„მაფიები და კრიმინალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“ - შევარდნაძის ფრაზა, რომელსაც

„მაფიები და კრიმინალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“ - შევარდნაძის ფრაზა, რომელსაც "მხედრიონის" განადგურება და იგორ გიორგაძის გაქცევა მოჰყვა

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან გამოყოლილი თვისებაა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის „დოსიეს“ შექმნა და ცალკე საქაღალდეებში შენახვა (წლების შემდეგ უკვე მეხსიერებათა ბარათები იქცა „დოსიეებად“). ათეულობით ასეთი საქაღალდეა ჩემს არქივში. ბევრჯერ გამომდგომია. ახლაც ფრთხილად ვფურცლავ ძველ, უკვე შეყვითლებულ საქაღალდეს, სადაც 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის შესახებ ქართული და უცხოური გაზეთებიდან ამოჭრილი და ქრონოლოგიურად დალაგებული ინტერვიუები და პუბლიკაციებია.

1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის დეტალები, ვერსიები და ამ ტერაქტის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარები დიდხანს იყო ქართული და მსოფლიო მასმედიის (მაშინ ელექტრონული მედია ჯერ არ არსებობდა) ყურადღების ცენტრში. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალთვიანი სასამართლო პროცესებისა, დღესაც ამ ტერაქტის მიზნებზე და ორგანიზატორებზე ვერსიების დონეზე უნდა ვისაუბროთ. ეს ჩვენი რეალობაა: საქართველოში სასამართლო ხელისუფლება (თავის პროკურატურასთან ერთად) ყოველთვის მმართველი პოლიტიკური ძალის მძევალი იყო და მის დავალებას ასრულებდა. ამიტომაცაა, რომ უკვე ურთულესი დასადგენია, რა იყო ამ ოცდაათი წლის მანძილზე მომხდარი რეზონანსული მკვლელობა–თვითმკვლელობების რეალური მოტივები და ვინ იყვნენ ნამდვილი დამნაშავეები.

1995 წლის 29 აგვისტოს თავდასხმიდან მეორე დღესვე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ გიორგაძემ რამდენიმე „ზვიდისტი“ დააკავა, ტერაქტის მოწყობა „დაუმტკიცა“ და საქმე გახსნილად გამოაცხადა! გიორგაძემ პრესკონფერენციაც მოაწყო და ცინიკურად განაცხადა: „ აფეთქება არაპროფესიონალებმა მოახდინესო“, ამით მიანიშნა, რომ პროფესიონალები (ანუ უშიშროების სამინისტროს მაღალი დონის ავღანეთგამოვლილი ამფეთქებლები), სურვილის შემთხვევაში, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენო. თუმცა „გამოძიების“ ეს მიმართულება სულაც არ ჯდებოდა „ბაბუს“ გეგმებში: მან უკვე ტერაქტის დღეს, ჯერ კიდევ რესპუბლიკური საავადმოყოფოს პალატიდან, არაორაზროვნად მიანიშნა თავდასხმის ორგანიზატორებზე და მათვ მიზანზე. მაშინ შევარდნაძის განცხადება – „მაფიები და კრიმინალები საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოვლენო“ , – იყო პირდაპირი მითითება საგამოძიებო ორგანოებისათვის, რომ საქმე უნდა აღძრულიყო „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის“ მუხლით, ხოლო ტერაქტის ორგანიზატორები „მხედრიონის“ რიგებში უნდა ეძებნათ!

მაშინ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ბრძოლის დიდოსტატი იყო: მან ეს თავდასხმა „მტერ–მოწინააღმდეგეების“ რეპრესიებისთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ერთდროულად გაანადგურა „მხედრიონიც“ და ზედ იგორ გიორგაძეც მიაყოლა, თავისი შორსმიმავალი საპრეზიდენტო ამბიციებით. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ როგორ მოასწრო „ბაბუმ“ ორ–სამ დღეში ორი ყველაზე საშიში კონკურენტის იოსელიანი–გიორგაძის განეიტრალება (ამოტომაცაა, რომ ბევრი დღემდე ეჭვობს: ეს შევარდნაძეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილიო). პოლიტიკური ალღო და გამოცდილება „ბაბუს“ ნამდვილად არ ღალატობდა, მან იცოდა, რომ მეტოქეებისთვის უნდა დაესწრო და ამიტომაც, ის დროს არ ჰკარგავდა.

30 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე შევარდნაძის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა. სახედაკაწრული „ბაბუს“ გამოჩენას ეგზალტირებული მომიტინგეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. შევარდნაძემ მაშინ განაცხადა: „ . . . განხორციელებული აქტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გახლდათ. რაც არ უნდა მოხდეს, ვერ შემაშინებენ. ვიბრძოლებ ბოლომდე და ყოველ მიზეზს გარეშე, ჩავატარებ 5 ნოემბრის არჩევნებს. საპრეზიდენტო არჩევნებში ვაყენებ ჩემს კანდიდატურას“. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალება უკვე მიღებული ჰქონდათ და ისინიც ამოქმედდნენ.

უკვე 30 აგვისტოს, ღამით, პარლამენტის შენობის მესამე სართულიდან (სადაც „მხედრიონის“ ოთახები იყო) ამოიღებულ იქნა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები და ნარკოტიკული ნივთიერებები. ჯაბა იოსელიანის კაბინეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ამოიღეს 500 აბი „კოდეინი“ და 150 ამპულა „მორფინი“.

1995 წლის პირველ სექტემბერს, პარლამენტის სხდომის შემდეგ, ჯაბა იოსელიანმა პრესკონფერენცია გამართა და მუქარანარევი ტონით აღნიშნა: „. . მდგომარეობის გამწვავება შეიძლება ცუდად დასრულდესო“. ტერაქტის ორგანიზატორებთან დაკავშირებით კი განაცხადა: „. . ,საეჭვოა შევარდნაძეს საკუთარი აფეთქება მოეწყო. ის ასეთ საქმეს არავის ანდობდა. ამიტომ საეჭვოა, ეს მისი ორგანიზებული იყოსო“. „იმელში“ პარლამენტის შენობის მესამე სართულიდან ამოღებული იარაღის შესახებ კი განაცხადა: „ჩემს ოთახში არაფერი საკამათო არ იყო. ციხეში რომ გამიშვან, იარაღი იქაც მექნება. ჯაბა რა ჯაბაა იარაღის გარეშეო“ .

ორ სექტემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ბოლო სხდომა, რომლის დროსაც ედუარდ შევარდნაძემ უკვე იგორ გიორგაძის განეიტრალების ოპერაციის საფუძვლები მოამზადა. ჩანდა, რომ „ბაბუ“ უკვე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას, რაც მისი გამოსვლის დამაჯერებელ ტონალობასაც ეტყობოდა. მან წამოაყენა წინადადება იგორ გიორგაძის და მისი მოადგილის, თემურ ხაჩიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სადესანტო–მოიერიშე ბრიგადისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების ( „ალფა“ და ომეგა“), უშუალოდ სახელმწიფო მეთაურისთვის დაქვემდებარების შესახებ. პარლამენტარების დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შევარდნაძის წინადადებას. ჯაბა იოსელიანი კი გაცხარებული იძახდა: „ეს ნაბიჯი დიქტატურის უკანასკნელი ნაწილიაო“.

გამოძიება კი გასაკვირად სწრაფად მიიწევდა წინ. მალევე სახელმწიფო მეთაურზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თემურ ხაჩიშვილი, უშიშროების სამსახურის ერთ–ერთი დანაყოფის უფროსი გურამ პაპუკაშვილი და „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა გელაშვილი დააპატიმრეს. 1995 წლის ნოემბერში კი ჯაბა იოსელიანიც დააკავეს: პირადად შს მინისტრმა შოთა კვირაიამ შეასრულა ეს „მისია“. სასამართლომ გურამ პაპუკაშვილს 10 გელაშვილს – 13, ხოლო ხაჩიშვილს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზების გარდა, ბრალი გია გულუას, გიორგი ჭანტურიას და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობაშიც წაუყენეს.


სასამართლო პროცესზე

საქართველოს პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს „იმელის“ შენობის დაცულ ეზოში (სადაც შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდებოდა, რაც ჭიშკართან განლაგებულ სამთავრობო დაცვის სამსახურის პოსტს უნდა გაეკონტროლებინა) გაჩერებული თეთრი „ნივა“ აფეთქდა, რის შედეგადაც აფეთქების ტალღამ გამოიწვია „იმელის“ შენობის კედლის ნაწილის ჩამონგრევა. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, როგორც შევარდნაძემ და მისმა თანამგზავრებმა. ასევე ეზოში მყოფმა პარლამენტის წევრებმა და სდს–ის თანამშრომლებმა. აფეთქდა შევარდნაძის ავტომანქანა " ГАЗ-31029" (რომელიც დაჯავშნული არ იყო), რის შედეგად „იმელის“ ეზოს ორივე მხარეს გაჩერებულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია ახლომდებარე სახლების და პარლამენტის შენობის ოთახების მინები. აფეთქების ტალღით, შენობის კედლების და ფანჯრის მინების, ასევე სახელმწიფო მეთაურის ავტომობილის ფანჯრების მინების ნამსხვრევებით, ე. შევარდნაძის, პ. მამრაძის და ვ. რჩეულიშვილის გარდა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს „იმელის“ ეზოში მყოფმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა და იქვე მყოფმა დეპუტატებმა. საბედნიეროდ ძირითადად მსუბუქი და საშუალო სირთულის დაზიანებები იყო. რაც უმთავრესია: არავინ გარდაცვლილა.

თითქმის ოცდაათი წელი გავიდა იმ ტერაქტის შემდეგ და ვერსიები ძირითადად სამია:

1. თავდასხმის მიზანი იყო შევარდნაძის ლიკვიდაცია და შემთხვევითობის გამო ჩაიშალა. შესაძლო ორგანიზატორები: რუსეთის სპეცსამსახურები; „მხედრიონი“; იგორ გიორგაძე.

2. თავდასხმის მიზანი იყო შევარდნაძის მხოლოდ დაშანტაჟება და რუსეთის სპეცსამსახურებმა გიორგაძის საშუალებით საჩვენებელ -გამაფრთხილებელი ტერაქტი მოუწყვეს. ეს “თითის დაქნევა” მხოლოდ შევარდნაძის კი არა, დსთ-ს სხვა პრეზიდენტების შესაშინებლადაც კეთდებოდა. ვისაც ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ გაექცეოდა თვალი და რეალურ თანამშრომლობას დაიწყებდა, უკვე ნაღდი ტერაქტი არ ასცდებოდა. შესაძლო ორგანიზატორი: რუსეთის სპეცსამსახურები;

3. ეს იყო შევარდნაძის მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული ტერაქტის იმიტაცია, რათა ჩამოეშორებინა ჯაბა იოსელიანი, „მხედრიონი“ და იგორ გიორგაძე.

პირველ ორ ვერსიას გაცილებით მეტი ლოგიკური დასაბუთება შეიძლება მოუძებნო, ვიდრე მესამეს. იმ პერიოდში შევარდნაძის ლიკვიდაციით საქართველოშიც ბევრი იყო დაინტერესებული და მის ფარგლებს გარეთაც. რა დასამალია და ჯაბა იოსელიანი მართლაც ვერ შეეგუა „მხედრიონისა“ და მისი უფლებების შეზღუდვას. ნაკლები მოტივაცია არც გიორგაძეს ჰქონდა.

ორი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც გიორგაძე საქართველოს უშიშროების სიტემას ხელმძღვანელობდა, თუმცა თავდაჯერებულობა და ამბიციები დღითიდღე ემატებოდა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ("გრუ") მფარველობით და ფარული დახმარებით, გიორგაძემ სადესანტო–მოიერიშე ბრიგადა შექმნა, მას ასევე ექვემდებარებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმები „ალფა“ და ომეგა“ – ამიტომ იმ პერიოდში იგორ გიორგაძე საქართველოში ყველაზე მომზადებულ და კარგად შეიარაღებულ სამხედრო დანაყოფებს აკონტროლებდა. გარდა ამისა, მის ხელთ იყო უშიშროების სისტემის მთელი აგენტურული ქსელიც. ამიტომ გიორგაძეს და მის „მოსკოველ პატრონებს“ შორს მიმავალი გეგმები ჰქონდათ. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო და საპრეზიდენტო არჩევნები იმავე წლის 5 ნოემბერს დანიშნა. შევარდნაძე 29 აგვისტოს ტერაქტის დროს რომ დაღუპულიყო, იმდროინდელ ქაოტურ, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილ „პოლიტიკურ აჯაფსანდალში“, იგორ გიორგაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად კონკურენტი არ ეყოლებოდა.

იგორ გიორგაძე 1995 წლის 5 სექტემბერს დასაწყისში გაიქცა საქართველოდან. ვაზიანის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა ან-72 (“ჩებურაშკა”) გიორგაძე მშვიდობიანად ჩაიყვანა რუსეთის ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე.

შევარდნაძის უვნებელი გადარჩენა გახდა თითქმის დაუჯერებელი მესამე ვერსიის გავრცელების მიზეზი. ტერაქტის „მშვიდობიანი შედეგი“ იქცა მაშინ ქართული და უცხოური მედიის დაეჭვების მთავარ საგნად: „ ტერაქტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ესე იგი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ შევარდნაძის ლიკვიდაცია მოეხდინათ, ეს ყველაფერი თავდასხმის ინსცენირებას წააგავს“, – დაახლოებით ამგვარი იყო ჟურნალისტების ლოგიკა. მათი არგუმენტები შემდეგი იყო:

1. ავტოსადგომზე გაჩერებული უცხო „ნივით“ შეუძლებელია დაცვის თანამშრომლები არ დაინტერესბულიყვნენ და არ შეემოწმებინათ;

2. აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძის მანქანა დანაღმულ „ნივას“ გასცდა.

ამ ვერსიას იზიარებდა „მოუხელთებელი იგორის“ მამაც, გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე, რომელიც ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებდა:“ . . ნამდვილ ორგანიზატორებს ქვეყნის პირველი პირისთვის ერთგულების ჩვენება ჰქონოდათ ჩაფიქრებული. მათ ყველაფერი მოაწყვეს ისე, რომ მათთვის არასასურველი პირების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის მიეღწიათო".

ჩემი აზრით ამ ვერსიასთან დაკავშირებით ყველაზე სარწმუნო მაინც ჯაბა იოსელიანის (რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა „ბაბუს“) მოსაზრება არის: „ის ასეთ საქმეს არავის ანდობდაო“. მართლაც წარმოუდგენელია შევარდნაძეს ასე გაერისკა! გამოძიების ყველა დეტალი და სიმართლე მომხდარი აფეთქების შესახებ დღესაც არაა ბოლომდე ცნობილი, ამიტომ კვლავ გრძელდება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ დაგეგმა და განახორციელა ეს ტერაქტი.

შევარდნაძემ მაშინ კი განაცხადა, ამით ტერქტები საქართველოში დამთავრდაო, მაგრამ ცდებოდა: 1998 წლის 9 თებერვალს კიდევ ერთი და არა ნაკლებ „უცნაური“ ტერაქტი გველოდა.