რაც შეეხება ყოფილ სახალხო დამცველს, ალბათ იშვიათია შემთხვევა, რომ სახალხო დამცველი უკვე სამჯერ იყო მხილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებებით მანიპულირებაში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს სამი შემთხვევაა 2019 წლის ნოემბრის აქციების დაშლა, მიხეილ სააკაშვილის საქმე და ნიკა მელიას დაკავება.
„ერთი შემთხვევა იყო 2019 წლის ნოემბრის აქციები, საქმე „მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც მისი პოზიცია იყო, რომ დემონსტრაციის დაშლა იყო კანონის მიღმა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებები იყო აბსოლუტურად კანონიერი და ამხილა სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებით მანიპულაციაში.
მეორე მხილება იყო სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც სახალხო დამცველის დასკვნით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნიდა ყველა წინაპირობას, რომ მომხდარიყო მისთვის სასჯელის გადავადება და ამის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ მისთვის შექმნილი პირობები არის სათანადო და არანაირი აუცილებლობა სასჯელის გადავადებისა და მისი გადაყვანის არ არსებობს.
მესამე მხილება იყო ნიკა მელიას საქმე. სულ 5 დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ მისი დაპატიმრება იყო სრულად კანონიერი და არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ იკითხება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას ახალ საზოგადოებრივ პლატფორმას სოროსის ფონდი აფინანსებს, რომლის მიზანიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.
„შეგახსენებთ, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც იმართებოდა კონფერენცია მაკკეინისა და სხვა ინსტიტუტების ორგანიზებით, პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სურვილი და მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა. როდესაც ერთ-ერთი დისკუსიის მოდერატორმა თქვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმას კი არ ნიშნავს, ვინ მოიგო და ვინ წააგო, არამედ რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მან შეასწორა ეს გამონათქვამი და თქვა, რომ მას სურს ხელისუფლება შეიცვალოს. ამიტომ დღეს ჩვენ უკვე ოფიციალურად სოროსის ფონდი გვყავს როგორც ორგანიზაცია, რომელსაც სურს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ამისთვის აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციას. მათ შორის, გავიგეთ, რომ ყოფილ სახალხო დამცველს აფინანსებს და ასევე სხვა ორგანიზაციებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.