"10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ბი ბი სი"-ს რუსული გამოცემა.
როგორც ჟურნალისტი წერს, 20013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლითაც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის, იგივე მიშას (როგორც მას ბევრი მოიხსენიებს) მმართველობის ეპოქა. ავტორი აკეთებს ჩამონათვალს, რით დაამახსოვრდა საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი.
1. ვარდი და ჩაი - 2003 წლის ნოემბერში, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შეიჭრა პარლამენტის შენობაში. ამ დროს იქ სიტყვით მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა. დაცვამ შევარდნაძე სასწრაფოდ გაარიდა სიტუაციას, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ავიდა ტრიბუნაზე და ის ჩაი დალია, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ტრიბუნაზე დარჩა.
2. "არქიტექტურული რევოლუცია" - "ვარდების რევოლუციის" მთავრობა ყოველთვის ამაყობდა ახალი გზებით და შენობებით. როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე გრანდიოზული პროექტების გახსნა უყვარდა. ამასთან, პრეზიდენტი ითხოვდა, მშენებლობები მაქსიმალურად სწრაფ ტემპში განხორციელებულიყო. სააკაშვილს არა მხოლოდ უყვარდა "ლენტის გაჭრა", არამედ თვითონაც იყო ინიციატორი არაერთი არქიტექტურული ნაგებობის. ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში აშენებული შენობები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის მიზეზი.
3. "ფასადური დემოკრატია" - ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა სააკაშვილის განსაკუთრებული სიამაყე იყო. სწორედ ამ ქალაქში გადაწყვიტა სააკაშვილმა პარლამენტის სხდომების ჩატარება. პრეზიდენტი ამბობდა, რომ პარლამენტის შენობა იყო საქართველოს გამჭვირვალობის სიმბოლო. ბევრი კი თვლის, რომ პოსტრევოლუციური საქართველოს დემოკრატია და გამჭვირვალობა არ გასცდენია ახალი შენობების ფასადებს.
4. ქართული ტურიზმი - მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია დემონსტრირება საქართველოს ტურისტული პოტენციალის. ქვეყნის მეთაური სხვადასხვა კუთხის მწვერვალებს იპყრობდა.
5. სააკაშვილი მეღვინე - სააკაშვილმა გადაწყვიტა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მეღვინეობის განვითარებაც. წელს მას საკუთარ მამულში, ყვარელში ყურძნის დაწურვაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და სააკაშვილის უმცროსი შვილის, ნიკოლოზის ნათლია ვლადიმერ იუშენკო ეხმარებოდა.
6. "მენტალური რევოლუცია" - მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და პრეზიდენტისადმი სიმპათიებით განწყობილი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო სხვანაირი ქვეყანა არა მხოლოდ ახალი გზების და განათებული ქუჩების გამო გახდა. ისინი ამბობდნენ, რომ მთავარი ბრძოლა, რომელიც სააკაშვილის გუნდმა განახორციელა, ეს იყო ე.წ. კანონიერი ქურდების" და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, სააკაშვილის მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" შედეგად მოხდა ის, რომ ციხეები პატიმრებით გადაიტვირთა. სააკაშვილი და მისი მთავრობა კი ადამიანის უფელებების დარღვევაში დაადანაშაულეს.
7. ჰალსტუხის დაღეჭვა - "ბი ბი სი"-ის მიერ გადაღებული კადრი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს, სწრაფად აიტაცა რუსულმა მედიამ. ეს კადრი ხუმრობის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად საქართველოშიც.
8. "მექალთანე" - მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი საქართველოში. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ფოტოები, სადაც სააკაშვილი აღბეჭდილი იყო გამომწვევად ჩაცმული რუსი ჟურნალისტების, ასევე ცნობილი გერმანელი მასაჟისტის გარემოცვაში. ადგილობრივი პრესა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარს ლამაზი ქალბატონების გარემოცვაში ყოფნა არა მხოლოდ ვიზიტების დროს, არამედ მინისტრთა კაბინეტის
დაკომპლექტების დროსაც.
9. ფული და ბოტოქსი - იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი მისი ქვეყნის ქარიზმატური ლიდერის უცხოეთში გამოსვლებს სიამაყით ადვნებდა თვალს, მეორე ნაწილი მას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში სდებდა ბრალს. ქართულ მედიაში გავრცელდა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა 2009 და 2011 წლებში, 11 ათას ევროზე მეტი ბოტოქსის ინექციებისთვის დახარჯა. თუმცა ეს ბრალდებები მიხეილ სააკაშვილმა უარყო.
10. სააკაშვილი - უყვართ, ან სძულთ - როგორ შევა ის ისტორიაში, ამას დროს აჩვენებს. საერთო ჯამში, თითქმის 10 წლიანი მმართველობის შემდეგ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მისი მოღვაწეობის შეფასებისას მხრებს აიჩეჩავს - ის ან უყვართ, ან სძულთ. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ის რჩება ქვეყნის კორუფციისგან და კრიმინალისგან გათავისუფლების სიმბოლოდ. თუმცა დიდი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის წასვლა ავტორიტარული მმართველობის ეპოქის, პოლიციური სახელმწიფოს დასრულებაა.