„ოცნება“ „ნაციონალებს“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ემუქრება

„ოცნება“ „ნაციონალებს“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ემუქრება

მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ ულტიმატუმს უყენებს - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ქვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევის საკითხს დაუჭიროს მხარი, ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

For.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული ულტიმატუმი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნაციონალებს პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე წაუყენეს და მათ მოუწოდეს ოქტომბერში ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოაბიტაცია 27 ოქტომბრამდეც დასრულდება.

ფაქტია, რომ „ნაციონალები“ თავისსავე დაგებულ მახეში გაებნენ, რადგან გასულ კვირას, უმცირესობამ უმრავლესობას მოუწოდა საკონსტიტუციო ქვორუმის დაწევის საკითხი 20 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ ჩაესვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცვლილებებს ჩააგდებდნენ და მხარს აღარც მთავრობის უფლებამოსილების შემცირებას დაუჭერდნენ. თავის მხრივ, ოპოზიციის ულტიმატუმი კოალიციამ გაიზიარა და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა, თუმცა, მათ ოპონენტებს თავადაც ულტიმატუმით უპასუხეს.

როგორც For.ge-ს კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, საკონსტიტუციო ქვორუმის შემცირების საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, უმრავლესობამ უმცირესობას ცვლილებების მხარდაჭერა მოსთხოვა, ბოლოს კი, მხარეებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ ვენეციის კომისიის პოზიციის გაცნობამდე, ინიციატივა დღის წესრიგიდან დროებით მოიხსნებოდა, რაც ასეც მოხდა კიდეც.

ნაციონალებს უმრავლესობამ მოსთხოვა - ან ცვლილებებს დაუჭირონ მხარი, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს და ხალხმა აირჩიოს - თუ ვინ სურს, იყოს პარლამენტში“, - განგვიცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.

თუ როგორ დასრულდება ულტიმატუმების ომი, ეს ცნობილი ოქტომბრის შუა რიცხვებში მას შემდეგ გახდება, რაც 12 ოქტომბერს ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ქვორუმის შემცირების თაობაზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. თუმცა, საკონსტიტუციო ქვორუმის საკითხს პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უკვე მოჰყვა. კერძოდ, ცვლილებების მხარდაჭერას არც ბიზნესმენი დეპუტატები აპირებენ.

For.ge-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, უმცირესობის წევრ დავით ბეჟუაშვილსა და კახა ოქრიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ბეჟუაშვილმა PSP-ს დამფუძნებელს მოუწოდა ქვორუმის დაწევის საკითხს მისმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭიროს, რადგან მომავალში, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მათი „აქტივი“ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები ულტიმატუმის თაობაზე for.ge-ს ინფორმაციას არც უარყოფენ, არც ადასტურებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოწოდების შესახებ არაფერი სმენიათ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის მტკიცებით, მას ულტიმატუმზე არაფერი სმენია.

„ვენეციის კომისიას ზუსტად წარვუდგენთ მოსაზრებებს - თუ რაშია საქმე. საკონსტიტუციო ქვორუმის დაწევის თაობაზე გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ ფორმულირებას მივაღწევთ“, - განუცხადა for.ge-ს ჩიქოვანმა, რომლის მსგავსად, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

დეპუტატის შეფასებით, წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ძირითადი კანონი დამახინჯდა და მოერგო პრეზიდენტს, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს.

„პავლე კუბლაშვილის განცხადებაზე მეღიმება, რადგან მან აღნიშნა, რომ პარლამენტის გაძლიერებას მხარს დაუჭერენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ათი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოს როლის დაკნინებაზე იყო ორიენტირებული და საინტერესოა, ახლა რატომ შეიცვალეს პოზიციები?! თუ ქვორუმი ¾-დან 2/3-მდე არ შემცირდება, ეს მომავალში ვაჭრობის საგანი გახდება. უმცირესობასთან ვაჭრობის არანაირი სურვილი არ მაქვს. ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არის, რომ ამ დონის ქვორუმი განვითარებად ქვეყნებში არ უნდა იყოს, რადგან კონსტიტუციის ჩასწორება რთულია. რაც შეეხება თქვენს ინფორმაციას, არ მსმენია, რომ ასეთი ტიპის ულტიმატუმები ყოფილიყო. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა გადაწყვეტილება გონივრული განსჯის ფარგლებში მიიღონ და არა ხელების გადაგრეხვით“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

უმრავლესობის მსგავსად, უმცირესობა ულტიმატუმის თაობაზე ჩვენს ინფორმაციას არ ადასტურებს და წყაროების გადამოწმებას გვირჩევს.

პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ქვორუმის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯია.

„რა თქმა უნდა, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა იმ ცვლილებას გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტის უფლებამსილების გაზრდისთვის იქნება გამიზნული. კომისიის შეფასებებს დაველოდებით, თუმცა, როგორც წესი, ასეთი შეფასებები არ იცვლება ხოლმე. რაც შეეხება თქვენს ინფორმაციას, ეს უაზრო ჭორებია და წყაროების გადამოწმებას გირჩევთ“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა, რომლის პათოსსაც გიგი წერეთელიც იზიარებს.

კანონმდებელის განცხადებით, საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას არ შეცვლის.

„თქვენს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. არ მგონია, რომ ასეთ ულტიმატუმს მომწიფებული პოლიტიკოსი აყენებდეს. ასე საკითხის დაყენება არალეგიტიმურია, რადგან არ შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ამა თუ იმ საკითხს მიაბა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას თავისი პროცედურა აქვს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ქვორუმის საკითხს, ეს ნორმა საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებისთვის შემოვიღეთ“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს. კერძოდ, საუბარია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. ამ ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტი ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს და მიიღებს სრული შემადგენლობის 3/4-ით, ანუ საუბარია 113 ხმაზე. ასევე რთულდება და იზრდება ქვორუმი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება.