გადამწყვეტი მომენტი ენმ-სათვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე

გადამწყვეტი მომენტი ენმ-სათვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე

“ნაცმოძრაობა” 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავთან დაკავშირებით, დიდ შეკრებას აანონსებს. პატიმრობაში მყოფ ექსპრეიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შედგება მანიფესტზე ხელმოწერაც, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ მას ენმ-ის ყოფილი თავმჯომარის ნიკა მელიას ფლანგიც ხელს მოაწერს, რომელიც პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან ღია კონფლიქტშია. თუმცაღა, თუ მემორანდუმის ტექსტში პარტიის ერთიანობაზე იქნება აქცენტი, დიდი ალბათობით მელია თავისი მომხრეებით პარტიას გამოეყოფა და ცალკე პოლიტიკურ ძალად შეეცდება ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუ ენმ გაიყო, ეს პარტიას ყველა ვარიანტში დააზარალებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ საკრებულოებში “ნაცმოძრაობის” ფრაქციების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მელიას მხარდამჭერია და, დიდი ალბათობით, პარტიის გაყოფის შემთხვევაში მას გაჰყვებიან, რის გამოც “ნაცმოძრაობამ” შესაძლოა არჩევნების წინ რეგიონებში გარკვეული პოლიტიკური ბერკეტები დაკარგოს. ასევე მას სავარაუდოდ პარლამენტშიც ეყოლება მხარდამჭრები ენმ-ს ყოფილი წევრების - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის სახით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გადამწყვეტი მომენტი ენმ-სათვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე.

“თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი პარტიის შესაძლო გაყოფაში ზოგადად ოპოზიციისათვის პოზიტიურ პერსპექტივასაც ხედავს. მათი შეფასებით, ენმ-ს, ისევე როგორც ცალკე მყოფ მელიას ჯგუფს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ და შესაძლებელია ჯამში პარლამენტში იმაზე მეტი მეტი ადგილი ერგოთ, ვიდრე ენმ-მ 2020 წლის არჩევნების შედეგად მიიღო. თუმცაღა აქვე ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა მელიას შესაბამისი ფინანსური რესურსი და სხვა ბერკეტები, რაც ახალი პარტიის ჩამოყალიბებისათვის არის საჭირო? აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არჩევნებამდე უკვე წელიწადზე ნაკლები რჩება. ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე აზუსტებს, რომ პარტია 23 ნოემბერს “აპირებს დიდ შეკრებას” და ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნას. კითხვაზე, ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძემ უპასუხა: “ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი. მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები”. თუმცა, რა სიახლეებს ვიხილავთ, კირკიტაძეს არ დაუკონკრეტებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნიკა მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა, კვლავ აანონსებს რეგიონებში თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრებს. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მასთან ალიანსში მყოფი “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც ასევე მართავენ შეხვედრებს მხარდამჭერებთან. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ენმ-ის მიერ მომზადებული მანიფესტის ტექსტს. თუ მელიამ მას ხელი მოაწერა, გამოდის, რომ პარტიის ახალ მმართველობასთან პრეტენზიები უკან უნდა წაიღოს. თუ ენმ-ს მელიას ფლანგი გამოეყო, ეს პარტიისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დანაკლისი იქნება. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად აქვს მელიას ცალკე პოლიტიკური ძალის შექმნის რესურსი. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი ამ მენეჯმეტის პირობებში მანიფესტს აზრი არ აქვს, თუ მასში ერთიანობაზეა საუბარი. ხოლო გაყოფის შემთხვევაში ენმ-ს ორივე ფლანგმა შეიძლება ჯამურად მეტი ხმები აიღოს და ორივე ფრთამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ მათ უკან უნდა წაიღონ ყველა ის პრეტენზია, რაც “ნაცმოძრაობასთან” აქვთ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა - მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფაფხურს, ავტონომიურ ჯგუფად გამოყოფას, მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარებას და ა.შ.?! თუ მათ ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ ისინი ფაქტიურად ახალ მენეჯმენტს აღიარებენ და იმ პოზიციებს უბრუნდებიან, რა მდგომარეობაშიც მანამდე იყვნენ, ვიდრე პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაიწყებოდა. თუ არ მოაწერეს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაწყებულია და მოუწევთ ცალკე პოლიტიკურ ძალად გაფორმება. სააკაშვილმა თავისი ”ფეისბუქ” პოსტი წაშალა, სადაც მელიას მიმართ სიმპატიებს ამჟღავნებდა - სიტყვები უკან წაიღო და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც კეზერაშვილმა მას წერილი მისწერა, რომ ის შიდაპარტიულ საქმიანობაში ერევა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მანიფესტის შინაარს უნდა დაველოდოთ, რადგან იქ ის პირობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რაზეც უნდა მოხდეს გაერთიანება. მისი შინაარსიდან გავიგებთ რა პერსპექტივა აქვს ენმ-ს ერთიანობას, ან პირიქით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რეალურად მელიაც და ენმ-ს მეორე ნაწილიც ერთი მიზნის ქვეშ არიან გაერთიანებული - რომ ეს ხელისუფლება როგორმე შეცვალონ. ამას თუ ცალ-ცალკე გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის ფრაგმენტაციას გამოიწვევს. მაგრამ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თუ ნიკა მელიას ირგვლივ გარკვეული სერიოზული ელექტორალური რესურსი ჩამოყალიბდა, ის ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს. ამან ერთის მხრივ შესაძლოა ის სარგებელი მოუტანოს, რომ ოპოზიცია რამდენიმე ფრონტზე გაიშლება. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ეს ტრადიციული სენი, ანუ არჩევნების წინ ხმების ფრაგმენტაცია, მით უმეტეს 5%-იანი ბარიერის პირობებში, შესაძლოა მას ძვირად დაუჯდეს”, - განაგრძობს ანჯაფარიძე.

“ნიკანორ მელია “ოცნებას” ისევე უპირისპირდება, როგორც ენმ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას “ნაცმოძრაობის” ელექტორატის რაღაც ნაწილი მიჰყავს და რა თქმა უნდა, პარტიისთის ეს დანაკლისია, ამ საკითხს რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე. ჯერ არ ვიცით, ნიკანორ მელია შეძლებს კი ამ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?! ანუ რამდენი ადამიანი გაყჰვება მას “ნაცნოძრაობიდან”, ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია. მელია პარტიიდან ამდენი ხანს იმიტომ არ მიდიოდა, რომ ცდილობდა, რომ პარტიაში მისი ყოფნით მაქსიმალურდა ბევრი ადამიანი წამოეყვანა, მაგრამ თუკი ის პარტიიდან გავიდა, მაშინ თავის ჯგუფთან ერთად მარტო დარჩენილი რას გააკეთებს, ესეც გასარკვევია. მან უნდა მიიზიდოს ფინანსები, სხვა ტიპის რესურსები, ამას კი დრო და დამატებითი ბერკეტები სჭირდება და რამდენად გააჩნია ეს, ამას მე პირადად ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“საინტერესოა მანიფესტზე ხელმოწერა რას გულისხმობს და ქვეტექსტი რა არის, რატომ გახდა ის აუცილებელი. თუ პარტიაში მართველი რგოლი იგივე რჩება, რა ერთიანობაზეა მაშინ საუბარი?! თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ შესაძლოა მას ხელი ყველამ მოაწეროს, მაგრამ პარტიის მთლიანობის შენარჩუნება ნამდვილად გაჭირდება. ამ ორ ფრთას შორის ურთიერთობა ისეთი მძიმე იქნება, რომ ისინი არჩევნებს ერთად კი არა , ცალკ-ცალკე ჩაატარებენ და ერთის მხრიდან მეორეს ბლოკირება მუდმივად იქნება. ეს უკვე იმ დონემდეა მისული, რომ სჯობს გაიყარონ და ცელკ-ცალკე იყარონ კენჭი, ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ საკუთარი ამომრჩეველი საბოლოოდ დააბნიონ - ისინიც კი, ვინც დღემდე ენმ-ის ერთგულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“შანსია, რომ გაყოფის შემთხვევაში ორივე მხარე 5%-იან ბარიერს გადალახავს და ჯამურად შესაძლოა მათ მეტი ხმაც მიიღონ, ვიდრე ერთიანად ენმ მიიღებს. პარტიის მხარდამჭერებში გარკვეული მერყევი ჯგუფია, ვისთვისაც მიუღებელია როგორც კეზერაშვილი, ისე სხვები. თუ პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს, ეს ხმები შესაძლოა დაიკარგოს და ენმ-ის ზომიერმა ნაწილმა პარტიას ზურგი შეაქციოს. გაყოფის შემთხვევაში კი ეს ხმები ნიკა მელიასთან სრულად გადაბარგდება. ამ გაყოფამ შესაძლოა მელიას გუნდს დამატებითი ხმები შესძინოს ისევ იმ მერყევი ამომრჩევლისგან და იმათგან, ვისაც ენმ და ჩამოთვლილი პირები გულზე არ ეხატებათ. გაყოფის შემთხვევაში იმის ალბათობა ნამდვილად არის, რომ ჯამურად მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე მხოლოდ ენმ აიღებს”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.