აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: მზად ვარ, დავეხმარო უკრაინას, მაგრამ აშშ-ის საზღვარზე არსებული კრიზისის მოგვარება ჩემთვის უფრო დიდი პრიორიტეტია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: მზად ვარ, დავეხმარო უკრაინას, მაგრამ აშშ-ის საზღვარზე არსებული კრიზისის მოგვარება ჩემთვის უფრო დიდი პრიორიტეტია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ ის მზად არის, დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული კრიზისის მოგვარება მისთვის უფრო დიდი პრიორიტეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

"ჩემთვის პრიორიტეტი ამერიკა და ჩვენი საზღვრებია. ახლა მე მხარს ვუჭერ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი, რომელიც მათ სჭირდება, მაგრამ მე მტკიცედ ვუჭერ მხარს, პირველ რიგში, [ჩვენი] საზღვრის საკითხს. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ეს ერთად გავაკეთოთ", - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში.

"ამერიკის საზღვარზე სიტუაცია მნიშვნელოვანია და უფრო მეტი ამერიკელი იღუპება ჩვენს საზღვარზე, ვიდრე უკრაინაში", - დასძინა კევინ მაკარტიმ.

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.