თუ რაღაც რეგულაციები არ დაწესდა, ადრე თუ გვიან, ქალაქი „გაჩერდება“ - დიდგაბარიტიანი ტრანსპორტი იზღუდება

თუ რაღაც რეგულაციები არ დაწესდა, ადრე თუ გვიან, ქალაქი „გაჩერდება“ - დიდგაბარიტიანი ტრანსპორტი იზღუდება

საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ თბილისში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კანონპროექტი პარლამენტშია. დეპუტატები ინიციატივას იწონებენ და ამიტომ პროექტს დამტკიცებაც არ ასცდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3, M2 და M3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.

ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობა გაუმჯობესდება.

„შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში შემცირდება, რაც შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

2012-13 წლებში, საქართველოში, თბილისში 400 ათასი მანქანა დადიოდა, დღეის მონაცემებით, ქალაქში ყოველდღიურად 650 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება. საცობი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არის და ეს ტენდენცია მზარდია, ქალაქში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს.

დეპუტატ ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ რაღაც რეგულაციები არ დაწესდა, ადრე თუ გვიან ქალაქი „გაჩერდება“.

„იქნება გამონაბოლქვი, მოძრაობა შენელდება და საბოლოო ჯამში, შენელდება ეკონომიკაც, აღნიშნული რეგულაციებით ვცდილობთ, რომ საცობები არ იყოს ისეთი რთული და ძნელად გადასატანი, როგორც დღეს უკვე არის. რეგულაციებით შევძლებთ, რომ ბეტონის მანქანამ, შუადღის საცობში არ იაროს ზუსტად იქ სადაც ყველაზე დიდი საცობია - თუ სპეც ნებართვა არ იქნება გაცემული მუნიციპალიტეტისგან“, - დასძინა მან.

დავითულიანის განცხადებით, საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ნელ-ნელა უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები და აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ქვეითებზე, შემდეგ ეკომეგობრულ ტრანსპორტზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ბოლოს ავტომობილებზე.

„ჩვენს პოლიტიკოსებს გზების გაფართოება და ინფრასტრუქტურის შეცვლა ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ეგონათ, თუმცა, გვყავდა ბევრი სპეციალისტი, რომელსაც მეგაპოლისში უმუშავია და თქვეს, რომ ეს არის დაღუპვის გზა - ინფრასტრუქტურის შეცვლის შემდეგ დიდი გზები იჭედება, შესაბამისად, დაგვიწერეს გეგმა, რომ ნელ-ნელა აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეითებზე, შემდეგ ეკომეგობრულ ტრანსპორტზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და უკანასკნელია აქ ავტომობილი.

ჩვენ ვიცით, რომ ამ შეზღუდვებით კერძო ავტომობილებს დისკომფორტს ვუქმნით, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევუქმნათ უკეთესი პირობა და ყოველდღიურ მოხმარებაში ავტომობილის წილმა დაიწიოს, ამის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს“, - აღნიშნა დავითულიანმა.

მიშა ყველაზე უტყუარი გამოსავალი აქედან, ადამიანებში (მძღოლებში, ფეხმავლებში) შესაბამისი ქცევების ჩამოყალიბებაა. რაშიც ასე ძალიან მოვიკოჭლებთ.
10 თვის უკან