თბილისში 2023 წლის აგვისტოში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია შემცირდა. ზაფხულის ბოლო თვეში დედაქალაქში 3420 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
„ქოლიერს ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
მათივე მონაცემებით, აგვისტოში გაყიდვები როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში შემცირდა. კერძოდ ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა.
სეგმენტის მიხედვით, თბილისში ახალაშენებულ ეკონომსეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 1%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
რაც შეეხება ბინების ღირებულებას, აღნიშნულ პერიოდში თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
„რიქოვ.ჯი“-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში უმნიშვნელოდ გაიზარდა.
ბოლო დროს თბილისელთა შორის ახალი ტენდენციაა. დედაქალაქის შემოგარენში ცხოვრება უფრო აქტუალური გახდა და მოთხოვნა გაიზარდა. ბაზრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ქალაქგარეთ ცხოვრებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თბილისში ცხოვრება სტრესული გახდა, საცობები, ეკოლოგიურად მძიმე ვითარება და ა.შ. რაც ბაზარზეც ადეკვატურად აისახება.
ახალ ტენდენციაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო „გრეაში“, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი პროექტების შექმნასა და მათ კომერციალიზაციაში ეხმარება. კომპანიის მარკეტინგის დირექტორის, თეონა სიჭინავას ინფორმაციით, პოსტპანდემიური პერიოდიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე და ზოგადად ქალაქგარეთ ცხოვრებაზე, რაც თავის მხრივ აისახა ფასებზეც.
„ჩვენ ნათლად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, სადაც მოწესრიგებულია საერთო ინფრასტრუქტურა და სამეზობლო მზად არის, ერთობლივად იზრუნოს უბნის მოვლა-პატრონობაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.
რასაკვირველია, დედაქალაქის შემოგარენში გააქტიურებული მშენებლობა, მიწის ნაკვეთებსაც ნახტომისებურად აძვირებს. თუკი თბილისში უძრავი ქონების ფასი ბოლო 1-2 წელიწადში 40-50%-ით გაიზარდა, ირგვლივ მდებარე პრესტიჟულ დასახლებებში, ღირებულიბა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც.
უძრავი ქონების მოთხვონის მხრივ ბოლო დროს დედაქალაქს არ ჩამორჩება ბათუმიც, სადაც ასევე დიდ როლს თამაშობენ „ომის მიგრანტები“. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად მოიმატა მოთხვონამაც და ფასმაც. მართალია, ბოლო კვლევა ტენდენციის შემცირებას აჩვებს, თუმცა შავიზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონებისდმი ინტერესი მაინც ძალიან მაღალია.
2023 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით - 11%-ით, 1422 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 17%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა.
აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, ხოლო ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 984 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 აშშ დოლარამდე გაიზარდა.