იმედი მაქვს, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს.
მისივე განმარტებით, სასამართლომ თუ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს სათქმელი, მათ აქვთ უფლებამოსილება, დაადგინონ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.
თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ, საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება, სხვა საკითხია მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენს წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“, – განაცხადა ტურავამ.
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.