ავტოიმპორტიორებში უკმაყოფილება მატულობს – მთავრობისგან შეღავათს ითხოვენ, კერძო ბიზნესს კი უჩივიან

ავტოიმპორტიორებში უკმაყოფილება მატულობს – მთავრობისგან შეღავათს ითხოვენ, კერძო ბიზნესს კი უჩივიან

ავტობიზნესს წლის მიწურულს პრობლემები მოუმრავლდა. კერძო დავასთან ერთად, ისინი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და შეღავათებს ითხოვენ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას ეხმიანება და შესაძლო პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ბაზარმა შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ სწორედ შეზღუდვაში მოყოლილი საექსპორტოდ გამზადებული მანქანები განახევრებულ ფასად გაყიდონ.

როგორც ცნობილია, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების.

აღნიშნული შეზღუდვა თავისთავად შეამცირებს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რაოდენობას. მყიდველები კი იძულებულები იქნებიან, რომ 2014 წელს ან მას შემდგომ გამოშვებული მანქანები შეიძინონ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ავტოიმპორტიორები ორი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან, ვინაიდან გასარკვევია ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით და აგრეთვე ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის ავტომობილი გზაშია, უნდა ჩამოვიდეს დეკემბერში, მაგრამ ის იგვიანებს და ჩამოსვლა უწევს 2024 წლის პირველი იანვრის შემდგომ.

„როგორც დადგენილებაშია, 2024 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება განბაჟება. თუ შეძენილი მყავს მე ავტომობილი და შემოვიდა დეკემბერში და გამოვიყვანე საბაჟო ტერმინალიდან. ამ შემთხვევაში მე ვერ ვისარგებლებ 3-თვიანი განბაჟების ვადით და იძულებული ვიქნები, რომ მანქანა 2024 წლამდე განვაბაჟო. ასევე შესაძლოა, მანქანამ დაიგვიანოს და ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგეს ნებისმიერი ადამიანი.

რეექსპორტის საკითხიც რთულად დგას, ვინაიდან უკვე აზერბაიჯანმაც აკრძალა ქვეყანაში 2013 წლამდე მანქანების შეყვანა და, ზოგადად, ბაზარმა შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ სწორედ ამ შეზღუდვაში მოყოლილი საექსპორტოდ გამზადებული მანქანები განახევრებულ ფასად გაყიდონ“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, თუ რა არის ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა შექმნას ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გზაში ჰყავს ავტომობილი ან ფინანსური მიზეზების გამო განბაჟებას ვერ ახერხებს.

ის, რომ საქართველოს ბაზარი ძველი ავტომობილებითაა გაჯერებული, სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. „საქსტატის“ სტატისტიკით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 563 165 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 1 375 980 ერთეული 10 წელზე მეტი ასაკისაა, ანუ დაახლოებით 88%.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტი ათეულში პირველი ადგილი 1,762 მლრდ დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს. ასევე მაღალია მაჩვენებელი იმპორტშიც, კერძოდ, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში სულ შემოვიდა 2,589 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, რაც მთლიანი იმპორტის 20,4%-ს შეადგენს.

ავტოიმპორტიებს გარდა ამისა, სხვა პრობლემაც გაუჩნდათ, რის გამოც სხვადასხვა ინსტანციაში ჩივიან. ამჯერად საქმე კერძო ბიზნესთან დავას ეხება. დილერები რუსთავის ავტობაზრობის წინაღმდეგ კარგა ხანია გამოთქვამენ პრეტენზიას და ახლა უკვე ქმედებაზე გადავიდნენ.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტიორთა საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა დაიწყო.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას. შესაბამისად, მომჩივანი მხარეები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ითხოვენ სააგენტოსგან კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამოკვლევას.

სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 14 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.