ტყუილის ტექნოლოგია საქართველოში - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები სოცქსელებში ჩვენს ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით

ტყუილის ტექნოლოგია საქართველოში - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები სოცქსელებში ჩვენს ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით

სოციალური ქსელების დეზინფორმაციული ზემოქმედება ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებებაზეა გათვლილი: რაც უფრო სკანდალური და სენსაციურია ინფორმაცია, რაც უფრო დიდ ტყუილზეა ის აგებული – მით უფრო ბევრი მნახველი და წამკითხველი ჰყავს. რომელი მედია დაიკვეხნის ასეულ მილიონიანი აუდიტორიით? თანაც ყოველდღიურად? სად შეიძლება, ფაქტიურად ცენზურის გარეშე, ყველაზე აბსურდული იდეების ტირაჟირება? სად შეიძლება ნებისმიერ ადამიანს კანიბალობა დააბრალო და პასუხი არ აგო? – რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში! ამიტომაცაა, რომ დეზინფორმაციამ და სოციალურმა ქსელებმა „ერთმანეთი იპოვეს“, თუმცა ეს შემთხვევით არ მომხდარა: ისინი სპეცსამსახურებმა დააკავშირეს. სოცქსელების უდიდესი პოტენციალი (როგორც საფრთხე, ასევე სარგებელი) პირველად სწორედ საიდუმლო სამსახურებმა დაინახეს.

ადრე კი საბჭოთა იმპერიაში დისიდენტური ორგანიზაციების წევრებს ანტისაბჭოთა პროკლამაციების და „სამიზდატის“ ხელნაწერების გამრავლება საბეჭდ მანქანაზე უხდებოდათ. მათგან ყველაზე ცნობილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამზადებული ლეგენდარული საბეჭდი მანქანა „ერიკა“ იყო, რომელიც ოთხ ასლს ერთდროულად ბეჭდავდა (საბჭოთა საბეჭდი მანქანები მხოლოდ სამ ასლს ბეჭდავდნენ). არ გაგიკვირდეთ და კა–გე–გე–ბესგან მალულად დაბეჭდილ ამ საინფორმაციო ბიულეტენებს მაშინ დიდი დამანგრეველი ძალა ჰქონდათ. დღეს კი ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ინტერნეტი და სოციალური ქსელები იქცა ნამდვილ კოშმარად, ამიტომაც ამ ქვეყნებში ინტერნეტზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია. თუმცა სოციალური ქსელებიდან პროპაგანდისტული სარგებლის მიღება სპეცსამსახურებმა სწრაფადვე აღმოაჩინეს: კარგად გათვლილი დეზინფორმაციული ალგორითმი ეფექტიანობით მრავალათასიან არმიას არ ჩამოუვარდება. თანდათანობით უფრო დაიხვეწა სოცქსელებით მანიპულირების პროცესი და დღეს „ტროლ–ბოტი“ გოგო–ბიჭები აკეთებენ სპეცრაზმების საკეთებელს. „ტროლინგი“ კი მღვრიე წყალში თევზის დაჭერად იქცა, როდესაც წყალს წინასწარ „მეთევზე“ ამღვრევს.

სად ბუდობენ და როგორ მუშაობენ “ტროლები”?

“ტროლების” ძირითადი “საბრძოლო ასპარეზი” სოციალური ქსელების თემატური ჯგუფები და ფორუმებია. “ტროლების ფერმა” საკმაოდ ეფექტიანი სტრუქტურით გამოირჩევა. იქ მუშაობენ, “თემის მომპოვებლები”, “ანალიტიკოსები” და “შავი მუშები”.

“მომპოვებლები” სადღეღამისო რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სოციალურ ქსელებს, რათა იქ ყველაზე აქტუალური თემები გამოავლინონ, შემდეგ საზოგადოების ყველაზე პრობლემური და სოცქსელებით განხილვადი საკითხების ჩამონათვალი “ანალიტიკოსებს” გადაეცემათ, რათა მათ გამოსაქვეყნებელი პოსტის ან ფორუმზე „შესაგდები“ დისკუსიის ტექსტი შეადგინონ. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა “შეტევის ობიექტის” ეროვნებას, პირად ცხოვრებას, რელიგიას, ჩვევებს და ა.შ. ტექსტის შინაარსი კი მაქსიმალურად აგრესიული და პროვოკაციული უნდა იყოს.

შემდეგ ეს ტექსტი, რომელიც ცალკეული თემატიკის მიხედვითაა დაჯგუფებული, გადაეცემათ “ტროლ-შემსრულებლებს” – “შავ მუშებს”, რომლებიც ყალბი და გამოგონილი გვარ-სახელებით განათავსებენ ამ ტექსტს სოციალურ ქსელში და მას შემდგომ “მწყემსავენ”.

“ტროლებს” ძირითადად სამი სახის დავალება აქვთ. პირველი – მაქსიმალურად აქონ და ადიდონ პოლიტიკური პარტია, კონკრეტული პოლიტიკოსი ან რომელიმე ქვენის ხელისუფლება. მეორე ამოცანა სრულიად საპირისპიროა: სოციალურ ქსელებში მაქსიმალურად “მოთხარონ”, თვით პიროვნული შეურაცხყოფის ჩათვლით, “მსხვერპლი” პოლიტიკისი ან პოლიტიკური პარტია. „ტროლების“ მესამე დავალება გულისხმობს ინტერნეტ აუდიტორიის პროვოცირებას: დისკუსიის დაწყებით და შეგნებულად მაპროვოცირებელი კომენტარებით თანამოსაუბრეებს შორის კონფლიქტის გაღვივებას. ამ დროს დაპირისპირების მიზნით „შემოგდებული“ თემა შეიძლება ეხებოდეს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს: რელიგიიდან დაწყებული და სპორტით (მესი, თუ რონალდუ?) დამთავრებული. „ტროლების“ სამივე ამოცანა ერთ საბოლოო მიზანს ისახავს: ესაა სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის (ერთ შემთხვევაში დადებითის, მეორეში კი – უარყოფითის) ფორმირება და მანიპულირება. პროვოკაციული და არაობიექტური უარყოფითი კომენტარები კი „ტროლების“ მთავარი იარაღია!

ამ მიზნების მისაღწევად სპეცსამსახურები ხშირად თავად ქმნიან “აქტუალურ თემებს”, რისთვისაც იყენებენ ეგრეთწოდებულ “ბოტებს” - ყალბ აქაუნტებს, რომლებიც ინფორმაციას ავტომატურად ავრცელებენ. IT ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთში სოციალური ქსელების მომხმარებლების ნახევარზე მეტს სწორედ “ბოტები” შეადგენს. ისინი ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, კომკრეტულ თემებზე დისკუსიის წარმოებასა და საკითხის აქტუალიზაციასაც ახერხებენ.

როგორ გამოვავლინოთ “ტროლები”?

“ტროლების” ამოსაცნობია ნიშნებია: გამოგონილი სახელი და გვარი, ბიოგრაფია, სხვისი ფოტოების გამოყენება. ისინი ძალზე აქტიურები არიან და ზოგჯერ დღეში 100-ზე მეტ პოსტს აქვეყნებენ (განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში). მათ გვერდებზე, როგორც წესი, მოპარული ან გაზიარებული ფოტოებია და ისინი ცდილობენ თავიანთი ანონიმურობა შენიღბონ სხვა წყაროებიდან აღებული ფოტოებით.

მსოფლიო საზოგადოებამ, მართალია დაგვიანებით, როგორც იქნა გაიაზრა, თუ რა საფრთხის შემცველია ავტორიტარული ქვეყნების მიერ სოციალური ქსელების “ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის” იარაღად გამოყენება.

სოციალური ქსელების ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით გაძლიერდება პოლიტიკური რეკლამის განთავსების მონიტორინგი და განსაკუთრებით აქტიური აქაუნთების მფლობელთა ინენტიფიცირება სავალდებულო გახდება. ხოლო საეჭვო ანგარიშები დაუყოვნებლივ დაიხურება.

“ტროლების” ფერმები რუსეთში

რუსეთის სპეცსამსახურები დეზინფორმაციული ოპერაციებისთვის აქტიურად იყენებენ “გლობალიზაციის პირმშოს”: ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს. ამ დროს წამყვენ როლს სპეციალურ “ფერმებში” მოკალათებული “ტროლები” ასრულებენ, რომლებიც კომფორტულ ოფისებში ყავას მიირთმევენ და თან დაუნდობლად “ტროლავენ”.

რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლით მოქმედი “ტროლები” ყველაზე ხშირად პოპულარულ სოციალურ ქსელს: “ფეისბუქს”, “ინსტაგრამს”, „ოდნოკლასნიკი“, „ვკონტაქტე“, “გუგლსა”, „ტიკ–ტოკს“ და “ტვიტერს” (დღეს უკვე „X“) იყენებენ.

დაახლოებით ათი წლის წინ რუსეთში შეიქმნა ღია სააქციო საზოგადოება “ინტერნეტ გამოკვლევები”, სწორედ ამ ნეიტრალურ დასახელებას იყო თავშეფარებული მაშინ პუტინთან ძალზე დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის “ტროლების ფერმა” სანქტ-პეტერბურგში. იქ სხვადასხვა ასაკის ასეულობით ადამიანი გამოგონილი გვარ-სახელებით რუსეთის ხელისუფლების ღია თუ შეფარულ სარეკლამო–პროპაგანდისტულ ტექსტებს ანთავსებდა სოციალურ ქსელებში.

პარალელურად იგივე “ტროლები”, უკვე სხვა გვარ-სახელებით, ფორუმებზე შედიოდნენ და დეზინფორმაციას ავრცელებდენ, როგორც აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს შესახებ, ასევე ანქიქებდნენ და ცილს სწამებდნენ რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელ ცალკეულ პოლიტიკოსებს.

რუსეთის “დეზინფორმაციული ომის” საწინააღმდეგოდ ევროკავშირის გადაწყვეტილებით 2015 წლიდან მოქმედებს “სტრატეგიული საკითხების ოპერატიული სამუშაო ჯგუფი”, სადაც ოცამდე მუდმივი თანამშრომელია. ეს ჯგუფი გამოსცემს ყოველკვირეულ, ორენოვან (ინგლისურ და რუსულ ენებზე) “დეზინფორმაციის მიმოხილვის ბიულეტენებს”, სადაც მოყვანილია რუსულ მასმედიაში ფაქტების დამახინჯებისა და დეზინფორმაციის მაგალითები. ამ ჯგუფთან ნებაყოფლობით და ანაზღაურების გარეშე თანამშრომლობენ ექსპერტები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ამ ეტაპზე აღნიშნული ჯგუფი ახდენს რუსული დეზინფორმაციის მხოლოდ გამოვლენას და არ ახორციელებს კონტრპროპაგანდისტურ ღონისძიებებს. ეს კი, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომაა.

ამ ჯგუფის შექმნამ იმთავითვე გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება და საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე სპეციალური პანელი შექმნა, სადაც . . . რუსეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და „ფეიკების” გავრცელების ანალიზი უნდა განხორცილდეს. ფარისევლობა და ცინიზმი მართლაც რომ უსაზღვროა!

რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან ნატოშიც. ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს “სტრატეგიული საკომუნიკაციო ცენტრი” და მისი მიზანია მტრული პროპაგანდის გამოვლენა და მასზე პასუხის გაცემა.

“ტროლ–ბოტები” საქართველოში

იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს სხვა ქვეყნების მოსახლეობის მანიპულირებისთვის, უკვე ვწერდი. ახლა ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას მივხედოთ. რუსეთის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს საქართველოს მოსახლეობის “ზომბირებისთვის“ უკვე წლებია, რაც იყენებენ. მათი მიზანია ყველაზე რთული და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნო-რელიგიურ საკითხების ხელოვნური გამწვავება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში ურთიერთდაპირისპირების და შუღლის მაქსიმალური გაღვივება.

სოციალური ქსელების ანალიზის შედეგად ამგვარი კანონზომიერება გამოვლინდა: თუ “ტროლები” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურიდან იმართებიან, მაშინ მათი შეტევა საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. მათ ათასგვარ სიბინძურეს მიაწერენ: “არაპროფესიონალითა” და “ვაი-ექსპერტით” დაწყებული და “რუსეთის აგენტით” (კომპრომეტირებისათვის ეს ეპითეტი ხშირად თავად რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით გამოიყენება) დამთავრებული. საქართველოში მოქმედი “ტროლები” განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან, როდესაც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას წააწყდებიან. ძალზე ხშირია ევროკავშირის, ნატოს და აშშ პრობლემების გაზვიადება და ამ ფონზე “ერთმორწმუნე რუსეთის სიძლიერის” რეკლამირება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ გახდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად აქტიურობენ ჩვენი სპეცსამსახურებისა და “ძალოვანი” სამინისტროების “გულშემატკივარი ტროლებიც”. საკმარისია ოდნავ კრიტიკული სტატატიის ან ინტერვიუს გამოქვეყნება ელქტრონული მედიით ან განსხვავებული შეხედულების დაფიქსირება ფორუმზე, რომ ჩასაფრებული “ტროლ-ტურების” თავდასხმაც უმალ იწყება. “შემამკობელი ეპითეტებიც” ზემოაღნიშნულის ანალოგიურია. 2023 წლის 19 ოქტომბერს სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები და ცალკეული ჯგუფებიო. ვინ შეიძლება იყოს საქართველოს პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე? სუს–ის უფროსის ეს „რბილი მინიშნებაც“ საკმარისია, რომ დავასკვნათ: რა თქმა უნდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი!

პირდაპირ უნდა ითქვას: რუსეთის მიერ წლების მანძილზე მიმდინარეობს „ჰიბრიდული ომი“ საქართველოს საზოგადოების გასახლეჩად და მუდმივი შიდა დაპირისპირების გასაღვივებლად, ჩვენი ხელისუფლების საპასუხო ზომები და ეფექტიანი მოქმედებები კი, ჯერ საკმარისი არაა!

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მოითხოვს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ (მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია). ამ მოთხოვნის შესრულება უპირველესად ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების მოვალეობაა. თუმცა რას ვხედავთ? საქართველოში ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა სოციალური ქსელების ველი: სულ უფრო და უფრო ხშირად ვხდებით ანტიდასავლურ მოწოდებებს (შეფარულად და ღიადაც) და სპეციალურად შექმნილ ანტიკონსტიტუციურ „პეტიციებს“. ყოველივე ეს მიმართულია მოსახლოების ფართო მასების მანუპულირებისა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაძირული საქართველოს მოსახლეობის „ტვინების დასაბინდად“ : „ შეხედეთ რა ცუდია ევროპა და ამერიკა“, „ჩვენთვის ნეიტრალიტეტია აუცილებელი “, „საქართველოს კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ ევროინტეგრაციის აუცილებლობის მოთხოვნა“ და მრავალი ამგვარი „მარგალიტი“. ამას წინათ სოციალურ ქსელში ამგვარ „პეტიციას“ წავაწყდი (რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ):

„პეტიცია საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ“„მე, საქართველოს მოქალაქე, ჩემი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მხარს ვუჭერ ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ დებულების გამოირიცხვის მოთხოვნას. დასავლეთის ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში ხელს უშლის საქართველოს მთავრობის ევროპის კავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.

ევროპის კავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულების აუცილებლობის შესახებ 2022 წელს მისი მოლდოვასა და უკრაინისთვის მინიჭების ფონზე არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ აძლიერებს პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში და შეურაცხყოფს საქართველოს თოთოეული მოქალაქის ღირსებას. ევროსტრუქტურებისა და ცალკეული პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის გამიჯვნვაზე, მათი ღია ჩარევა რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში შეუთავსებელია ევროპის კავშირის დემოკრატიულ პრინციპებთან ქმედებების გახსნილობასა და გამჭვირვალობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მხარს ვუჭერ მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციიდან საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის აუცილებლობის გამორიცხვას და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხის განსახილველად“.

ვფიქრობ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებში შექმნილი და „ტროლ–ბოტების“ მიერ გავრცელებული ამ ანტიქართული ტექსტის სერიოზულ ანალიზს აზრი არ აქვს, რადგანაც ის ჯერ მხოლოდ სოციალური ქსელის მოსინჯვაა, „საკითხის მოთელვაა“, სამზადისი და მოლოდინია, თუ ვის რა რეაგირება ექნება. ჯერ ღიად არ აცხადებენ: თუ ევროპა ცუდია, მაშინ რომელი ქვეყანაა „კარგი“? „ერთმორწმუნე“ და „მუდამ ქართველებზე მზრუნველი“, რუსეთი ხომ არა, რომელიც უკვე ორასი წელია რაც გვჯიჯგნის? თუ ეს „პეტიცია“ და მსგავსი ღია–ფარული შეტევები უპასუხოდ დარჩა, სამწუხაროდ ამგვარ მოთხოვნებსაც მალე მოვისმენთ.