„ქართულ ოცნებას“ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს“

„ქართულ ოცნებას“ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს“

დიცისა და დვანის საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ხელთარსებული რესურსი სრულად ამოქმედებულია. მინისტრის განცხადებით, ასევე მუდმივ სამუშაო რეჟიმშია საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ და განსაკუთრებით, ეს ეხება ბრიუსელს, სადაც ნატო-ს და ევროკავშირის შტაბ-ბინებია.

საზღვრისპირა რეგიონში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორალდი, რომლის შეფასებით თანამედროვე სამყაროში ბარიების აშენება არ უნდა ხდებოდეს. ელჩი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გონივრული გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო თანამეგობრობაზე და მისივე განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს მთელი მსოფლიოს მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ.

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ დიცსა და დვანში არსებულმა ვითარებამ არ უნდა მიგვიყვანოს კრიზისამდე. რამდენად რთულია ის პროცესები, რომელიც საზღვრისპირა რეგიონში ვითარდება?

ზურაბ აბაშიძე: ემოციები, შესაძლებელია, მაღალია და ბუნებრივია, რომ უნდა იყოს, ჩვენ მიწას ეხება საკითხი, მაგრამ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ცივი გონებით უნდა შევხედოთ ამ პროცესებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, აშშ და ევროპელები ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში, ყველამ დაგმო ის, რაც ხდება. ეს არის რუსეთის ლუსტრირება, დამატებით აგრძელებს მცოცავ ანექსიას. იგივე კარასინის განცხადებები, აბსოლუტურად კომიკური ჩანს, როდესაც ამბობს, რომ საქართველო ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს მთელი მსოფლიოს მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს. წარსულის გამოცდილება ძალიან ბევრ რამეს გვკარნახობს. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომელიც დაშვებული იყო წლების განმავლობაში.

პროცესები, რომელიც საზღვრისპირა რეგიონში ვითარდება, პრეზიდენტისა და მისი უმცირესობის განმარტებით, ეს არის მცოცავი ანექსია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება. მათ გაეროში ვიზიტის ფარგლებშიც ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება...

- ეს სააკაშვილის ბოლო გამოსვლაა გაეროში და მე მინდა მჯეროდეს, რომ საკითხებს გაივლის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შეჯერებული იქნება სიტყვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვით ამ მაღალი ტრიბუნიდან. ერთია, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, მეორეა ის, რომ დღეს მოქმედი პრეზიდენტია და ყურადღება ექცევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იტყვის. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღარ მოხდეს ომი ქვეყანაში, ეს არის მთავარი.

ის, რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, ეს ფაქტია, ამაზე არავინ დავობს. მანამდე როგორ მოხდა ყველაფერი, ეს ისტორიის შესაფასებელია. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ყოველ სიტყვაში და მოქმედებაში. ჩვენ ვნახეთ არადექვატურმა დამოკიდებულებამ და გადაჭარბებულმა თვითდაჯერებულობამ სანამდე მიიყვანა ქვეყანა. ამიტომ, ჯობია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარსულის ანალიზით იყოს დაკავებული, რომ მომავლისთვის იმოქმედონ, თუ აქვთ პოლიტიკური მომავალი.

ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ მოვლენები მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდესო. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს პრეზიდენტი მუდმივად განცხადებებს შესაძლო დაძაბულობაზე?

- მინდა დავამშვიდო სააკაშვილი და მისი პარტია, რომ როგორც  უნდა მოინდომონ და რამდენადაც უნდა იყვნენ ამისკენ მობილიზებული, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ხალხი ძალიან კარგად ხედავს რა კეთდება, რა არ კეთდებოდა და რა მიმართულებით მივდივართ წინ. მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ შეგვხვდა, ეს იყო საკმაოდ მძიმე და რთული. ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს მოსახლეობას მოუგვაროს ის პრობლემები, რომელიც მას აქვს. ნელა-ნელა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი იცვლება.

დამთავრდა ვირტუალური სამყარო, რომელიც იყო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოსახვაში. ახლა, ქართველი ხალხი ცხოვრობს რეალურ საქართველოში, რეალური პრობლემებით. რეალურ პრობლემებს, რეალური გამკლავება სჭირდება, რა თვალსაზრისითაც ყველაფერი კეთდება. ოპოზიციაში ყოფნა და კრიტიკა ადვილია.

როგორ ფიქრობთ, ის ვითარება რაც ხდება კონფლიქტის ზონაში, ხელოვნურია? რუსეთი ამტკიცებს, რომ დღეს ის მოქმედებს 2008 წლის გადაწყვეტილებით. უმცირესობა თვლის, რომ ეს პროცესები ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება.

- ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ რას აკეთებდნენ? მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა ის ტერიტორიები. უნდა დამთავრდეს ეს დემაგოგია, ამაზე პასუხის გაცემაც კი არ შეიძლება იმდენად დემაგოგიური და იმდენად უსინდისოა ეს ნათქვამები. მე პირადად არ ვაპირებ წარსუსლში ქექვას, იმიტომ, რომ 1-ელ ოქტომბერს დავასრულეთ ჩვენ ეს მმართველობა, რომელიც ძალიან მძიმე იყო ქვეყნისთვის. ჩვენ ვიხედებით წინ, მაგრამ ისინი სისტემატიურად ცდილობენ, რომ ეს წარსული გაგვახსენონ თავისი დემაგოგიური და უსინდისო განცხადებებით.

რაში უნდა დაადანაშულონ დღევანდელი ხელისუფლება? ის, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა არის მნიშვნელოვანი, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. რუსეთის ბაზარზე შეღწევას ცდილობს მთელი მსოფლიო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარი გაიხსნას და დაბრუნდეს ჩვენი ღვინო, ციტრუსი, ხილი. დღეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის და სოფლის მეურნეობისთვის. მეორეა, რასაც აკეთებს რუსეთი, ეს არის ყველაზე მიუღებელი და დასაგმობი. სამწუხარო რეალობაა და ამ რეალობას ვუსწორებთ თვალს. პირდაპირ ვამბობ, რომ თავი დაანებონ დემაგოგიას და უსინდისო საუბრებს.

სხვათა შორის, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას...

- სააკაშვილი არავის არ უნდა ამ ქვეყანაში. დაასრულა იმ კაცმა თავისი მოღვაწეობა. პოლიტიკაში თუ უნდა დარჩენა, ამის უფლება აქვს და არავინ უკრძალავს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილს მხარს დაუჭერენ არჩევნებში, არ ვიცი.

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია უყენებს ხელისუფლებას. რას პასუხობთ ამ ბარლდებას ბატონო ზურაბ, ადმინისტრაციულ რესურს იყენებთ?

- არა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება, იმიტომ, რომ არ სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს მას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს აქვს მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ კი ვინმე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებიან მინისტრები, ეს არის რეალობა, ეს მინისტრები დღევანდელ მთავრობას და მის კანდიდატს უჭერენ მხარს და ამას ვერ ავკრძალავთ. ეს არის ბუნებრივი პროცესი.

ჩვენ საკანომდებლო დონით მაქსიმალურად ავკრძალეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამას აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენთვის მთავარია ქვეყანამ ჩაატაროს მაღალი დონის გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები, ისეთი, როგორიც არ ჩატარებულა. დაველოდოთ და შეფასებები მოჰყვება. თუ ვინმე შედეგებით იქნება უკამყოფილო, პირველ რიგში, თავის თავს დააბრალოს, რომ ვერ მიიღო მხარდაჭერა.