"მეფის ოპოზიცია - "მაბრალობელნი" მას ლაშქრის გადაღლაში ადანაშაულებდნენ" - დავით აღმაშენებელი, პიროვნული თვისებები, რომელმაც ეპოქა შექმნა

დავით აღმაშენებელი, პიროვნული თვისებები, რომელმაც ეპოქა შექმნა

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე წყაროს, რომელიც უფრო ახლოდან დაგვანახვებს დიდბუნებოვანი მეფის გულისხმიერ ხასიათს

1. მეფისგან აგებული საავადმყოფო-პანსიონატი, ქსენონი

ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ მეფე ,,განაკრძალვიდა ზედამდგომელთა მათთა“ - საგანგებოდ აფრთხილებდა პანსიონის მომსახურე პერსონალს, რადგან იცოდა ადამიანთა მხეცური ბუნება, თავისი ხელით სინჯავდა ავადმყოფთა ქვეშაგებს და ჯამ-ჭურჭელს, რადგანაც იცოდა, რომ მახვილი თვალის გარეშე ასეთი ადამიანები ყველა ფეხის ნაბიჯზე შეიძლება დაჩაგრულიყვნენ.

თვითმხილველები მასზე წერენ, რომ სნეულებთან მისული მეფე ,,მრავალგზის უხილავთ ცრემლითა დამალტობელი ღაწუთა“, ასეთი იყო დავითის, ეპოქის ყველაზე დიდი ადამიანის და ქრისტიანის მხურვალე გული, გაამხნევებდა ყველას და ,,ოქროს კმასაყოფინს“ უბოძებდა...

2. დავითი და წიგნები

მეფის ლმობიერი ხასიათის უკან მისი განათლებული სული იდგა, ისტორიკოსი წერს:

,,მას რომ წიგნები არ ეკითხა, მას რომ გარდასული ამბები არ ეკვლია, მას რომ წარმატებულ და წარუმატებელ მმართველთა მაგალითები არ გაეთვალისწინებინა, ესოდენ დამდაბლებულ სამეფო კვერთხს ესე ვერ აამაღლებდა...

კითხულობდა თვალების დაღლამდე და მერეც, ყურით ანაცვლებდა, სხვას აკითხებდა... ლაშქრობებშიც წიგნებით დატვირთული ქარავნები დაჰყვებოდა... ვახშმობის მერეც, კითხვა... და ნუ გეგონებათ, რომ გასართობად და ზერელედ კითხულობდა, კითხვებს სვამდა და უმეტესად თვითონვე განმარტავდა წაკითხულის აზრს და ძალას... წიგნებით სულდგმულობდა და წიგნებით ცოცხლობდა, წიგნი იყო მისი საჭმელი გემრიელი და სასმელი ტკბილი, წიგნი იყო მისი ლხინი და სიხარული. ცხენიდან ჩამოხტებოდა თუ არა წიგნი ეჭირა ხელში...

მრავლად შეკრიბა წიგნები, მათზე დაიმედებულმა, მათზე შეყვარებულმა...

ყველამ იცით როგორ იმონებს კაცს ნადირობა, მაგრამ მისი გულისხმიერება ამასაც ძლევდა, ნადირობის დროსაც წიგნი ეჭირა, როცა გამოჩნდებოდა ნადირი, მსახურს აწვდიდა წიგნს და ედევნებოდა“.

3. დავითი და ვეტერანი ჯარისკაცი - ნიანია

ცნობილია, რომ მეფის ოპოზიცია ,,მაბრალობელნი“ მას ლაშქრის გადაღლაში ადანაშაულებდნენ, ამ მხრივ მეტად ყურადსაღებია გულისხმიერი მეფის ბრძანება ვეტერანი ჯარისკაცის, ნიანიას მიმართ.

ნიანიას სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების და საგადასახადო შეუვალობის მინიჭების შესახებ:

,,[ნიანია] დიდად ნამსახური და ბერი კაცი იყო, ლაშქრობაი აღარ შეეძლო.

აწ გაგუიშუია ნიანია, მისითა მამულითა, მზითვად ნაქონები ვეძისხევითა, გაგუითავისუფლებია ყოვლისა გამოსავლისა და შესავლისა სახელმწიფოისა და სათხოვრისაგან ყოვლისა...“

...

4. ანდერძი შიომღვიმეს

არაფერი დაწვრილებით არ ანახებს მეფის ანგარიშიანობას და მზრუნველობას ისე, როგორც აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი.

ამონარიდი ანდერძიდან:

,,ცვილი, როგორც ვაჭრებს დავუწესე, დროდადრო, ისე გამოიყენონ მონასტერში... პური და ხილი, 500 დრამის, ნურასოდეს მოაკლდეთ... დღიურად, ღვინო, ერთი საწყავი, მოართვან მონასტრის მსახურებმა... ქულბაქებიდან (სავაჭრო), ზეთსახდელებიდან და წისქვილებიდან შემოსული თანხები სამოსისთვის გაიყონ... 30 ჯორი, როგორც ვთქვი, მონასტრისთვის... ბჭითსა და მუხნარში მდგომი ასი ფური... ზედმეტი ზროხა თუ აღმოჩნდა, ჯორებთან ერთად ტვირთის საზიდად გამოიყენონ... სპარსელთათვის წართმეულ ნადავლს იოვანეს და არსენის ვაბარებ... დიდმარხვის ყოველ პარასკევს სეფისკვერი გაანაწილონ ჩემს მოსაგონრად და ასე მილოცონ: უფალო, შეუნდვე დავითს თავის ახალგაზრდობის ცოდვები და ბრალეულობები... 100 დრაჰკანი მღვდლებმა და მგალობლებმა გაიყონ, ნურავინ დააკლებს... ტურათის უბნის ვენახები და მიწები პურ-ღვინოდ მოიხმარონ... რაც მოუგვარებელი დამრჩა, სვიმონ ბედიელ-ალავერდელს ვანდობ...

გახსოვდეთ ჩემი ვედრება და ნუ დაივიწყებთ დავითს...“

5. მიმოწერა მეზობლებთან

ჩვენ მხოლოდ ხატებზე გამოსახულ დავითს ვიცნობთ, მაგრამ საინტერესოა მისი ადამიანური მხარეებიც,

ერთ-ერთ მუსლიმ მმართველს მეფემ წერილი გაუგზავნა, უმოკლეს დროში პასუხის არ მიღებით გაღიზიანებულა ფიცხი მეფე და დაუტუქსავს ხსენებული მუსლიმი მმართველი, ძლევამოსილი მეფის მუქარით თავზარდაცემული მუსლიმი ამირა სასწრაფო საპასუხო წერილში ერთ გვერდს უთმობს დავითის ქებას, მაგრამ დასასრულია საინტერესო, პირფერი ამირა წერილს ასე ამთავრებს:

,,საყვედური, რომელიც მიმოწერის დაგვიანებას შეეხება, სამართლიანია“

აღნიშნული დოკუმენტი გამოცემული აქვს

მ. თოდუას - ქართულ-სპარსული ეტიუდები, ტ. 3 გვ. 7

6. მეფის გულისხმიერება არამარტო ქართველებს სწვდებოდა, ნორმანდიელი ისტორიკოსი - ოდერიკი ჰყვება დავით აღმაშენებლის მიერ სამშობლოში დაბრუნებულ რაინდებზე?

(პირველად ეს წყარო გოჩა ჯაფარიძემ გამოაქვეყნა),

წყაროს მიხედვით, დავითმა მუსლიმთაგან გათავისუფლებული ხუთი რაინდის ანტიოქიაში დაბრუნება უზრუნველყო.

მათი სახელებია : 1. ბრეტონ გაიმარი, 2. გერვაზ დე დოლი, 3. რობერტ დე კანი, 4. მუშედ დუ მანსო და 5. რივალონ დე დინანი

ჯვაროსნებისთვის ბაღდადიდან ანტიოქიამდე ჩასვლა ამ დროს წარმოუდგენელი იყო, მათ წინააღმდეგ ჯიჰადით გაერთიანებულ მუსლიმთა უზარმაზარი ტერიტორიები იყო გადასაკვეთი. ხალიფას გავლენები კი ამ დროს ეფემერული იყო.

საოცარია, რომ მუსლიმურ ქვეყნებში გადაადგილებისას გარანტიები ჯვაროსნებმა დავით აღმაშენებლისგან მიიღეს, რაც კარგად გვიჩვენებს დავითის უზარმაზარ საერთაშორისო ავტორიტეტს.

7. ვის ეპოქაში ცხოვრობდა დავითი?

ერთ შთამბეჭდავ მინაწერში დავით აღმაშენებელი თავის თავზე წერს:

,,მე იმ ეპოქის კაცი ვარ, როცა არსენი ხმელ პურს სჭამდა და ნოსელს სთარგმნიდა“! მას თავისი ეპოქის უმთავრეს მოვლენად მისი ბრწყინვალე გამარჯვებები კი არ მიაჩნდა, არამედ კულტურული აღმავლობა და მთარგმნელობითი საქმიანობა !

8. ბოლოს, ინტელექტუალი მეფის მაღალ მოწოდებას საუკეთესოდ გვიჩვენებს მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა.

რენესანსი იწყება ანტიკური კულტურის სწავლით, მე-12 საუკუნის ქართული რენესანსი დავით აღმაშენებელმა დაიწყო სწორედ ანტიკური კულტურის შესწავლით

ამ ეპოქის ქართველი ავტორები ანტიკური ფილოსოფიის, ისტორიის და ლიტერატურის გამაოგნებელ ცოდნას ამჟღავნებენ

ყველაფერი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ ანტიკური ავტორების ნაწერთა შეკრებით: ,,მდიდრად შემოიკრიბა, რაც იპოვა ქართულად თარგმნილი, როგორც ძველი, ისე ახალი, მეორე პტოლემეოსივით“.

,,ძველს“ ისტორიკოსი ანტიკურს უწოდებს, ანუ მეფე ისეთი ჟინით კრებდა ანტიკური ავტორების ხელნაწერების თარგმანებს, როგორც დიდი პტოლემეოსი, მაგრამ მაქსიმალისტი მეფე ამით არ დაკმაყოფილებულა, სომეხი ისტორიკოსი, ვარდან ბარძმერდეცი, წერს რომ დავითმა ორმოცი ახალგაზრდა გაგზავნა საბერძნეთში ენების შესასწავლად და თარგმანების ჩამოსატანად.

ეს ცნობა დასტურდება ერთი საოცარი ლექსითაც დავითზე:

,,ათენსა სწვრთნიდეს ჭაბუკთა,

იყალთოს მონასმენთასა!“

სწყალობდეს დავით, მოძღვართა

ათინით მონავლენთასა“.

დავითი ათინაში, ათენში, ანუ ანტიკური ფილოსოფიის ბერძნულ ცენტრებში წვრთნის იყალთოს სტუდენტებს, მეორეს მხრივ, ძლიერი მეფე მფარველობს ბერძენ - ათინელ მასწავლებლებს/მოძღვრებს, მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს.

შავთელი დავითზე წერს:

,,ატიკურისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ სიხშოსა“

დავითი ატიკურ (ანტიკურ) ფილოსოფიას და პატრიკულ, ანუ პატრისტიკულ/ქრისტიანულ თეოლოგიის საფუძვლიანად და ღრმადაა (სიწლოთ სიხშოით) დაუფლებული. მაგრამ მას სურდა მისი ანტიკური იდეალების ხორცშესხმა ,,ათინა“, სადაც ქართველ სტუდენტებს გზავნიდა, საქართველოშიც ყოფილიყო, ამიტომ მან დააფუძნა ,,მოძღუარი სწავლულებისა, ვითარცა მეორე ათინა“ ანუ ანტიკური ფილოსოფიის სასწავლებელი თვით საქართველოში, გელათის მონასტერთან, რომლის პირველ რექტორადაც დანიშნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი კანცლერი - ანტონი გოდობრელი, ანტონისაგან შეკვეთილი რამდენიმე ხელნაწერი აშკარად სასწავლო ხასიათისაა და ეპოქის ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნის ენციკლოპედიაა. გელათის აკადემიაში დამკვიდრებული სხვა დიდი ქართველი ფილოსოფოსი და პედაგოგი - იოანე პეტრიწიც, წერს სასწავლო სახელმძღვანელოს.

9. დავითის ფილოსოფია

შეიძლება ითქვას, რომ დავითი პეტრიწის ფილოსოფიის მიმდევარი და მისი ყველაზე დიდი პრაქტიკოსი იყო, პეტრიწი ასწავლიდა:

,,მოიპოვე სხვადასხვა ხალხის განსხვავებული კულტურების და რელიგიების გამოცდილება, რადგანაც ამას არამცირედი საფუძვლიანი ცოდნა მოაქვს“.

,,და დართე კუალად მრავალგამოცდილებაჲ ტომებთა შორის მსხუაებათა... რწმუნებათავე თანა, რამეთუ ამას არამცირედი გულმეჴმეობაჲ მოაქუს თჳს შორის“.

სწორედ ამიტომ დავითი მფარველობდა მუსლიმ და სომეხ მეცნიერებს და საგანგებო მიღებებს მართავდა მათთვის, ამ დიდებულ ტრადიციას აგრძელებდა მისი ვაჟი დიმიტრიც, რომელსაც აბულ ჰასან ბეიხაკის ცნობით, სამეცნიერო საკითხებზე მიმოწერა ჰქონდა მუსლიმ მმართველებთან.