ცხადზე ცხადია, რომ პრეზიდენტის მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ერთადერთი ფაქტორით არის გამოწვეული - არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რა თანამდებობა უკავია პირს, მთავარი ისაა, რომ ვერცერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ვერ დააყენებს საკუთარ თავს კანონზე მაღლა. სწორედ ამიტომ იყო მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მყისიერი. მთავარი მიზანი იყო, რომ ამ პროცედურის საფუძველზე მომხდარიყო კონკრეტული შეფასება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის და რეალურად ამან პრევენციულად უნდა იმოქმედოს ყველა ადამიანზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა, ცხადზე ცხადია და ამას ყველა ხედავს, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში სიღრმისეულად არ არიან ჩახედულები, რომ პრეზიდენტის მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის“, - განაცხადა მიქანაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.