ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს

ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს

“სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, თუმცა, პოლიტიკური ძალები, მათ შორის “ოცნებაც” ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე შექმნას მოძრაობა და 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლოს, მათ განსაკუთრებით ეჭვებს უჩენთ პრეზიდენტის ბოლო აქტოვობები. როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს და თუ მისი მიზანი ესაა, უნდა გადადგეს. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა კი, ცესკო-სთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შანსებს 2024 წლის არჩევნებისთვის, ანალიტიკოსების ნაწილს ამაზე საუბარი უჭირს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან შეკრავს ალიანსს, ეს კი შესაძლოა არცთუ წარმატებული ტანდემი აღმოჩნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას “თავს და ბოლოს ვერ გაუგებს”. “ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ”, - განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, რომელმაც კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ამბობს, რომ “ივანიშვილის კადრების გადაბირებით" დაინტერესებულნი არ არიან”. “არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ თქვა, რითაც გამოეხმაურა “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილი გაზაფხულს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სალომე ზურაბიშვილს ერთ რამ უნდა დავუფასოთ, რომ არ აჰყვა ”ქართული ოცნების” ანტიქართულ რიტორიკას, ეს არის დასანახი, დანარჩენი საკუთარ გეგმებზე მან უნდა ისაუბროს. ჩვენ არ ვესხმით თავს ადამიანებს, რომლებიც პროდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობენ და ამ რიგში მოვიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს. ვცდილობთ ასევე თავს არ დავესხათ ოპოზიციონერებს, რადგან კობახიძე არ მალავს, რომ რაც უფრო მეტი დაძაბულობაა ოპოზიციაში, მათ ინტერესშია და კარგია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ალბათ გაზაფხულს დაელოდება, როცა მოხდება რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენის პოლიტიკურ პროცესზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. მით უმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან “კოჭლ იხვს” ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ამ ქვეყანაში დიდი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების”, - განაცხადა მანჯგალაძემ. კონსტიტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” იმ პროცედურებზე ყვება, რომელსაც უნდა მიჰყვეს, თუ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში მონაწილება სურს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრეზიდენტი გადამდგარად ითვლება გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა, ცესკოსთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა. თუ პრეზიდენტის გადადგომის მიზანი კანდიდატის სახით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს, რადგან ეს უკვე პარტიულ საქმიანობად ითვლება. შესაძლოა პრეზიდენტმა კანდიდატად ყოფნა არ მოინდომოს, მაგრამ კონკრეტულ პარტიასთან ერთად მიიღოს მონაწილოება წინასაარჩევნო კამპანიაში. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება პარტიის მიერ ცესკოსთვის კანდიდატთა პარტიული სიის წარდგენამდე უნდა გააკეთოს, თუ მას უნდა, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყოს, მაგრამ, თუ ეს სურვილი არ ექნება და უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვით შემოიფარგლება, მაშინ უფრო ადრეც შეუძლია გადადგეს და გადადგომის წუთიდანვე ექნება უფლება სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ბევრმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისი დამოკიდებულება შეიცვალოს, ის დამოკიდებულება, რაც დღეს აქვს ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ, ამიტომ ახლა პროგნოზის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. უფრო მესაც ვიტყვი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგაც კი, ჩემთვის საკმაოდ რთული იქნება პროგნოზების გაკეთება თუ პრეზიდენტის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში რამდენად წაადგება კონკრეტულ პარტიას. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ კონკრეტული პარტიის სახელის ქვეშ შესაძლოა გაერთიანებული იყოს კიდევ რამდენიმე სხვა პარტიაც”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებზე მონაწილოების განაცხადს გააკეთებს, თუმცაღა ეეჭვება, რომ ბარიერი დაძლიოს იმ პლატფორმამ, საიდანაც ზურაბიშვილი იმოღვაწევებს, აბაშიძის ვარაუდოთ ეს შესაძლოა იყოს გახარია-ზურაბიშვილის ალიანსი. “დიდი ალბათობით ასე მოხდება, სალომე ზურაბიშვილი და მისი გარემოცვა თვითილუზიაში არიან, რომ ის ქართულ ელექტორატში საკმაოდ პოპულარულია, რაც დიდი ტყუილია. ირაკლი კობახიძის პროგნოზი, რომ შეიძლება ზურაბიშვილი პრეზიდენტობიდან ორი თვით ადრე გადადგეს, მე მგონი ეს დრო ძალიან გვიანი იქნება, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. თუ ზურაბიშვილს სერიოზული საარჩევნო კამპანიის წარმართვა უნდა, რამდენიმე თვით ადრე უნდა გადაწყვიტოს და არა ორი თვით”, - აცხადებს აბაშიძე, რომლის მტკიცებით, “შესაძლოა მის უახლოეს თანამოაზრეებს ეგონოთ, რომ ზურაბიშვილი მესია და გადამრჩენელია, მაგრამ ეს ასე არაა", - დასძენს გამოცემა.

“მას ან რაღაც ახალი პარტიის შექმნა მოუწევს, ან რომელიღაც პარტიაში შეკედლება. დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს გახარიას პარტია და არა “ლელო” და არანაირად ენმ, რომელიც უკვე ნამსხვრევებადაა ქცეული. არაა გამორიცხული ეს კონფიგურაცია, რომ გახარიას პარტიაში სალომე ზურაბიშვილი პირველ ნომრად იყოს, მეორე ნომრად გახარია და შემდეგ სხვები, მაგრამ საკითხავია ეს ორი ურეინტინგო პოლიტიკოსი ერთმანეთს მისცემენ კი საკმარის ხმებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ?! ძალიან სათუოა და ნუ იქნებიან მორიგ თვითილუზიაში, ნურც ზურაბიშვილი, ნურც გახარია, ნურც ხაზარაძე და სხვები, რომ მათ ელექტორატის მხარდაჭერის რესურსი აქვს. არჩევნები ცალ-ცალკე პარტიებით და 5%-იანი ბარიერით იქნება და არა ბლოკებით, ვნახოთ ვინ რას შეძლებს. არც მმართველ პარტიას არ უნდა უხაროდეს, რომ საკონსტიტუციო უმრალესობას მიაღწიოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციიის დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და თვითდესტრუქციის გზაზეა, არ გამოვრივცხოთ ეს სცენარიც, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში „ქართული" ოცნება შევიდეს და ერთი-ორი პარტია რამდენიმე დეპუტატით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

Gami არაფერში არ გამოადგა ამ ნაფიზიკოსარ ხმალაძეს ეს " კონსტიტუციონალისტობა" და მაინც არ ანებებს თავს. ხვიჩია და მანჯგალაძე --- უსარგებლო, მავნე იდიოტები.
4 თვის უკან