ამერიკელი მემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრება რამდენიმე ადამიანს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა, რადგან ბევრ შტატში ხელისუფლება აღნიშნულ თემაზე გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარებს ებრძვის. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულებს შორის არიან მასწავლებლები, მეხანძრეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები და ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ერთ-ერთი ცნობილი გუნდის თანამშრომლები.
ადამიანები სამსახურიდან იმ ფონზე გაათავისუფლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გაატარებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც, მათ აზრით, „აქებენ, ამართლებენ ან დასცინიან“ კირკის მკვლელობას, რომელიც თავად იყო სიტყვის თავისუფლების მომხრე, წერს The Guardian-ი.
ამასთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თანამშრომლებს უბრძანა იპოვონ და იდენტიფიცირება მოახდინონ იმ სამხედროების, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ, წერს გამოცემა ტელეარხ NBC News-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე უკვე დაითხოვეს იმის გამო, რომ მათ სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხს რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნეს. პენტაგონის კიდევ ათეულობით თანამშრომელი სასაუბროდ არის გამოძახებული.