ერთი რამ ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგები ჩრდილს აყენებს აშშ-ის დახმარების შინაარსსა და იმ ურთიერთობას, რომელსაც სტრატეგიული ჰქვია. სტრატეგიულ პარტნიორებთან რევოლუციის მოსამზადებელ ტრენინგებს არ აწყობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, სუსის გამოძიებით ცნობილია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლო არ მოცემის შემთხვევაში ქვეყანაში არეულობის პროვოცირება იგეგმება.
„ეს არ ემსახურება დემოკრატიის განვითარებას. ჩვენ ხშირად გვესმის, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, ანუ პოლიტიკური ცხოვრების მაქსიმალური დაახლოება; პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის თითქოს, მაქსიმალური დაწევა, ამ დროს კი ტრენინგები ტარდება რადიკალიზმის გასაღვივებლად და როგორ მოხდეს მაქსიმალური რადიკალიზაცია.
საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ამიტომ, რაც უფრო მალე იქნება ეს ორმაგი სტანდარტი გამორიცხული და მაქსიმალურად ღია თანამშრომლობა იქნება და USAID-ი დაუბრუნდება იმ მთავარ მიზნებს, რა მიზნებისთვის ის იყო და არის, დარწმუნებული ვარ, მოწოდებული, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, რომ ეს ჩრდილს აყენებს აშშ-ის დახმარების შინაარსსა და იმ ურთიერთობას, რომელსაც სტრატეგიული ჰქვია. სტრატეგიულ პარტნიორებთან რევოლუციის მოსამზადებელ ტრენინგებს არ აწყობენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.
მანამდე, 18 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.