რატომ არ ბაძავს ნატო ევროკავშირს?!

რატომ არ ბაძავს ნატო ევროკავშირს?!

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. ამის შესახებ მინიშნება უკვე გაკეთდა საქართველოდან. თუმცა, ფაქტია, რუსეთის პირისპირ მდგარი ნატო ისე თამამი არ არის საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ევროკავშირი.

ჩვენი ხელისუფლება მეტ სიცხადეს მოითხოვს ნატოსგან. შემთხვევითი არაა მმართველი გუნდის გზავნილი, რომ ნატომაც უნდა გადაიღოს და გაიზიაროს ევროკავშირის მიდგომები და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები საქართველოს დასაახლოებლად, ასევე, უნდა გვითხრან, როდის იქნება პროგრესი, რომ ამას გადაწყვეტილებები მოჰყვეს. მით უმეტეს, რომ საქართველო დიდი ხანია, ისე იქცევა, როგორც მოკავშირე ქვეყანა, რომელსაც საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

რატომ ვერ ბაძავს ნატო ევროკავშირს და მკაფიოდ რატომ არ მიგვანიშნებს, მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე მიიღებენ თუ არა საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას?! იმედის მომცემია თუ არა საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ პარტნიორებისგან მკაფიო გზავნილები მიიღეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში?! როდის იფიქრებს ნატო მკაფიო გეგმაზე საქართველოსთან მიმართებით?!

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც აქამდე დამაბრკოლებელი იყო, ეს იყო რუსეთის მუქარა, რომ კვლავ გააჩაღებდა ომს. ეს მუქარა არსად არ წასულა, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში გაბედა რუსეთმა და ამხელა ომი წამოიწყო. ამდენად, ნატოს წევრ ქვეყნებს არ აქვთ იმის ფუფუნება, კიდევ ერთხელ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება უკვე საქართველოს მიმართულებით.

„რუსეთის ფაქტორი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ამ ობიექტური მიზეზის გარდა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გაკეთდა მკვეთრი განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან და ნატოსგან მეტი მკაფიოობა რატომ მოითხოვეს. თუნდაც შალვა პაპუაშვილს ხომ ძალიან კარგად ესმის, ამ ეტაპზე ნატო დამატებითი რისკების შექმნას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. შესაძლოა, ამის უკან დგას უკმაყოფილება ნატოს ნაკლები აქტიურობით ჩვენს მიმართ. თუმცა ეს ზუსტად იმავე სახის რიტირიკაა, რაც იყო ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველომ დაიმსახურა და რატომ არ გვაძლევთ კანდიდატის სტატუსს?! ნატოსთან რიტორიკაც დაახლოებით ასეთია, თუ სტატუსს არ ვიმსახურებთ, მაშინ გვითხარით, რატომ არ გვაძლევთ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას?!“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბარში და შეკითხვის საპასუხოდ, მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე უნდა ველოდოთ თუ არა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, განმარტავს, რომ, სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის გამალებული ომია, რა თქმა უნდა, ნატო საქართველოს არ მისცემს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და ეს აიხსნება ისევ საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ნატო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, რომლის სამხრეთ კავკასიაში, უფრო სწორად კი დარჩენილ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებას რუსეთი არ დათანხმდება, სანამ პირში სული უდგას. სწორედ ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია ის უბედურება, რომელიც დღეს უკრაინაში ტრიალებს.

„თავად ნატოს ლიდერები და უკრაინის სახელისუფლებო ხროვა, ანუ ზელენსკის სახელისუფლებო ხროვა ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია. ამიტომ საქართველო უნდა ეცადოს ბალანსირებას. დღეს ნატოსთან დაკავშირებით ხმამაღლა ლაპარაკი და ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა არა მგონია, რეალური იყოს. უკრაინა დიდი ტერიტორიაა და მას საკუთარი ტერიტორია შველის, თორემ ნახეთ, რა ხდება, თავად უკრაინელები ამბობენ, 300 ათასი კაცია დაღუპულიო, ათ მილიონამდე უკრაინელი ემიგრაციაშია, მილიონობით უკრაინელი საკუთარი ქვეყნის სივრცეში შიდა ემიგრაციაშია. ჩვენი პატარა საქართველო კი, რომელსაც ერთი კუთხიდან მეორეში კარგი ფეხით მოსიარულე ერთ დღეში გაივლის, ამას ვერ გაუძლებს და საქართველო განადგურდება. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე ახორციელებს იუველურული სიზუსტით, ამას ჰქვია ბალანსირების პოლიტიკა“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების გახშირებულ განცხადებას ნატოსკენ სწრაფვასთან დაკავშირებით და მსგავსი განცხადებებით რუსეთის შესაძლო გაღიზიანებას, ამის შესახებ ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ სხვა რა უნდა თქვას ჩვენმა ხელისუფლებამ?! ეს ხომ პოლიტიკაა, მით უმეტეს, დღე დღეზე კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ.

„ამდენი წლის განმავლობაში ვყვიროდით „ნატო-ნატოო“ და ახლა უცბად უარი ვთქვათ ნატოზე?! ეს დიპლომატია არ იქნება. დიპლომატია არის ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, ანუ ბალანსირების პოლიტიკა. სწორედ ბალანსირების პოლიტიკამ მოიყვანა საქართველო დღევანდელ დღემდე. დარწმუნებული ვარ, ბალანსირების გენეტიკური კოდის მეშვეობით საქართველო მომავალშიც გადარჩება როგორც ფიზიკურად, ისე სახელმწიფოებრივად“, - განმარტავს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.

ლევკოთეა მგონი, ზურაბიშვილი რომ უტიფრად წილში ჩაუჯდა მთავრობას ევროკანდიდატობაში, ნატოზე ქიმერული საუბარი საარჩევნო ექსკლუზივად სჭირდება ოცნებას. :)
4 თვის უკან
Maverick ლევკოთეა 100%!
მოლასი არ იყოს, 2030 წლამდე "ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატონი!"
4 თვის უკან