მსოფლიო პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები მუდმივად მოქმედებდა და ეტყობა კვლავ იმოქმედებს, რაზეც მეტყველებს ერთი თვალსაჩინო პარალელი, რომელიც ჩვენ საქართველოსაც ეხება...
2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალით ღიად შემოჭრის გამართლებას მსოფლიოს თვალში კრემლი იმითაც ცდილობდა, რომ თითქოს საფრთხე დაემუქრათ კონფლიქტის ზონაში ოფიციალურად მდგარ რუსულ სამშვიდობო ძალებს და როკის გვირაბიდან საქართველოში შემოხრიგინებულ რუსულ ტანკებს ცხინვალის რეგიონში მყოფი ეს რუსი „ცისფერჩაფხუტიანები“ უნდა დაეცვათ (თუ რატომ გადასხა საზღვაო დესანტი ოჩამჩირეში და შეუტია კოდორის ხეობას, სადაც არავინ ემუქრებოდა რუს ე.წ. სამშვიდობოებს, ამაზე კრემლში დუმილს ამჯობინებდნენ...)
აგვისტოს ომის დროს მართლაც დაიღუპა რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე რუსეთის „სამშვიდობო ძალებიდან“ ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემო ნიქოზთან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ ნაწილიდან ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალისკენ მიმავალ ქართულ ჯავშანკოლონას და საპასუხო ცეცხლის მსხვერპლი გახდნენ...
2023 წლის 19-20 სექტემბერი აზერბაიჯანის უახლოეს ისტორიაში შევა, როგორც ყარაბაღის მთლიანად დაბრუნების თარიღი, თუმცა გამარჯვების პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს მოუწია ოფიციალური ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ ყარაბაღში ჩაყენებული რუსული „სამშვიდობო კონტინგენტის“ სამხედრო მოსამსახურეები მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათ მანქანას სწორედ აზერბაიჯანელმა მებრძოლებმა გაუხსნეს ცეცხლი...
კრემლი ბოლო მომენტამდე დუმილს ამჯობინებდა და სურდა მიჩუმათებელიყო ყარაბაღში მისი ოფიცრების ტრაგიკული დაღუპვის ფაქტი, როდესაც „უაზ-პატრიოტის“ ხუთივე მგზავრი დიდი სისატიკით იქნენ ჩაცხრილული მანქანაშივე...
ასეთ „უაზებს“ ყარაბაღში მხოლოდ რუსი „ცისფერჩაფხუტიანები“ იყენებდნენ, თანაც მანქანას დიდად ეხატა რუსეთის ფედერაციის კუთვნილების ნიშანიც, მაგრამ ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ დამიზნებული სროლების სამიზნე არ გამხდარიყო...
ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ალბათ, კრემლი ორიოდე საათში ბომბდამშენებს აწევდა ჰაერში ჩვენს დასაბომბად, მაგრამ აზერბაიჯანი სხვა შემთხვევაა - როდესაც პუტინის ჩუმი თანხმობით ალიევი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ბრძოლით აგრძელებს, მაშინ რა მოსატანია, რამდენიმე რუსი ოფიცრის, თუნდაც პირველი რანგის კაპიტნის ჩაცხრილვა, როდესაც სასწორზე უდიდესი რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური გარიგება დევს - ყარაბაღი ალიევს, სომხეთი პუტინს ფაშინიანის ხელისუფლების დამხობის შემდეგ...
ეს, ბაქოს, ანკარასა და მოსკოვს შორის შეთანხმებული ფარული გეგმა ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღელი სეპარატისტების ლიდერებმა ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადეს და დათანხმდნენ იარაღის დაყრაზე.
აზერბაიჯანის დე ფაქტო იურისდიქციაში ყარაბაღის დაბრუნების პროცესი ვერ იქნება მთლად უმტკივნეულო, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევათ იმ ადგილობრივ სომეხ საველე მეთაურებს, რომელთა გადაცემასაც კატეგორიულად მოითხოვს ბაქო - ისინი აზერბაიჯანის სპეცსამსახურების სარდაფებში დაკითხვას, ეტყობა ყარაბაღის ტყეებში პარტიზანებად გასვლას ამჯობინებენ ან უკიდურეს შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკას შეაფარებენ თავს, თუმცა მათ სომხეთში ფაშინიანის მთავრობაც ნამდვილად არ გადაუსვამს თავზე ხელს, რადგან ყარაბაღელ სომეხ მებრძოლებს ფაშინიანი თავის ერთ-ერთ პირველ მტრებად მიიჩნევს, შეიძლება აზერბაიჯანელებზე მეტადაც კი...
P.S. ისე აზერბაიჯანის არმიას ნამდვილად მაგრად „უმართლებს“ რუსი სამხედროების შემთხვევით განადგურებაში - ყარაბაღში რუსი სამხედროების „უაზში“ ჩაცხრილვამდე სამი წლით ადრე, 2020 წლის 9 ნოემბერს,ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე ყარაბაღის იმ მეორე ომში, რომელშიც აზერბაიჯანი პირწმინდად იმარჯვებდა, პრეზიდენტ ალიევს ყველაფერი კინაღამ ერთმა აზერბაიჯანელმა მეზენიტემ ჩაუშალა, როდესაც ნახიჩევანის საზღვრიდან სომხეთის ტერიტორიის თავზე საზენიტო „იგლადან“ რაკეტის გაშვებით რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი „მი-24“ ჩამოაგდო და მისი ეკიპაჟის ორი წევრი იმსხვერპლა...
მაშინაც ალიევმა დაუყოვნებლივ აღიარა აზერბაიჯანის ბრალი რუსული შვეულმფრენის ჩამოგდებაში, მოსკოვს ბოდიში მოუხადა, დამნაშავეების დასჯას, ხოლო დაღუპული რუსი მფრინავების ოჯახებისთვის კი მატერიალური დახმარების აღმოჩენას შეჰპირდა...