მიშას დაპაუზება თუ ისტორიის დასასრული საქართველოში?

მიშას დაპაუზება თუ ისტორიის დასასრული საქართველოში?

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკა ხოფერიამ, რომელიც ყველაზე «ჭკვიანი ქალია» ქართულ ტელესივრცეში, ცოტა უცნაური გადაცემა მოაწყო: ეთერში ლევან ვასაძე მიიწვია და ცნობილი ისტორიული ფოტოგრაფია დაუდო ფონად, - სადღაც ზემო ვერაზე რომ არის გადაღებული 1986 თუ 1987 წელს.
ბევრს გაუკვირდა, რადგან ვასაძე, როგორი საინტერესო პიროვნებაც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ დისკურსში არ განიხილებოდა. მისი ბიზნესმენობა, ბიძინა ივანიშვილს რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ყოფნის, ხოლო პოლიტიკურ ამბიციებს რაც შეეხება: ჯერ ერთი, ამგვარი ამბიცია არც არასდროს გამოუმჟღავნებია და ივანიშვილმაც, ერთ-ერთ ჟურნალისტს პირდაპირ უთხრა: შენ და ვასაძე პრემიერ-მინისტრი არ გახდებითო.

სინამდვილეში, ხოფერიას გადაცემა არა ლევან ვასაძეს, არამედ იმავე ფოტოზე გამოსახულ კიდევ ერთ პერსონაჟს - გიორგი მარგველაშვილს ეძღვნებოდა. გადაცემის ავტორს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ყველა გათვლისა და სპეკულაციის მიუხედავად, მას პრეზიდენტობა საქართველოში უკვე განაღდებული ჰქონდა. თუმცა ხოფერიას შოუს კიდევ ერთი მიზანი იყო, ეჩვენებინა არა მხოლოდ ის, ვინ მოდის საქართველოში, არამედ რა სოციალური კატეგორია მოდის.

კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ თბილისელი «ძველი ბიჭების» ფოტოს. იმ დროს «კუტოკს» რომ უწოდებდნენ. ტერმინი «საძმო» ბევრად გვიან გაჩნდა - მარაზმატულ 90-იან წლებში. ეს არის კატეგორია, რომელიც «პიდისიატპიატისა» და «პიდისიატპერვის» (ანუ ლომიძისა და ტატულიას სკოლებს) შორს სივრცეში გაიზარდა, პლანს ეწეოდა და უკვე არა Led Zeppelin-ს, არამედ Earth, Wind & Fire-ს უსმენდა, ვერის ტრუბებთან და უნივერისტეტის ბაღში ჩხუბობდა. აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო და ამგვარი არაფერი აინეტერსებდა.

თითქოსდა, ამავე თაობას განეკუთვნება მიშა საააკშვილიც. მაგრამ მხოლოდ «თითქოსდა». სინამდვილეში იგი მხოლოდ ერთი შეხედვით იყო 80-იანელი, ანუ «ეროვნულ მოძრაობამდელი» კაეტგორიის წარმომადგენელი. რეალურად კი სულ სხვა სოციალური კოდის, მენტალობის და ინტენციის მატარებელი აღმოჩნდა, რაშიც უდავოდ მისი ძალიან მძიმე სკოლისდროინდელი ცხოვრება გამოვლინდა, რომელიც კი დაძლია, კი გადალახა, პოზიციაც მოიპოვა და ალბათ არც იჩაგრებოდა, მაგრამ მეტისმეტად დიდი ნერვებისა და ფსიქოლოგიური «ხარჯვის» ფასად დაუჯდა.

თუ არა და მისმა გვიანდელმა პარტნიორებმა (მიშა მაჭავარიან-გიორგი ბარამიძის კატეგორიას ვგულისხმობ, რომლებიც, სინამდვილეში, მიშას მეგობრები არც არასდროს ყოფილან) მოიპოვონ და გვიჩვენონ სააკაშვილის სკოლისდროინდელი თუნდაც ერთ ასეთვე ფოტო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი სამეგობრო ისევე ლაღად, თავისუფლად, ამაყად, გიჟურად, უდარდელად გამოიყურება, როგორც ლევან ვასაძის, იკა კაკაბაძისა და გიორგი მარგველაშილის კუტოკი. ძალიან საინეტრესო იქნება, მაგრამ ვერ იპოვით ასეთ ფოტოს, იმიტომ, რომ ამგვარი რამ არ არსებობს.

სწორედ ესაა საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია: რა კატეგორიას დაუტოვა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც (და ეს უკვე აბსოლუტურად ნათელია) ძალზე ეშმაკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა არჩევანი სწორედ გიორგი მარგველაშვილზე გააკეთა!

ესაა ერთადერთი კატეგორია, რომელსაც მიშა იოლად ვერ დააჩმორებს. ყველა სხვას სულ ადვილად მოისროდა ისტორიის სანაგვეზე ისევე, როგორც შევარდნაძის პარტნომენკლატურული თაობა მოისროლა. მაგრამ «ამათთან» არ გაუვა. ყოველ შემთხვევაში არ გაუვა იოლად!

მათთან ოპოზიციაში იგი არასდროს მდგარა. პირიქით: სულ შენატროდა და იმას ცდილობდა, საკუთარ წრეში მიეღოთ. ბევრზე შურიც იძია და ამბობდა კიდეც: «ზოგი ციხეშია, ზოგი საფლავშიო» - იმდროინდელ «ძველ ბიჭებს» გულისხმობდა. თუმცა ფოტოზე ასახულმა «კუტოკმა» სოციალური დეგრადაციის საფრთხე დაძლია და საზოგადოებრივი პოზიციები მოიპოვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ პრემიერის ვინაობა ნაკლებად მნიშვნელოვანიც კია. მიუხედავად იმისა, რა წერია კონსტიტუიციაში და ვის რა ფორმალური უფლებები აქვს, ვერელი, ვაკელი და მთაწმინდელი ძველი ბიჭები ვიღაც სოფლელ გოიმს «არ აბლატავებენ».

სწორედ ამიტომ, მიშა სააკაშვილისთვის დღეს პოლიტიკიდან წასვლა ბევრად უფრო მწარეა, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, პრეზიდენტი რომ, ვთქვათ, ნოდარ ხადური გამხდარიყო ან ვინმე სხვა ამ კატეგორიისა - გიორგი კვირიკაშვილი, თუნდაც დათო უსუფაშვილი. . . . . ასეთ შემთხვევში მხოლოდ დააპაუზებდა და სულ მალე დაამხობდა ახალი რევოლუციით, როგორც ისტორიის მოუსავლეთში ჩაძირულ სოციალურ თაობას.

ამათთან კი, ვიმეორებ, ადვილად არ გამოვა. მით უმეტეს, თუ ჭკვიანურად იმოქმედებენ. ასეთ შემთხვევაში ის, რაც 2013 წლის 27 ოქტომბერს მოხდა, არა მიშასთვის სასურველი «ისტორიული პაუზა» გახდება (რაც ბევრჯერ ახსენა), არამედ იმ ეპოქის საბოლოო დასასრული, რომელიც ხსენებული ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ბაღსა და რუსთაველზე მიტინგებით, მრავალი წლის შემდეგ კი მიშას მმართველობით გაგრძელდა.