სულ მალე, თბილისის თოჯინების მუზეუმში გაიხსნება მხატვარ ეთერ ჭკადუას ახალი ნამუშევრების გამოფენა. ეთერ ჭკადუა არის საზღვარგარეთ უამრავი ჯგუფური ექსპოზიციის მონაწილე და 7 პერსონალური გამოფენის ავტორი, რომელიც 1990 წლიდან შედგა არაერთ ცნობილ გალერეაში, მათ შორის Luna Kulturhus Konsthald-ში სტოკჰოლმში, ჩიკაგოს ორ გალერეაში: Navy Pier და Maya Polsky Gallery და სხვა...
გარდა ამისა, 2007 წელს სოფო ტაბატაძესა და თამარ კვესიტაძესთან ერთად ეთერ ჭკადუას ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონში.
ბოლო პერიოდში ეთერ ჭკადუა ორ ნახატზე მუშაობდა ერთს “მყვინთავი“ ჰქვია, მეორეს - “თამადა“. ნახატების გმირები ისევ მას ჰგვანან, მუქი, მეტყველი თვალებით და ძალიან გრძელი თმით. ყველა ტილოში ეთერს იპოვით, ოღონდ სხვადასხვანაირად ემოციურსა და ინსპირირებულს.
“მართალია, “მყვინთავს“ ჩემნაირი თვალები აქვს. ამ ნახატის ერთ ესკიზში მყვინთავის უკან, ჰორიზონტზე, აფეთქებული გემი, “მისტრალი“ ჩანს. ააფეთქებს და გამოცურავს. მოკლედ, ეს მყვინთავი ტერორისტია და თემატიკას ანეკდოტის დონეზე მივუდექი. ჩემი ნახატები ხუმრობიდან მოდის. მერე ვიზუალურად სერიოზული გამოდის. ხუმრობაც ასე არ არის? მასში ჭეშმარიტება იმალება. მეორე ნახატი ჩემი ერთი სურათის, “თამადის“ გაგრძელებაა.
“თამადა“ ჩემი მამიდაშვილის, მალხაზ გირგვლიანის ხსოვნას მივუძღვენი, რადგან ის მაშინ მოყვა ავარიაში, როდესაც ამ ნახატზე ვმუშაობდი. სვანური დღესასწაულიდან ბრუნდებოდა და მთვრალებს ავარია მოუვიდათ. რვა ადამიანი ერთდროულად დაიღუპა. ჩვენთან ქეიფი და სმა თვითმკვლელობის ტოლფასია.
ნახატში ამას გავუსვი ხაზი და იარაღიც ამიტომ დევს მაგიდაზე. იარაღი მესამედ გამოვიყენე. “თამადა“ კანადელმა კოლექციონერმა შეიძინა. სწორედ მან შემიკვეთა ზუსტად იგივე ნახატის შესრულება. ორი თვე ჩანახატებს ვაკეთებდი, რომ პირველისგან გასხვავებული ყოფილიყო. ზუსტად მიმსგავსებულის დახატვა ჩემთვის სამუშაოდ უინტერესო იქნებოდა. მოკლედ, ეს ნახატიც გაყიდულია.“ – მოგვითხრობს ეთერ ჭკადუა, რომლის ახალ გამოფენაზე, მნახველთა ჩამოსვლას, საქართველოს ფარგლების გარედანაც ელიან.