არჩევნების შედეგებს დიდწილად განსაზღვრავს პიარი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ის, შეუძლია თუ არა პოლიტიკოსსა და მის გუნდს პოლიტიკური ბაზრის კონიუნქტურის ამოცნობა, მომხმარებლის, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის მოთხოვნილებასა და ინტერესებზე მორგება. რა გვიჩვენა ამ თვალსაზრისით ახლახან დასრულებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა? როგორი იქნება დამარცხებული კანდიდატების პოლიტიკური მომავალი? ამ საკითხებზე პიარტექნოლოგები სოსო გალუმაშვილი და ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრებიან", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "შუა მაინც გაიკრიფა" / ვინ აღმოჩნდება პოლიტიკურ სასაფლაოზე.
"2011 წლის მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ნინო ბურჯანაძეს ძალზე დაბალი, შეიძლება ითქვას, ნულოვანი რეიტინგი ჰქონდა. ამ ფონზე მან შეძლო გააქტიურება, ამ არჩევნების საშუალებით კი მოახერხა და თავი დაიმკვიდრა, როგორც ანგარიშგასაწევმა პოლიტიკურმა მოთამაშემ, ერთ-ერთმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ. ამომრჩეველთა ხმების 10%, რომელიც მან მიიღო, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას "ნაცმოძრაობის" სახით აღარ ჰყავს მხოლოდ ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ოპონენტი. რაც შეეხება ბურჯანაძის მხრიდან მეტის მოლოდინს, მეორე ტურზე საუბარს, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებები იყო, სინამდვილეში მან კარგად იცოდა თავისი რეიტინგი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პიარტექნოლოგი სოსო გალუმაშვილი და შეკითხვას - "ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კამპანიის ბოლოს მისი კლიპები უფრო აგრესიული და შემტევი გახდა, რაც მის რეიტინგზე უარყოფითად აისახა" - პასუხობს:
"პირიქით, ვფიქრობ, მან უფრო ნაკლებად აკრიტიკა ხელისუფლება, რითაც პოტენციური მომხრეების ნაწილი დაკარგა, ბურჯანაძის საარჩევნო კამპანია თითქოს აგრესიული იყო, თუმცა შინაარსობრივად სიმწვავე აკლდა. რაც შეეხება გიორგი თარგამაძის, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შანსს, ეს იმაზეა დამოკიდებული, გაიაზრებენ თუ არა ისინი პიარის თვალსაზრისით დაშვებულ არაერთ შეცდომას და როგორ მოემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის".
"ნათელაშვილს წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად, არ ჰქონია, მას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების ძალზე მცირე შანსი აქვს; შესაძლოა, ის პოლიტიკური ლიდერების "სასაფლაოზე" აღმოჩნდეს. გიორგი თარგამაძემ აქტიური კამპანია კი აწარმოა, თუმცა, დააგვიანა და ვერც მკვეთრად გამოხატული მესიჯებით შეძლო რაიმე ნიშის დაკავება, მისი სლოგანები ჰაერში გაიფანტა, ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრაცია ვერ შეძლეს _ ხან ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე საუბრობდნენ, ხან ელექტროენერგიის ტარიფზე, რამაც ამომრჩეველი დააბნია. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წარმატება თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად სათუოა. პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა ვიღაცას ართმევს ხმას, თარგამაძის შემთხვევაში გაუგებარი იყო, ვისი ამომრჩევლის გადაბირებას, ვის კუდზე "დაჯდომას" ცდილობდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ქრისტიან-დემოკრატთა ამომრჩეველი, ძირითადად, ქალაქების მოსახლეობაა, ისინი კი კამპანიას უფრო სოფლებში ატარებდნენ. რაც შეეხება კობა დავითაშვილის ძალზე დაბალ მაჩვენებელს, ვფიქრობ, დავითაშვილი სიტყვის პატრონია და ამომრჩევლის სურვილს დაემორჩილება და პოლიტიკიდან წავა - ის ნიჭიერი იურისტია და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, თავის ადგილს ადვილად იპოვის", - დასძენს სოსო გალუმაშვილი.
"ნინო ბურჯანაძეს ამ არჩევნებში პოლიტიკური რეაბილიტაციის კურსი ჰქონდა გასავლელი, რადგან მისი იმიჯი, რეპუტაცია შელახული, "დაბინძურებული" იყო, რაც მეტნაკლებად მოახერხა. შალვა ნათელაშვილს ყველა არჩევნებზე სტაბილური ელექტორატი ჰყავს - 2%-დან 4%მდე _ და არა მგონია, ამ არჩევნებზეც მეტის მოლოდინი ჰქონოდა; ის ერთსა და იმავე საკომუნიკაციო ხერხს იყენებს, არც იმიჯს იცვლის, ამიტომ ვერც წარმატებას აღწევს. ნათელაშვილმა ან სტრატეგია უნდა შეცვალოს, ან პოლიტიკას დაანებოს თავი. გიორგი თარგამაძეს, ერთი შეხედვით, კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს, თუმცა გამორჩეულიც არაფერი შეუთავაზებია ამომრჩევლისთვის. მან ვერ გათვალა ამომრჩევლის ორპოლუსიანი აზროვნება, ანუ ის, რომ როგორც "ქართულმა ოცნებამ", ისე "ნაციონალებმა" ამგვარი არჩევანი შესთავაზა ამომრჩეველს: ან "ნაციონალები", ან "ოცნება”. შესაბამისად, მესამე ძალის ნდობა და შანსი ძალზე ნაკლები იყო, ქართული პოლიტიკის ცნობილი ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, ამ არჩევნებზე ”შუა მაინც გაიკრიფა”, - მიიჩნევს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას პოლიტტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი.