„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული მწვავე კრიზისის მოგვარება პრექტიკულად შეუძლებელია და ოპტიმალური გამოსავალი პარტიის გაყოფა იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიას ერთიანობას ვერც მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული ერთობლივი დეკლარაცია გადაარჩენს და ვერც ნიკა მელიას იდეა ნდობის უფლებამოსილი საბჭოს შექმნის შესახებ.
გასულ კვირას პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, მთავარ საკითხებზე ერთობლივი მანიფესტი შეიმუშაონ და ხელი მოაწერონ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტია დატოვონ. მისი აზრით,ეს ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, 23 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კი, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად ამ მიმართვის მთავარი ადრესატია, ექსპრეზიდენტის მოწოდებას ალტერნატიული გეგმით პასუხობს და პარტიაში ნდობის საბჭოს შექმნას ითხოვს, რაც, მისი თქმით ენმ-ს ჩიხიდან გამოიყვანს.
„გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ამ საბჭოში პარტიაში არსებულ ინტერესთა ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლობა; ნდობის საბჭო ასევე უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი", - წერს ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" პრობლემების მოგვარების გზად მხოლოდ პარტიის გაყოფას ხედავს და მიაჩნია რომ ვერც საბჭო და ვერც მანიფესტი ენმ-ს ერთიანობას ვერ შეუნარჩუნებს.
„რაღაც ზემდგომი საბჭოს შექმნა არსებულ პრობლემებს ენმ-ში ვერ მოაგვარებს. გასაგებია, რომ ინტერესთა ჯგუფები იქნება, მაგრამ შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს, ანუ უბრალოდ დაიბლოკოს და პარტიამ ვერ მიიღოს გადაწყვეტილება.
„ამ ინტერესთა ჯგუფებში პარიტეტულ საწყისებზე გავიგე, მაგრამ პარიტეტული საწყისები რის მიხედვით უნდა დალაგდეს? თუ ამომრჩევლის მიხედვით, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. თუ არჩევნები არ ტარდება, იქ ახლა ორი ჯგუფია მელიას და ხაბეიშვილის, მაგრამ, როგორც კი ამ ინტერესთა ჯგუფებზე დაიწყება ლაპარაკი, კიდევ გაჩნდება ჯგუფი. ეს შექმნის ახალი ჯგუფების წარმოქმნას საფუძველს და პარტიის გაერთიანების ნაცვლად შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ.
„საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება. უნდა იცნობდე რა განწყობებაა პარტიას შიგნით და კულისებში. მე არ ვიცი პარტიაში ვის რა მხარდაჭერა აქვს. იმდენად რთულად არის საქმე, რომ არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაზე უმჯობესი იქნება პარტია გაიყოს და ცალცალკე გააგრძელონ საქმიანობა.
„ამ შემთხვევაში, მოგვწონს ვინმე თუ არ მოგვწონს, პარტიაში ლეგიტიმაცია არის ხაბეიშვილის მხარეს. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ მელიამ დროზე იზრუნოს იმისთვის, რომ ცალკე ჯგუფი შექმნას და პარტიის შიგნით დაპირისპირება ამით დაასრულოს. ვინც წავა - ამ პარტიისკენ, წავა, იმიტომ, რომ ასეთი ჯგუფის შექმნა (ნდობის უფლებამოსილი საბჭო), ისევე როგორც მანიფესტი, პარტიის პარალიზებას გამოიწვევს", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.