსული ბიზნეს იმპერიებია, რომელთა აქციები, თავის დროზე, ველური პრივატიზაციის პერიოდში სწორედ რომ საერთო ქურდული ყულაბიდან იყო ნაყიდი. ფაქტია, რომ კრიზისი ქურდულ სამყაროში ისევ გრძელდებადა დამთავრება კარგა ხანს არ უწერია.