"პროკურატურას სააკაშვილისთვის კითხვები გამზადებული აქვს", თუმცა საკითხავია, დაუსვამენ თუ არა"

"სასიამოვნოა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობისა და საზღვარგარეთელი პარტნიორების აზრი ამჯერად ერთმანეთს ემთხვევა. კარგად გვახსოვს, აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე უცხოელები გვიმტკიცებდნენ, დემოკრატიული იყოო და ჩვენში ეს არავის სჯეროდა. რაც შეეხება მეორე ტურს, ამის თეორიული შანსი თითქოს ჩანდა, რისი საფუძველიც სოციოლოგიური გამოკითხვები გახლდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საზოგადოებრივი აზრი რეალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ეს ვაისოციოლოგიური კვლევები ასახავს ხოლმე", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი და უგულავა ევროპაში შესაძლოა "მოტეხილი" ფულის საძებნელად წავიდნენ" / "პროკურატურას სააკაშვილისთვის კითხვები გამზადებული აქვს".

"გარდა ამისა, გაურკვეველია, პოტენციურად რომელი პოლიტიკური ძალების ელექტორატია ჩვენი თანამემამულეების 50%ზე მეტი, რომელთაც არ ისურვეს არჩევნებში აზრის გამოხატვა. საინტერესოა, რატომ, რა მოტივით არ გამოცხადდა ეს ხალხი საარჩევნო ყუთებთან?! კარგი იქნება, თუ ამის სოლიდური კვლევა ჩატარდება და გაირკვევა - ეს მოხდა უიმედობით თუ უდარდელობით. ვერ გეტყვით, რომ ეს რაიმეთი შეუსაბამოა დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტთან, მაგრამ უცნაურია ჩვენში არსებული პოლიტიკის ინტერესის გათვალისწინებით. ამ არჩევნებში ძირითადი ინტრიგა ის იყო, თუ ვინ დაიკავებდა მეორე პოზიციას..."`ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მუდამ ცდილობენ, სასურველი რეალობად წარმოადგინონ. მალე მთელი დედამიწის მასშტაბით გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ყალიბდება ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი პოლიტიკური სისტემა, რაც გამოიხატება ორპარტიულ დემოკრატიაში. ეს ტყუილია, ნურავინ დავუჯერებთ ამ ტყუილს ნურც ქვეყნის შიგნით და ნურც მის გარეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"რასაკვირველია, ივანიშვილის ფიგურა ნამდვილად გადამწყვეტი იყო ამ არჩევნებში, ეს მოულოდნელიც არავისთვის ყოფილა, თუმცა მაინც მგონია, რომ მარგველაშვილი სიჯიუტით და თავის ნათქვამობით ივანიშვილს სულაც არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, ზრდილობის ფარგლებში ალბათ მოუსმენს ბატონ ბიძინას, მაგრამ გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ვიცნობ მარგველაშვილს და იმიტომ ვამბობ ამას. ვიცი მისი ღირსებებიც და სუსტი მხარეებიც, თუმცა ამ უკანასკნელზე ლაპარაკს ჯერჯერობით არ ვაპირებ", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს გაურიგდნენ - არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც ყველას დაარწმუნებდა გარიგების არსებობაში, თუმცა, ერთი შეხედვით ამგვარი რამის პროგნოზირება არ იყო ძნელი, თუნდაც იმ განცხადებების გათვალისწინებით, როდესაც "ქართული ოცნების" ზოგიერთ ლიდერს არ ეთაკილებოდა მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ბაქრაძე ურჩევნია ბურჯანაძეს, ანაც ზოგიერთის განცხადება, რომ სულერთი იყო, ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე და ა.შ. ეს მხოლოდ ცალკეული განცხადებები იყო თუ რაღაც გარიგება რეალურად არსებობდა - უახლოეს მომავალში გადადგმული ნაბიჯები გვაჩვენებს, როდესაც ბოლოს და ბოლოს, რეალურად დავინახავთ, რას ნიშნავს მარგველაშვილის დამკვიდრებული ტერმინი, რომ "კოჰაბიტაცია 27 ოქტომბერს დასრულდა". დაველოდოთ, როგორ დაასრულებს კოჰაბიტაციას მარგველაშვილი", - ამბობს პოლიტოლოგი.

"მესმის, რომ ხელისუფლების ესა თუ ის გადაწყვეტილება ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ არის იმგვარი საზოგადოებრივი გზავნილები, რისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ერთ-ერთი სამართლიანობის აღდგენაა. თუმცა მხოლოდ საშინაო საქმეებში ჩაკირკიტება არას გვარგებს, სერიოზული გამოცდა გველის საერთაშორისო ასპარეზზე, ვილნიუსის სამიტი შეიძლება იქცეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ქვაკუთხედად, მაგრამ მას შემდეგაც საკმაოდ გრძელი და რთული გზა გველის", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.


"საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ დადგა დრო, როდესაც მისგან უნდა დავისვენოთ - ქართული ოჯახების 90% ალბათ "მაღარიჩს" იკისრებს, ეს თუ ასე მოხდა, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ბევრ კითხვას ბადებს სააკაშვილის ესოდენ მოულოდნელი ვიზიტი ბრიუსელში, მით უფრო, თანამგზავრი, ვინც "ხელს გააყოლა", რა ესაქმება ქალაქის მერს ევროკავშირში, მაინცდამაინც კარგად არ მესმის, თუმცა ეს ძალაუნებურად მახსენებს პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას დაკარგულ მილიარდზე. ლაპარაკია "ნაციონალური მოძრაობისთვის" მოტეხილ ფულზე. შესაძლოა, იმის საძებნელად გაუდგა ევროპის გზას ეს ორი ადამიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ინტერპოლის მიერ ჯერ კიდევ არძებნილმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ადეიშვილმაც დატოვოს საყვარელი ბუდაპეშტი და ბრიუსელს მიაშუროს ამ საინტერესო კამპანიის სანახავად... თუმცა დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი დაბრუნდება ქვეყანაში და კიდევ ერთ შეწყალებასაც გამოაცხობს", - დასძენს ცისკარიშვილი და შეკითხვას - "ერთხელ სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოახერხებდა ხელისუფლების "ჩამოშლას". თუ ამჯერად მას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ასპარეზი მიეცა, მოახერხებს ამას?" - პასუხობს:

"რაც მაგან ქვეყანას დამართა, მეტი როგორღა უნდა ჩამოშალოს? თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანაში დარჩა, კვლავაც გააგრძელებს მავნებლურ ქმედებებს, თუმცა ეს არც უცხოეთიდან გაუჭირდება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს სააკაშვილი იმ კითხვებზე საპასუხოდ, რაც მისთვის პროკურატურას ნამდვილად უკვე მომზადებული აქვს, თუმცა საკითხავია, დაუსვამენ თუ არა".