მაია კოპალეიშვილი: ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სამართლიანად გამოკვლევის შემთხვევაში არ არსებობს არცერთი სამართლებრივი არგუმენტაცია პრეზიდენტის ევროპული შეხვედრების კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისათვის

მაია კოპალეიშვილი: ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სამართლიანად გამოკვლევის შემთხვევაში არ არსებობს არცერთი სამართლებრივი არგუმენტაცია პრეზიდენტის ევროპული შეხვედრების კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისათვის

ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სამართლიანად გამოკვლევის შემთხვევაში არ არსებობს არცერთი სამართლებრივი არგუმენტაცია პრეზიდენტის ევროპული შეხვედრების კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისთვის, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტების საქმეზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

„ყურადღება უნდა მიექცეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მისი უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციის თანახმად ის არის საქართველოს მეთაური და ბუნებრივია, კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში, სადაც პრეზიდენტს არ სჭირდება მთავრობის თანხმობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კონსტიტუციის სისტემური წაკითხვა, მათ შორის, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ საგარეო ურთიერთობებს, რომლებზეც საჭიროა მთავრობის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მთავრობის თანხმობით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება თუ როდისაა საჭირო, თვით 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების, ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. ამ ნორმიდან, წარმომადგენლობის შინაარსის გათვალისწინებით, ყურადღებას მივაქცევთ პირველ ორ წინადადებას, რადგან წარდგინება მიუთითებს, თითქოს პრეზიდენტმა განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში და ეს განახორციელა მთავრობის თანხმობის გარეშე და თითქოს პრეზიდენტი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ მუხლის მოკლე შინაარსის სწორად გასაგებად და პრეზიდენტის ქმედების სამართლიანად შესაფასებლად, საჭიროა განვმარტოთ სიტყვები - ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. როგორც ვიცით, კონსტიტუციურად გათვალისწინებულ ტერმინებს აქვთ ავტონომიური შინაარსი. ასევე უნდა შეფასდეს ფაქტობრივი ქმედებები, ევროპული შეხვედრები, რომელსაც ედავება უმრავლესობა, რამდენად უტოლდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას და საჭიროებდა მთავრობის ნებართვას. ასევე, აწარმოებდა თუ არა პრეზიდენტი მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს, რომ საქართველოს მთავრობის ნებართვით საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობას მესამე პირებთან ურთიერთობაში ან/და საგარეო ურთიერთობაში კონკრეტული პოლიტიკური პროცესის, ან/და შედეგის დადგომის მიზნით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება პრეზიდენტს წარმოეშობა მხოლოდ მთავრობის თანხმობის საფუძველზე და მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან ის ახორციელებს ისეთ წარმომადგენლობას, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი იქნება მთავრობა. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიერ მთავრობასთან კოორდინაციით და მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიხედვით, პოლიტიკური პროცესის წარმართვას მთავრობასთან შეთანხმებით, სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად სამუშაო პროცესის ჩატარებას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და ამ მიზნით ჩატარებული შეხვედრები მიმართულია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური აქტის დადებისაკენ, პოლიტიკურ დოკუმენტზე ხელის მოწერისაკენ, ახალი პოლიტიკის განხორციელებისაკენ, რომელზეც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საბოლოოდ მთავრობა იღებს. კონკრეტულ შემთხვევაში, კი წარდგინებაში მითითებული ევროპული ვიზიტები სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სამართლიანად გამოკვლევის შემთხვევაში არ არსებობს არცერთი სამართლებრივი არგუმენტაცია პრეზიდენტის ევროპული შეხვედრების კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისათვის“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.