კახა კალაძე: მე მესმის ბატონი ბორელის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის პატივისცემა ჩვენთვის არის დიდი ვალდებულება

კახა კალაძე: მე მესმის ბატონი ბორელის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის პატივისცემა ჩვენთვის არის დიდი ვალდებულება

მე მესმის ბატონი ბორელის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის პატივისცემა არის დიდი ვალდებულება ჩვენთვის. ყველაზე მეტად რაც აზიანებს ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

„რაც შეეხება შესრულებას იმ 12-პუნქტიანი გეგმის, რომელიც იყო წარმოდგენილი, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ერთვებიან და საერთოდ არ აინტერესებთ აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ეს ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივად ვერ მოხდება მისი განხორციელება. მეორე მხარე რადიკალიზმით არის დაკავებული და მე მგონია, რომ დღევანდელ მოცემულობაში, ამის გაკეთება, რაც არ უნდა ხელისუფლების ძალისხმევა იყოს, შეუძლებელია ამ ოპოზიციის პირობებში. ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირიქით, გაღრმავდეს პოლარიზაცია, ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა, ვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როდესაც პირი რომელსაც პირველი ევალება კონსტიტუციის დაცვა, გამოდის და არღვევს კონსსტიტუციას. მე მესმის ბატონი ბორელის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის პატივისცემა არის დიდი ვალდებულება ჩვენთვის. ყველაზე მეტად რაც აზიანებს ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობა“, - განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი წერს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს.