პუტინი ტროშევით აპირებს პრიგოჟინის ჩანაცვლებას, თუმცა "ვაგნერელების" ნაწილი ტროშევს გამყიდველად მიიჩნევს...
პუტინი „ვაგნერის“ აღორძინებას ცდილობს და მის ახალ მეთაურად პრიგოჟინის გამყიდველს ნიშნავს... სამხედრო ამბოხის მოწყობიდან სამი თვისა და პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქებიდან ერთი თვის თავზე პუტინი „ვაგნერის“ აღორძინებას ცდილობს...
ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალზე დააკლდათ „ვაგნერის“ მებრძოლები, ხოლო კრემლს „ვაგნერელები“ ისევ სჭირდება სირიაში ნავთობჭაბურღილების დასაცავად, ხოლო აფრიკის ქვეყნებში კი ალმასების საბადოების გასაკონტროლებლად...
თუმცა, პუტინს ახალი „ვაგნერის“ მეთაურად, პრიგოჟინის მსგავსი ძნელად პროგნოზირებადი და რთულად მართვადი ლიდერი აღარ სჭირდება, ამიტომაც არჩევანს ანდრეი ტროშევზე, თადარიგის პოლკოვნიკზე აჩერებს, შეიძლება იმიტომაც, რომ პრიგოჟინის ერთგულმა „ვაგნერელებმა“ ტროშევი... მოღალატედ შერაცხეს...
პროფესიით არტილერისტი, პოლკოვნიკი ტროშევი „ვაგნერს“ 2015 წელს შეუერთდა და სირიაში ამ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ზურგის სამსახურს, ასევე შიდა უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა.
მას ზედმეტსახელად „სედოი“ შეარქვეს და პირველად „ვაგნერელები“ ტროშევზე მას შემდეგ „აიჯაგრნენ“, როდესაც 2018 წლის თებერვალში მისი ბრძანებით სირიაში ერთ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, თუმცა ამერიკული არმიისგან უძლიერესი საპასუხო დარტყმა მიიღეს გამანადგურებელი საჰაერო დაბომბვების სახით, რასაც რამდენიმე ასეული „ვაგნერელის“ დაღუპვა და დაჭრა მოჰყვა...
პუტინმა გენერალი ევკუროვი და პოლკოვნიკი ტროშევი კრემლში დაიბარა „ვაგნერის“ გადასაბარებლად...
„ვაგნერის“ მებრძოლები თვლიდნენ, რომ „სედოის“ არასწორმა მეთაურობამ გამოიწვია ამხელა მსხვერპლი მათ რიგებში, რასაც იმითაც ხსნიდნენ, რომ ტროშევი ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ და თავისი გაუთვითცნობიერებელი ბრძანებით ხელქვეითები შეიძლება სასიკვდილოდაც გაეწირა...
თუმცა კულმინაციის მომენტად იქცა 23-24 ივნისის მოვლენები, როდესაც „კალაშნიკოვიანი“ პრიგოჟინი „ვაგნერელებთან“ ერთად როსტოვში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში შეიჭრა, ხოლო დანარჩენი მებრძოლები კი ჯავშანტექნიკასთან ერთად, მოსკოვისკენ გაუშვა.
დღემდე პრიგოჟინის ერთგული „ვაგნერელები“ თვლიან, რომ ტროშევმა ამბოხში მონაწილეობაზე უარი თქვა და უფრო მეტიც - „სედოიმ“ თითქოს „ვაგნერელების“ შესახებ შიდა ინფორმაციები რუსეთის სპეცსამსახურებს მიაწოდა...
როგორც ჩანს, თავად პრიგოჟინიც „კრისად“ თვლიდა“ ტროშევს და მათ შორის „მსხვილმა“ შავმა კატამ გაირბინა, რასაც გარკვეული ქმედებები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ პრიგოჟინს აღარ დასცალდა...
ამიტომაც, სრულიად ლოგიკურია, რომ პუტინი არჩევანს სწორედ ტროშევზე აკეთებს და მას, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად, კრემლში იწვევს „ვაგნერის“ შემდგომი ბედის განსასაზღვრავად.
წარმოშობით ინგუში იუნუს-ბეკ ევკუროვი, სხვათა შორის, სწორედ ის გენერალ-პოლკოვნიკია, რომელსაც როსტოვის სამხედრო შტაბში შესულმა პრიგოჟინმა ტელეკამერების წინ პატარა ბავშვით დაუცაცხანა - შენობით რომ მომმართავთ, თქვენი ტოლი ხომ არ გგონივართო...
ახალი „ვაგნერი“ ის ვეღარ იქნება, რაც პრიგოჟინს ბახმუტზე იერიშის წინ ჰყავდა...
პუტინთან კრემლში მიღებამდე, ბოლო ერთი თვეა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ სწორედ გენერალ ევკუროვის მეთაურობით შემოიფრინა აზიისა და აფრიკის ყველა ის ქვეყანა, სადაც თავის დროზე პრიგოჟინმა „ვაგნერელები“ ჩააყენა - შოიგუს უწყება პრიგოჟინის მიერ დაწყებული საერთაშორისო ბიზნესის გადაბარებას ცდილობს...
საზღვარგარეთ მყოფ „ვაგნერელებს“ პირდაპირ უყენებენ პირობას - ან ხელს აწერთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს და ემორჩილებით მას ან ტოვებთ ამ ქვეყნებსო...
გამომდინარე იქიდან, რომ „ვაგნერის“ ძველი მებრძოლები ტროშევს პრიგოჟინის გამყიდველად თვლიან, ისინი არ დათანხმდებიან „სედოის“ მეთაურობის ქვეშ ახალი „ვაგნერის“ (რომელსაც სახელს აუცილებლად შეუცვლიან და ეტყობა „რედუტს“ არქმევენ) რიგებში გაწევრიანებას, თუმცა გამოიძებნებიან ისეთებიც(განსაკუთრებით კი ციხეებიდან სპეციალურად გამოშვებული პატიმრების სახით) ვინც ამაზე წავა...
თუმცა, ყოფილი პატიმრების საბრძოლო მომზადების დონე(თუგინდ ბახმუტის ბრძოლებგამოვლილების) ბევრად დაბალი იქნება იმ ძირძველი „ვაგნერელებთან“ შედარებით, ვინც ამ კერძო სამხედრო კომპანიაში არმიასა და სპეცდანიშნულების რაზმებში მრავალწლიანი მსახურის შემდეგ მოხვდნენ.
მოკლედ, პუტინს დღეს ჰაერივით სჭირდება განახლებული „ვაგნერისა“ თუ უკვე „რედუტად“ გადანათლული მებრძოლების ხელახლა შესევა უკრაინის ფრონტზე, მაგრამ ეს ის ძალა აღარ იქნება, რაც პრიგოჟინს ჰყავდა ბახმუტზე იერიშის დაწყების წინ...
P.S. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვე გავიდა, რუსეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების შესახებ რაიმე მცირე სახის ინფორმაციასაც კი, არადა ამის გამოძიება და ავიაკატასტროფის რეალური მიზეზის დადგენა აქამდე თავისუფლად შეიძლებოდა...თუკი ამას კრემლი მოისურვებდა...