მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნებს? ბევრი ვარაუდობდა, რომ მეორე ტური იქნებოდა საჭირო, თუმცა გამარჯვებული პირველივე ტურში საკმაოდ მაღალი პროცენტით გამოვლინდა...
- სასიამოვნოა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობისა და საზღვარგარეთელი პარტნიორების აზრი ამჯერად ერთმანეთს ემთხვევა. კარგად გვახსოვს, აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე უცხოელები გვიმტკიცებდნენ, დემოკრატიული იყოო და ჩვენში ეს არავის სჯეროდა. რაც შეეხება მეორე ტურს, ამის თეორიული შანსი თითქოს ჩანდა, რისი საფუძველიც სოციოლოგიური გამოკითხვები გახლდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საზოგადოებრივი აზრი რეალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ეს ვაისოციოლოგიური კვლევები ასახავს ხოლმე. გარდა ამისა, გაურკვეველია, პოტენციურად რომელი პოლიტიკური ძალების ელექტორატია ჩვენი თანამემამულეების 50%-ზე მეტი, რომელთაც არ ისურვეს არჩევნებში აზრის გამოხატვა. საინტერესოა, რატომ, რა მოტივით არ გამოცხადდა ეს ხალხი საარჩევნო ყუთებთან?! კარგი იქნება, თუ ამის სოლიდური კვლევა ჩატარდება და გაირკვევა - ეს მოხდა უიმედობით თუ უდარდელობით. ვერ გეტყვით, რომ ეს რაიმეთი შეუსაბამოა დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტთან, მაგრამ უცნაურია ჩვენში არსებული პოლიტიკის ინტერესის გათვალისწინებით. ამ არჩევნებში ძირითადი ინტრიგა ის იყო, თუ ვინ დაიკავებდა მეორე პოზიციას...
- ეს უკვე გარკვეულია: "ნაციონალურმა მოძრაობამ" 20%-იანი შედეგით საბოლოოდ გაიფორმა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს კარგი საფუძველია მომავალი გამარჯვებებისთვის...
- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მუდამ ცდილობენ, სასურველი რეალობად წარმოადგინონ. მალე მთელი დედამიწის მასშტაბით გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ყალიბდება ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი პოლიტიკური სისტემა, რაც გამოიხატება ორპარტიულ დემოკრატიაში. ეს ტყუილია, ნურავინ დავუჯერებთ ამ ტყუილს ნურც ქვეყნის შიგნით და ნურც მის გარეთ.
- რას იტყვით სააკაშვილის ნათქვამზე, რომ ის ნანობს მისი ხელისუფლების მიერ დაშვებულ რიგ შეცდომებს...
- არანაირი დაკონკრეტება მის აღსარებაში არ ყოფილა, რაღაც ზოგად ფრაზებს ისროდა, რაც შეიძლება შეიცავს კიდეც ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს აზრები სააკაშვილს სულაც არ ეკუთვნის, ეს არის ადამიანების გულის ასაჩუყებლად შექმნილი ტექსტი, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, ამიტომაც ეს მხოლოდ ფუჭი გასროლაა.
- ხომ ცხადია, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ წარმატებას დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. შეძლებს კი ის მისი ზეგავლენისგან გათავისუფლებას და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას?
- რასაკვირველია, ივანიშვილის ფიგურა ნამდვილად გადამწყვეტი იყო ამ არჩევნებში, ეს მოულოდნელიც არავისთვის ყოფილა, თუმცა მაინც მგონია, რომ მარგველაშვილი სიჯიუტით და თავისნათქვამობით ივანიშვილს სულაც არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, ზრდილობის ფარგლებში ალბათ მოუსმენს ბატონ ბიძინას, მაგრამ გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ვიცნობ მარგველაშვილს და იმიტომ ვამბობ ამას. ვიცი მისი ღირსებებიც და სუსტი მხარეებიც, თუმცა ამ უკანასკნელზე ლაპარაკს ჯერჯერობით არ ვაპირებ.
- რას იტყვით ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს გაურიგდნენ?
- არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც ყველას დაარწმუნებდა გარიგების არსებობაში, თუმცა, ერთი შეხედვით ამგვარი რამის პროგნოზირება არ იყო ძნელი, თუნდაც იმ განცხადებების გათვალისწინებით, როდესაც "ქართული ოცნების" ზოგიერთ ლიდერს არ ეთაკილებოდა მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ბაქრაძე ურჩევნია ბურჯანაძეს, ანაც ზოგი
ერთის განცხადება, რომ სულერთი იყო, ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე და ა.შ. ეს მხოლოდ ცალკეული განცხადებები იყო, თუ რაღაც გარიგება რეალურად არსებობდა - უახლოეს მომავალში გადადგმული ნაბიჯები გვაჩვენებს, როდესაც ბოლოს და ბოლოს, რეალურად დავინახავთ, რას ნიშნავს მარგველაშვილის დამკვიდრებული ტერმინი, რომ "კოაბიტაცია 27 ოქტომბერს დასრულდა". დაველოდოთ, როგორ დაასრულებს კოაბიტაციას მარგველაშვილი... მესმის, რომ ხელისუფლების ესა თუ ის გადაწყვეტილება ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ არის იმგვარი საზოგადოებრივი გზავნილები, რისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ერთ-ერთი სამართლიანობის აღდგენაა. თუმცა მხოლოდ საშინაო საქმეებში ჩაკირკიტება არას გვარგებს, სერიოზული გამოცდა გველის საერთაშორისო ასპარეზზე, ვილნიუსის სამიტი შეიძლება იქცეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ქვაკუთხედად, მაგრამ მას შემდეგაც საკმაოდ გრძელი და რთული გზა გველის.
- ბატონო სოსო, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გამოიცანით, ამჯერად რას გვეტყვით, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?
- არ ვიცი, აღარ ვაპირებ, ამჯერადაც გავრისკო და კიდევ გამოვთქვა აზრი, თუმცა ვფიქრობ, კანდიდატის ვინაობის გასაჯაროება შემთხვევით არ გადადებულა შაბათამდე...
- ფიქრობთ, რომ კოალიციაში ივანიშვილს ვინმე შეეწინააღმდეგა?
- ერთ-ერთი ტელევიზიით მოვისმინეთ ძალიან პოპულარული პარლამენტარის განცხადება, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ახალი პრემიერის კანდიდატურა სამშაბათს და ოთხშაბათს ვერ დასახელდებოდა...
- როგორც ჩანს, იცით, რა მოხდა და რამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა კოალიციაში...
- დაზუსტებით არაფერი ვიცი, შემიძლია ვივარაუდო, რომ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც კოალიციის შიგნით ასე ერთსულოვნად მისაღები იქნება. რა თქმა უნდა, იარსებებს განსხვავებული აზრიც, რისი გათვალისწინებაც ბიძინა ივანიშვილს მოუწევს.
- მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც მისგან უნდა დავისვენოთ, როგორ ფიქრობთ, ის მართლაც აპირებს ამას?
- ეს საინტერესო განცხადებაა. ქართული ოჯახების 90% ალბათ "მაღარიჩს" იკისრებს, ეს თუ ასე მოხდა, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ბევრ კითხვას ბადებს სააკაშვილის ესოდენ მოულოდნელი ვიზიტი ბრიუსელში, მით უფრო, თანამგზავრი, ვინც "ხელს გააყოლა": რა ესაქმება ქალაქის მერს ევროკავშირში, მაინცდამაინც კარგად არ მესმის, თუმცა ეს ძალაუნებურად მახსენებს პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას დაკარგულ მილიარდზე. ლაპარაკია "ნაციონალური მოძრაობისთვის" მოტეხილ ფულზე. შესაძლოა, იმის საძებნელად გაუდგა ევროპის გზას ეს ორი ადამიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ინტერპოლის მიერ ჯერ კიდევ არძებნილმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ადეიშვილმაც დატოვოს საყვარელი ბუდაპეშტი და ბრიუსელს მიაშუროს ამ საინტერესო კამპანიის სანახავად... თუმცა დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი დაბრუნდება ქვეყანაში და კიდევ ერთ შეწყალებასაც გამოაცხობს...
- ერთხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოახერხებდა ხელისუფლების "ჩამოშლას". თუ ამჯერად მას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ასპარეზი მიეცა, მოახერხებს ამას?
- რაც მაგან ქვეყანას დამართა, მეტი როგორღა უნდა ჩამოშალოს? თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანაში დარჩა, კვლავაც გააგრძელებს მავნებლურ ქმედებებს, თუმცა ეს არც უცხოეთიდან გაუჭირდება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს სააკაშვილი იმ კითხვებზე საპასუხოდ, რაც მისთვის პროკურატურას უკვე მომზადებული აქვს.
- აქვს კი ნამდვილად გამზადებული?
- პროკურატურას სააკაშვილისთვის კითხვები ნამდვილად გამზადებული აქვს, თუმცა საკითხავია, დაუსვამენ თუ არა.