'ეს არის მასალები, რომლის გაცნობის შემდეგაც საზოგადოება შოკში ჩავარდება!!!'

'ეს არის მასალები, რომლის გაცნობის შემდეგაც საზოგადოება შოკში ჩავარდება!!!'

'ალიას' კითხვებს პასუხობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში და მოძრაობა 'სამოქალაქო სოლიდარობის' ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა არეშიძე:

- რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების მეექვსე და რუსთავის #2 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე სცემეს, შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ბრეგვაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ორგანიზებით იქნა ნაცემი, თქვენ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში? მოგვიყევით.
- არავითარი ვატო ყიფიანი არ ყოფილა. ერთ-ერთი მისი ყოფილი პატიმარი იყო და სამაგიერო გადაუხადა. მაგრამ აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელი პატიმარი იყო, ვინც ანგარიშსწორება განახორციელა. მე მინდა ვისაუბრო მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, ჩვენ, ექსპერტები, ვვარაუდობდით მოსალოდნელ ქაოსს ქვეყანაში. თუ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრისგან საყვედურიც კი მივიღე, რატომ ვახსენებდი სიტყვა ქაოსს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, რაც მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების დამნაშავე წევრთა მიმართ?
ლაშა ბრეგვაძე რომ დამნაშავეა, ვგულისხმობ პატიმრების მიმართ არასანქცირებულ მოპყრობაში, მათ წამებაში, ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიშში მოხსენებული. არის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, როგორ აწამებდა ის პატიმრებს და მათ შორის ყველაზე იოლი ფორმა იყო პატიმრების შიშველი შეყრა კარცერში. სხვათა შორის, მისგან გამწარებული რამდენიმე პატიმრის გვარი თქვენს გაზეთშიც გამოქვეყნდა, ესაა შალვა ომაკიმიანი, ვაჟა გეგენავა, იმედა ბუთხუზი და სხვები. ლაშა გეგენავა დღეს თავს სრულიად უდანაშაულოდ გრძნობდა, თავისუფლად დადიოდა ქალაქში და ცინიკურად იქცეოდა. ბრეგვაძის მიმართ ანგარიშსწორება ხომ არ არის ერთეული შემთხვევა? ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ადამიანებს კაფე-რესტორნებში, უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც რესტორნებში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. გვახსოვს, რომ ერთმა პატიმარმა საბერძნეთშიც მიაგნო გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს დავით ჩხიტუნიძეს და გაუსწორდა ფიზიკურად. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევები იყო, თუმცა არ გახმაურებულა.
ეს იმიტომ ხდება, რომ მწამებლების გამოვლენა და დასჯა არ მომხდარა. მე არაერთხელ მომიყოლია ჩემი ერთი ნაცნობის შესახებ, რომელიც პოლიტპატიმარია. ის შედიოდა იმ პროკურორის კაბინეტში, რომელმაც ციხეში ჩასვა და ფიზიკურად უსწორდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ეს ფაქტი. ის პროკურორი ადგილზე მუშაობს დღესაც. ეს ხომ არანორმალური მდგომარეობაა? დღეს და ხვალ არაფერი, მაგრამ ზეგ ამ ყველაფერს შესაძლოა, მასობრივი ხასიათი მიეცეს.
- თქვენთან, 'სამოქალაქო სოლიდარობაში' მოდის უამრავი ადამიანი, ვინც 'ნაციონალური მოძრაობის' დროს დაზარალდა და სამართალი ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში ნახა. ისინი თუ ამბობენ თქვენთან პირად საუბრებში, რომ პირადად გაუსწორდებიან დამნაშავეებს, რადგან პროკურატურა არ სჯის მათ?
- სამწუხარო რაღაც უნდა ვთქვა. ზოგიერთ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენაც ვერ შეაჩერებს ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ შურს იძიებენ. ჩვენ ვცდილობთ, ეს პროცესი შევაჩეროთ. ადამიანების სხვადასხვანაირი ჯგუფი მოდის ჩვენთან. ერთია, რომელიც დღემდე სასამართლოებში დადის და ცდილობს, სამართალი ასე იპოვოს. მეორე ჯგუფია, რომლებიც ამბობენ, რომ აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს და ჩვენ თვითონ მოვნახავთ ამ ადამიანებს და გავუსწორდებითო. მესამე ჯგუფია შედარებით განსწავლული და უფრო ინტელექტუალური, რომლებიც თვითონ ცდილობენ ამ ხალხზე კომპრომატების მოძიებას, ცდილობენ, დოკუმენტები მოიპოვონ მათი დანაშაულების შესახებ.
სხვათა შორის, ამ მესამე ჯგუფის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს გამოვაქვეყნებთ. მინდა გითხრათ, რომ სენსაციური მასალებია. საოცარი ფაქტების მომსწრე შეიქმნება ჩვენი საზოგადოება ზოგიერთი სამართალდამცავისა და ზოგიერთი პროკურორის მოქმედებების გაცნობის შედეგად. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი პირებიც საქმის კურსში იყვნენ. ამ ჯგუფმა ძირისძირობამდე შეისწავლა ეს საკითხი და შექმნა ლოგიკური სურათი, როგორ იყო ეს ყველაფერი გადაჯაჭვული ერთმანეთზე და როგორ მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ეს არის უნიკალური მასალა, რომელსაც გამოვაქვეყნებთ. ამას გარდა, არსებობს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელთაც იმედი გადაეწურათ, რომ წართმეულ ქონებას დაიბრუნებენ და სხვა გზებს ეძებენ, რომ თავიანთი ქონება დაიბრუნონ.
- რა სენსაციური მასალებია და როდის შეიძლება უკვე საზოგადოებამ ნახოს დოკუმენტები?
- მეც ყოფილი ჟურნალისტი ვარ და ამ მასალების გასაჯაროება ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე არ მინდა, ამით 'ნაციონალების' წისქვილზე დავასხა წყალი. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გამოვაქვეყნებთ ამ მასალებს. აი, არჩევნების შემდეგ კი სწორედ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან გაეცნობა საზოგადოება ამ სენსაციურ მასალებს. მიუხედავად იმისა, რომ მასალები 'ნაციონალური მოძრაობის' პერიოდს ასახავს და მათ უკანონო მუშაობას, სააკაშვილის გუნდმა გადასარევად იცის, როგორ შემოაბრუნონ ნებისმიერი სიტუაცია თავის სასარგებლოდ. ამიტომ ვიკავებთ თავს არჩევნებამდე ამ მასალების გასაჯაროებისგან. დღეს გამოდიან თუნდაც 'ნაციონალები' და ამბობენ, რომ მავთულხლართების გაბმა დაიწყო ამ ხელისუფლების პერიოდში, არადა ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილის დროს მიეცა ამ ყველაფერს ინტენსიური ხასიათი. კიდევ ერთს გეტყვით, აკაკი მინაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, იმდენად კარგად და ნიჭიერად შეფუთა ეს ყველაფერი, რომ გამოიყვანა სიტუაცია, თითქოს კრიმინალებმა გადაუხადეს სამაგიერო ე.წ. ქურდებთან მებრძოლ ადამიანს. არადა ყველაფერი ტყუილია. მან ახსენა ერთი პიროვნება, კვარაცხელია, რომელიც მონაწილეობდა ლაშა ბრეგვაძის ცემაში.
კვარაცხელია არ არის ციხეში ნაჯდომი, ის თავის მეგობარს გაჰყვა, როგორც ჩანს. ამ კვარაცხელიაზე არასდროს უთქვამს მინაშვილს და არც არასდროს მოყვება, როგორ წაართვეს 'ნაციონალებმა' სუპერმარკეტების ქსელი 'იოლი', როგორ წაართვეს ქარხნები. ამას მინაშვილი არ იტყვის, მაგრამ ახლა ახსენებს უარყოფით კონტექსტში.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რიგითები არ უნდა დაისაჯონ. თქვენც გაგაკრიტიკათ ივანიშვილმა, ნუ აანონსებთ მოსალოდნელ ქაოსს ქვეყანაშიო. ფაქტია, რომ ამ დრომდე ანგარიშსწორება მოხდა სწორედ რიგითებზე, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
- მიმაჩნია, რომ ივანიშვილის მიდგომა, ხელი არ ახლონ რიგითებს და ისინი არ უნდა დაისაჯონ, არასწორია. ბრძანების გამცემიც და შემსრულებელიც უნდა დაისაჯოს. კანონში ხომ წერია, რომ ქრთამის მიმცემიც და ამღებიც ერთნაირი დამნაშავეა? ბრძანების გამცემიცა და შემსრულებელიც ერთნაირი დამნაშავეა, თუ შემსრულებელი მეტი დამნაშავე არ არის. ისტორიული ფაქტია უამრავი, როცა ჯალათი და მსხვერპლი ერთმანეთს ხვდებოდნენ და როგორ უსწორდებოდნენ მათ, გვახსოვს. ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ვგულისხმობ 1970-იან წლებს. უამრავი შემთხვევა იყო ასეთი, ხშირ შემთხვევაში მოუკლავთ კიდეც ჯალათი, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. დღესაც ეს პროცესი გაგრძელდება ბოლომდე ქვეყანაში და არავინ იცის რამდენად მასიური იქნება.
შეიძლება პროცესები ვეღარც გავაკონტროლოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც კრიმინალები გაუსწორდნენ ყოფილ სამართალდამცავებს ან ციხის ყოფილ თანამშრომლებს.

- არადა, თითქოს ნელ-ნელა იდგმება ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ახალაიასა და მერაბიშვილს მალე მიუჯდება გვერდით დავით შოთას ძე კეზერაშვილიც. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, კიდევ ვის დაკავებას შეიძლება დაველოდოთ უახლოეს მომავალში?
- დაკავებაზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმეს დაკავება მოხდება არჩევნებამდე, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე ერთ მნიშვნელოვან საქმეს ფარდა აეხდება. ეს ის საქმე იქნება, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და რომლის გაპროსტესტების ტალღაზეც მოხდა პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება. სხვა დეტალებს ახლა ვერ გეტყვით. ძალიან ბევრ რამეს არჩევნებამდე უნდა დაველოდოთ.

სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება პრემიერ-მინისტრის შეხვედრას რადიოსადგურებისა და გაზეთების რედაქტორებთან? ივანიშვილი მთლიანად ორიენტირებული იყო არჩევნებზე. მან ეს შეხვედრა გამოიყენა პლატფორმად, არჩევნებში საზოგადოების მოსაზიდად და გარკვეულწილად მიზანსაც მიაღწია.

აქ კიდევ ერთი ფაქტი გამოჩნდა, ივანიშვილი მთლიანად ორიენტირებულია არჩევნებზე, რადგან მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შედეგებს, რომელიც დაიდება 27 ოქტომბრის შედეგად. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ იქნება წარმომადგენელი ვილნიუსის სამიტზე.

- რას ამბობთ, სააკაშვილის ადმინისტრაციას დაწყებული აქვს მუშაობა ტექსტზე, რომელიც პრეზიდენტმა უნდა წარმოთქვას ვილნიუსის სამიტზე, დიდი ენთუზიაზმით ემზადება სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე წასასვლელად.
- ამაშია სწორედ საქმე. ამიტომაც იყო დღევანდელი შეხვედრა გამოყენებული ამისთვის, რომ სააკაშვილი ვერ წავიდეს ვილნიუსის სამიტზე. ამიტომ არჩევნებამდე ბევრ ახალ ამბავს უნდა დაველოდოთ, იგივე გახმაურებული საქმის გახსნის სახით.