ინფლაცია, ფაქტობრივად, ნულოვანია, მონეტარული პოლიტიკა, ალბათ, შემსუბუქდება

ინფლაცია, ფაქტობრივად, ნულოვანია, მონეტარული პოლიტიკა, ალბათ, შემსუბუქდება

2023 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. იმავდროულად მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია გრძელდება. დაბალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ღირებულებაც.

„ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს, ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 3.6%-ით გაიაფება, რაც ინფლაციას 1.1 პროცენტული პუნქტით ამცირებს. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურისა და კარტოფილის გაიაფება, რამაც ნოემბერში ინფლაცია ჯამურად 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამდენითვე გაზარდა ინფლაცია საბანკო მომსახურების გაძვირებამ.

რამდენიმეთვიანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ ნოემბერში საწვავის გაძვირება თითქმის შეჩერდა, თუმცა ბენზინის ფასმა გასული წლის ნოემბრის ფასს 3.9%-ით გადააჭარბა და ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.8% შეადგინა“, – აცხადებენ მარეგულირებელში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიკლო და ნოემბერში 3.8% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის კლება მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-1.0%) და ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია. შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური 6.8-პროცენტიანი გაძვირება განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.0 პროცენტული პუნქტია.

თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, – წერია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

საქართველოში ინფლაციის მისაღებ დონედ 3%-ია განსაზღვრული, თუმცა 2020 წლის პანდემიის შემდეგ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ინფლაცია საკმაოდ გაიზარდა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორებს ჰქონდა გავლენა. ეს ფაქტორებია წარმოების დანახარჯების ზრდა (კოვიდის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე), ტრანპორტირების გაძვირება, საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქტების ფასების მაღალი ზრდა და ა.შ.

მაღალი ინფლაცია საქართველოში 2023 წლის აპრილიდან სწრაფად შემცირდა და დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ზოგადად, ინფლაციის საერთო დონის შემცირებას სხვა ფაქტოებთან ერთად ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. 2023 წლის ნოემბერში ინფლაცია კიდევ უფრო შენელდა, რაც სურსათის ფასების მოსალოდნელზე მაღალმა კლებამ განაპირობა.

„გალტ ენდ თაგარტის“ ინფორმაციით, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის ფასების დინამიკაზე საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ცვლილებები მოქმედებს, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დაახლოებით 70% იმპორტირებული საქონელია. სურსათის ფასების ბოლოდროინდელი შენელებაც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტრენდის შედეგია, რასაც ასევე ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის გამყარებამ. შედეგად, 2023 წლის გაზაფხულიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასები მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით აპრილი-სექტემბრის პერიოდში (საშუალო წლიური კლება 6.0% იყო). ნოემბერში იმპორტირებული ფასების კლება შენელდა, რადგან ოქტომბრიდან ნავთოპროდუქტების ფასები წინა თვეებთან შედარებით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ფონზე.

ინფლაციის არსებული დინამიკიდან გამომდინარე, უკვე ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შეამცირებს 2023 წლის 20 დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. როგორც მან აღნიშნა, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა კვლავ შემსუბუქდეს.

„ბოლო თვეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფლაციის მოთოკვისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და ეფექტური. ვგულისხმობ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, მართლაც დაბალი ინფლაცია გვაქვს, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელია. ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ ფხიზლად და ზომიერი ნაბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი აღებული, სესხის პროცენტი შევუმციროთ“, - განაცხადა თურნავამ.

მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა რომ არსებობს, ამაზე მიუთითა ეკონომიკის მინისტრმაც. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ინფლაციის შემცირება იძლევა იმის საშუალებას, რომ თამამი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების კუთხით, არის ინფლაციური კომპონენტის გათვალისწინება. შესაბამისად, ეს სივრცეს აძლევს მთავრობას, ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეულწილად შემსუბუქდეს.

დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მეტად შევუწყოთ ხელი კერძო სექტორის აქტივობას, დაკრედიტებას დაფინანსებას და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა დავითაშვილმა.