„აუმ“-იდან „ოკუპაცია“–მდე  – კუშნერის როლი ქართული ენის გადარჩენა-განვითარების საქმეში

„აუმ“-იდან „ოკუპაცია“–მდე – კუშნერის როლი ქართული ენის გადარჩენა-განვითარების საქმეში

[კახა კაციტაძე]
ცნობილია ის ფასდაუდებელი წვლილი, რომელიც ქართული ენის შესწავლა-განვითარებაში დიდმა ფრანგმა მარი-ბროსემ შეიტანა. ახლა მეორე ფრანგს, ბერნარ კუშნერს უნდა ვუმადლოდეთ, რომ წერტილი დაუსვა სიტყვა “ოკუპაციასთან” დაკავშირებულ სამაცხვინო ინსინუაციებს.

ბერნარ კუშნერმა თავისი განცხადებით წერტილი დაუსვა სახელისუფლო მედიის ჭყლოპინს რუსეთ-საქართველოსთან დაკავშირებით ტერმინ “ოკუპაციის” გამოყენების შესახებ.

რასაკვირელია არავის გაუმხელია, რომ იგივე ტერმინი ყარაბახის მიმართაც იქნა გამოყენებული.
არც ის უთქვამთ, ისრაელის ქნესეთში გამოსული დეპუტატები უპრობლემოდ ლაპარაკობდნენ ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იორდანეს აღმოსავლეთ ნაწილსა და ღაზას სწორედ ოკუპირებულს უწოდებდნენ.

ეს ფაქტები რომ არ დაემალათ სახელისუფლო მედიასაშუალებებს აღარ მიეცემოდათ საშუალება მტკიცებისათვის, რომ საქართველომ დიპლომატიურ ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული გამარჯვებას მიაღწია.

სიტყვა „ოკუპირებულის“ ხმარებას, „ოკუპანტის“ გაჩენა მოჰყვა. ტელეწამყვანები ისევე მოითხოვდნენ ოპოზიციის წარმომდგენლებისგან რუსეთის მიმართ „ოკუპანტების“ მოხმარებას, როგორც ფოტოგრაფები სურათის გადაღების წინ გაღიმებას.

აუმი, ოკუპაცია და პოლიტტრანსცენდენტალური მედიტაცია
ტრივიალური იურიდული ტერმინი “ოკუპაცია”-ის მოხმარებით აღტკინებულმა ქართული პოლიტიკის დამგეგმავებმა ახალი სიმაღლეების დაპყრობა გადაწყვიტეს (დამგეგმავს ზრდილობისთვის ვამბობ, თორემ რა როგორ იგეგმება ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით: დაწყებული ომით და დამთავრებული პრეზიდენტის მეორე პრეზიდენტის დაბადების დღეზე სტუმრობით).

გადაწყვიტეს საქმეში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი ჩაერთოთ. ავტორიტეტულ სტუმარს კიდევ უნდა დაედასტურებინა, რომ სიტყვა “ოკუპაცია” უბრალო სიტყვა არ არის და რომ მას დაახლოებით ისეთივე მისტიკური დატვირთვა აქვს, როგორც მანტრულ სიტყვა “აუმ”-ს (ზოგი აღმოსავლეთაზიური ტრანსკრიფციით “აუმ”-ს “ომ”-ადაც გამოთქვამენ).

სიტყვა ჩვეულებრივ “სამყარო” (ინგლისური უნივერცე-ის აზრით) მოიხმარება. მაგრამ არსებობს დიდ კოროჰტა შებერტყილ-ექსტრასენს-პარაფსიქოლოგ-ლომაიებისა (განათლების მინისტრს არ ვგულისხმობ, ირაკლი ლომაიაზე ვლაპარაკობ, რომელმაც მისტიკურად შემატყობინა, რომ განათლების მინისტრმა დაფაზე სიტყვა “ბავშვი” სწორად იმიტომ ვერ დაწერა, რომ წერის პროცესში ტრანსცენდეტალური მედიტაციის მდგომარეობში იმყოფებოდა და საკუთარი სულის სიღრმეში სწორედ “აუმ”-ს ამბობდა).

თითქოს ყველაფერი ნათელია, “აუმ” ნიშნავს სამყაროს და ბასტა! მაგრამ მთელ რიგ მისტიკურ სკოლებს მიაჩნიათ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ვეზიარებით უღრმეს ეზოთერულ განზომილებებს, რომელზეც უბრალო მოკვდავებს (“აუმ” რომ უბრალოდ “სამყარო” აღმნიშვნელი სიტყვა ჰგონიათ) წარმოდგენაც არა აქვთ.

სიტყვების მისტიკოსოსთა აზრით სიტყვა აუმ-ში ბგერა “ა” განასახიერებს სამყაროს შექმნას, ბგერა “უ” შენარჩუნებასა და ბგერა “მ“ მოსპობას; მაგრამ ეს ყველაფერი არაა.
”აუმ”-ის ბგერები ასევე ანსახიერებენ სულის სამ მდგომარეობას: ძილს, სიფხიზლესა და ბურანს. ამას გარდა ეს სამი ბგერა განასახიერებს ციურ სამყაროს, ჩვენს სკნელს და მიწისქვეშა დემონთა სამყაროს.
მოკლედ მართლაც უცნაურია რაოდენ დიდი შინაარსი შეიძლება ჩაიდოს სამ კინკილა ასოში.

მართალია ჩვენი ხელისუფლება ათეისტურია და ბუდიზმს მოკავშირედ მაინც უნდა აღიქვავდეს, მაგრამ გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების ადეპტების საარაკო უმეცრებიდან, ამ სიტყვის იდუმალი არსის შესახებ, არც კი შეუტყვია (წარმოვიდგინოთ ნუგზარ წიკლური ორი გურუს თანხლებით, როგორ გამოთქვამს მისტიკურ სიტყვა „აუმ“-ს).

ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვტა კუშნერი ტრანსცენდენტური მედიტაციის აქტში სხვა მისტიკური სიტყვით ჩაეგდო.

ასეთად „ოკუპაცია“ იქნა მიჩნეული. კუშნერის ტრანსში ჩავარდნის შემდეგ, სახელდახელოდ მომზადებულ ჟურნალისტებს მისთვის ახალი მისტიკური ფრაზა უნდა ეთქმევინებინათ, სახელდობრ „რუსეთი ოკუპანტია!“.

მას შემდეგ, რაც მედიტაციაში მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთი მინისტრი თავს დაიქნევდა (ჰიპნოზური ძილით მაინც დაეძინებოდა, სხვა რომ არაფერი) სახელისუფო ტელევიზიები მსოფლიოს მოსდებდნენ ამბავს: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოთქვა ჯადო–სიტყვა, რითაც დაადასტურა, რომ საქართველომ გიგანტურ გამარჯვებას მიაღწია რუსეთთან ომში და ტერიტორიებს სწრაფად დავიბრუნებთ.

ამავე დროს, ცხადია დაიგმობოდა ოკუპანტების აგენტები ბურჯანაძე და ნოღაიდელი, რომლებმაც ჯადოსნური სიტყვა „აუმ“-ის, პარდონ „ოკუპანტის“ წარმოთქმაზე უარი თქვეს. საათივით მიდიოდა საქმე, მაგრამ ფრანგმა ივერაგა. განაცხადა აუმი, ანუ ოკუპაცია ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა და არავითარ მისტიკურ დატვირთვას არ შეიცავსო.

აი ბერნარ კუშნერის განცხადებიდან ამონარიდი: – „...ჩვენ მრავალი წელი ვიყენებთ ამ ტერმინს პალესტინის შემთხვევაში, მაგრამ ტერმინი ტერმინად რჩება, პრობლემა კი პრობლემად. მარტო სიტყვა ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას, აუცილებელია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება და ეს პროცესი დიალოგია, - განაცხადა კუშნერმა. მისივე თქმით, ტერმინებისა და დიპლომატიური ხერხების გამოყენებას მანამდე აქვს აზრი, სანამ ომი დაიწყება და ყველაფერი საბოლოოდ გაფუჭდება…“

მოკლედ, ფრანგთა მინისტრმა გვითხრა, ოკუპაციის ძახილი, ან სიტყვა “ოკუპაციის” შელოცვასავით ქაღალდზე ჩაწერა საქმეს არ შველისო. ტერმინი ტერმინად რჩება, პრობლემა პრობლემადო. ტერმინი “ოკუპანტი” კუშნერს საერთოდ არც უხსენებია. ის კი გვითხრა, ვისაც ოკუპანტს ეძახით მასთან მოლაპარაკებაა საჭიროო.

აქ შეგვეძლო აღგვენიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკურ ლიდერი, რომელსაც ფსიქიკასთან გართულება არა გვაქვს იგივეს გვეტყოდა.
შემიძლია ბოროტი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საფრანგეთის საგარეო მინისტრის მსგავსი აზრი მისტიკურ სიტყვა “ოკუპაციასთან” დაკავშირებით ბატონ კუშნერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვთქვი.

გაიტანეთ გრენლანდია, ანუ მორჩით უაზრო ლაპარაკს
“კვირის პალიტრაში” დაჩი გრძელიშვილთან საუბარში ვწერდი: “სიტყვა Occupied, ინგლისურში ნიშნავს დაკავებულს. მაგალითად, თუ დაკვირვებიხართ, უცხოეთში თვითმფრინავისა და მატარებლის ტუალეტებს აწერია ხოლმე, Occupied. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ტუალეტი ოკუპირებულია და უნდა შევვარდეთ და ბოროტი ძალებისგან გავათავისუფლოთ,… არამედ იმას, რომ საპირფარეშო დაკავებულია.

უფრო საინტერესო დასკვნამდე მივიდა ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი “მედვედევისა და ობამას ზედმიწევნით მეგობრული შეხვედრის შემდეგ, მისი განცხადებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემაზე, ფრიად საინტერესო მოსასმენი იქნება. ჯერჯერობით ამერიკელებმა ერთ მოხერხებულ გამოსავალს მიაგნეს - ტერმინი ოკუპირებული ინგლისურად დაკავებულს ნიშნავს, ქართულად კი მისი ინტერპრეტირება უსაზღვროა - შეგიძლია, დაკავება ოკუპაციად, დამკავებელი - ოკუპანტად, ოკუპანტი - აგრესორად და ფაშისტად გამოაცხადო და იყო ბედნიერი და ამაყი.
ამასობაში კი ჭკვიან ამერიკელებს იმაზე მეტი არაფერი უთქვამთ, რაზეც აგვისტოს მერე მთელი ევროპა ისედაც ლაპარაკობს - რუსეთმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დაიკავაო.…”

აქ თავისუფლად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ხელისუფლება და მისი “ფარჩაკები” კიდევ ერთხელ ჩამოიშალენ. მაგრამ აქ საქმე გაცილებით საშიშ ფენომენთან გვაქვს: - “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ კონტროლირებული მედია, ქართველების ცნობიერებაში, არათუ უბრალოდ გარდასული, არამედ მითოსური ეპოქის გადმონაშთებს ნერგავს და თანაც ყველაზე ბნელი ფორმით.

დიაღ, მე თავისუფლების ინსტუტუტის ადეპტებს ბრალს ვდებ, არა სიახლისკენ სწრაფვაში, რომლის დამკვიდრების მომხრეებადაც გვიცხადებენ თავს, არამედ ხელისუფლებისადმი მანიაკული მიდრეკილებაში.

ამ სწრაფვაში თავის ერთგულ მედიასთან ერთად, ისინი მზადა არიან არა მხოლოდ ქრისტიანობამდელი ეპოქის სააზროვნო სივრცეში გადაგვისროლონ, არამედ ისევე დაგვაწყებინონ აზროვნება, როგორც ჩვენი წინაპრები აზროვნებდნენ მაშინ, როდესაც არმაზს, გაცის, გაიმსა და ზადენს სცემდენ თაყვანს. ერთი სიტყვით, თავისუფლების ინსტიტუტის ადეპტები დღეს საქართველოში ბნელეთის ყველაზე დიდი ბურჯები არიან. მით უფრო, რომ ეს ბურჯობა ყველაზე ბნელი და დაუსაბამო ინსტიქტით - ძალაუფლების შეშლილი ნებითაა განპირობებული.
ყურით მოთრეული მტკიცებაა? ვნახოთ,

კრიტიკული აზროვნება და მისი ქართველი მტრები
კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მითოსური აზროვნება ბატონობდა, მთელ ადამიანურ ყოფიერებას მემკვიდრეობით და ტრადიციით მიღებული ინფორმაცია განსაზღვრავდა.

ეს ინფორმაცია საკრარული იყო, ანუ ერთხელ და სამუდამოდ არსებულად, პირველწინაპრების ან პირველღვთაებების ბოძებულად ითვლებოდა. ინოვაცია საუკეთესო შემთხვევაში არ ხალისდებოდა, თუმცა უფრო ხშირად ისჯებოდა. მთავარი იყო ის, რომ ამ ეპოქის ადამიანი არასოდეს აყენებდა კითხვას “რატომ“. არქაულ ენებში ამ მნიშვნელობის სიტყვა არც არსებობს.

სხვაგვარად არ დგებოდა კითხვა, რატომაა რაღაც ასეთი და არა სხვანაირი. სპეციფიკური მნიშვნელობა ჰქონდა „როგორ“ - ის ტოლფარდ კითხვას. ის ეხებოდა მოთხრობას იმაზე, როგორ წარმოიქმნა სამყარო, მაგრამ არა იმ კონტექსტს, რომელშიც როდესაც ვამბობთ: „როგორ ფუნქციონირებს სოციუმი“? ბუნებრივია, ამ ვითარებაში, არც სოციუმსა და არც მის შემადგენელ ინდივიდებს არ ჰქონდათ ჩვევა თავისი მოქმედებების კრიტიკული შეფასებისა.

შესაბამისად, არგუმენტირებულად ვერ გეტყოდნენ, რატომ აკეთებდნენ ამას და არა სხვა რაიმეს (მაქსიმუმ მოხდებოდა მითითება რომელიმე მითზე, რომელიც ახსნიდა რომ სამყაროს დასაწყისამდე ადამიანი რაღაცას არ აკეთებდნენ, შემდეგ დაიწყეს ამ საქმის კეთება და ახლაც იმიტომ აკეთებენ ამას).

ეჭვი არაა, რომ ამგვარი მითოსური აზროვნების რელიქტები დღესაცაა შემორჩენილი, განსაკუთრებით ადამიანების იმ ჯგუფში, შიზოფრენიკით დაავადებულებს რომ უწოდებენ.

მათ არ შეუძლიან კრიტიკულად შეაფასონ თავიანთი ქმედებები ანუ ახსნან რატომ იქცევიან ასე და არა სხვანაირად. ითვლება, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან განვითარების იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი წინაპრები იმყოფებოდნენ მითოსური აზროვნების ხანაში.

ამასთან უუნარობა რაიმე მოვლენის „რატომ“-ის და „როგორ“-ის ახსნისა, იწვევს მრავალ აკვიატებულ იდეებს, რომელთა შორის საკმაოდაა გავრცელებული რწმენა იმისა, რომ ცალკეულ სიტყვებს, რიცხვებს და ასოებს მისტიკური და იდუმალი მნიშვნელობაც გააჩნიათ.

საკმარისია მუდმივად და დაუზარლად გავიმეოროთ ეს სიტყვები, სხვადსასხვაგვარად ვხატოთ ეს ციფრები და ჩვენს მიზანს მივაღწევთ. იმის ჩამოყალიბება, რასაც კრიტიკული აზროვნება ჰქვია, აგრეთვე ისტორიის სიღრმეშია საძიებელი.

კრიტიკული აზროვნების ფესვები ჯერ კიდევ ძველი აღქმის იმ მონაკვეთებშია საძიებელი, სადაც მრავალღმერთიანობა და კერპთაყვანისმცემლობა იგმობა, აგრეთვე ძველბერძენთა საოცარ სახელოვნებო და ფილოსოფიურ ტრადიციაში, რომელიც კითხვებს რატომ-ს და როგორ-ს შობს

კრიტიკულმა აზროვნებამ რთული გზა გაიარა, სანამ საბოლოოდ 17-18-ე საუკუნეების ევროპაში მიაღწია გაბატონებულ მდგომარეობას.
კრიტიკული აზროვნების დამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ენის ფილოსოფიის ჩარჩოებში ჩატარებულ კვლევები იყო. ამგვარი კვლევებისას, დიდი ინგლისელი ფილოსოფოსები თომას ჰობსი და ჯონ ლოკი მივიდნენ ბანალურ დასკვნამდე, რომ ჩვენი სიტყვები ჩვენივე შემოქმედების პროდუქტია და არ შეიცავენ არავითარ მისტიკურ დატვირთვას.

პირიქით, სიტყვების გამისტიკურება გაბუნდოვნება მხოლოდ პრობლემებს გვიქმნის. ამასთან ჰობსი და ლოკი ენას არ იკვლევდნენ პრაგმატიკული ასპექტით, ვინაიდან ამ მეცნიერების შექმნამდე სამასიოდე წლით ადრე დაიბადნენ (უხეშად, პრაგმატიკა არის ლინგვისტური მეცნიერება, რომელიც იმდენად სიტყვებს, წინადადებებს და ა.შ კი არ სწავლობს, არამედ იმას, როგორ აღიქვავს ადამიანთი ესა თუ ის კოლექტივი ამ სიტყვებს).

ერთი სიტყვით, საქმე კარგად წავიდოდა, თავისუფლებისინსტიტუტელთა ტოტალიტარულ წინაპრებს რომ არ მოსვლოდათ თავში: - მოდი ტელევიზიების, რადიოს, გაზეთების, ჭორების მეშვეობით, ადამიანებს ტვინს ისე ავუწყობთ, რომ ყოველ სიტყვაში იმას კი არ დაინახავს, რაც ამ სიტყვაში უბრალოდ იგულისხმება, არამედ უფრო მეტსა და მისტიკურსო.

ამ მისტიკურზე ცოდნის განმარტება კი, ჩემი როგორც ხელისუფლების პრეროგატივა იქნებაო. მასას ვაფიქრებინებთ რაღაც იდუმალი ცოდნის მფლობელი ვარო. ვაი ჩვენს პატრონს! მართლა რომ გვჯერა, ამათ რაღაც ცოდნა აქვთო!

სტალინური მეთოდის მემკვიდრენი
როდესაც სხვადასხვა სახის სიტყვებზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ჩამოვთვალოთ ისეთი სიტყვები და გამოთქმები როგორიცაა: ფაქტების კონსტატაცია (“გარეთ მზეა” “ავადმყოფს აღარაფერი ეშველება”), შეფასებითი მსჯელობები (თავისუფლება სჯობს მონობას), სამართლებრივი მსჯელობები (ქურდობა არის სისხლის სამართლის დანაშაული), მეტაფორები ( „მთვარე სანთელივით ჩაქრა“ და ა.შ.).

მაგრამ სტალინმა, ჰიტლერმა და მუსოლინიმ შექმნეს სხვა ტიპის სიტყვები-იდეოლოგემები - რომლებიც თითქოს არაფრით განსხვადებიან ჩვეულებრივი სიტყვებიდან, მაგრამ ტოტალიტარული მედია ადამიანებს თავში უდებს ისეთ კონტექსტს, რომ ეს ადამიანები ამ სიტყვაში გარდა უბრალო სიტყვისა რაღაც სხვას, მისტიკურს ხედავენ.

მაგალითად ცნობილი იდეოლოგემაა „სამამულო ომი“. რამდენჯერ ითხოვდნენ აფხაზეთის კონფლიქტისას ეს ომი „სამამულოდ“ გამოვაცხადოთო. რა არის „სამამულო ომი“. იქნებ პროფესიულ-სამხედრო შინაარსის შემცველი ტერმინია? მსგავსად კლასიკური, ბირთული, კოლონიური ომებისა? – არა, ესაა სიტყვა-იდეოლოგემა, რომელსაც დიქტატორები თავისი მიზნებისთვის იყენებენ.

„სამამულო“ აქ პრინციპში მეტაფორაა და მეტი არაფერი, მაგრამ საკრალიზებულ საზოგადოებაშო იდეოლოგემაცაა, იურიდიული ნორმაც, კონსტატაციაც და ცხოვრების წესიც.

როგორ ითქმება ინგლისურად „სამამულო ომი“. რა ქნან საწყალმა ანგლოსაქსებმა „სამამულოს“ შესატყვისი სიტყვა რომ არ აქვთ და როდესაც ამ ომის საბჭოურ სახელებას ინგლისურად თარგმნიან „great patriotic war” - ზე უბნობენ?

გერმანელებს უფრო გაუმართლათ. გდრ-ელებს საბჭოთა ამხანაგებმა შეაქმნევინეს რუსული „ველიკაია ოტეჩესტვენნაია ვოინას“ გერმანული კალკა, Der grosse Vaterlandishe Krieg (ისიც კი არ შერცხვათ, რომ ჰიტლერის რიტორიკის უმთავრესი სიტყვა „ფატერლანდი“ გამოიყენეს).

ეს სიტყვათხმარება მოახვიეს ყველა საბჭოთა სატელიტს. ჩრდილო კორეამ ნებაყოფლობით შექმნა „სამამულო ომის“ კორეული ეკვივალენტი, რომელსაც 16 –ე საუკუნეში იაპონელების წინააღმდეგ ომის აღსანიშნად გამოიყენება. „სამამულო ომი“ ჩუნჩხეს ენაზე, ლათინური ტრანსკრიფციით ასეა: aegugjeg jeonjaeng.

საკმარისია ხსენებული ენობრივი სივრცის მცხოვრებლებმა გაიგონ სიტყვა “დიდი სამამულო ომი”, რომ რწმუნდებიან: ეს უბრალო სიტყვა არ არის, ეს იდუმალი სიტყვაა, რომელშიც ჩავანებული მისტიკური აზრი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებამ იცის და რომლის ხშირად და მინავლბული თვალებით გამეორება აუცილებლად შემუსრავს ავისმოსურნეთ.

ასეთ მისტიკურ-სიტყვა იდეოლოგემად სააკაშვილმა ოკუპაცია აქცია. ჩვეულებრივ ევროპულ ენებში ეს სიყვა “დაკავებას” (ზოგჯერ ნეიტრალურად, მაგალითად ტუალეტის დაკავება, ზოგჯერ ნეგატიურად, როგორც ტერიტორიის სამხედრო ძალით დაკავება სამართლებრივი ბაზის გარეშე). ასევე დეოკუპაცია - დაცლას, გაყვანას ნიშნავს (ხსენებული აზრით). ესაა და ეს.

მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ქართულად ხომ ვერ გვეტყოდა: “რუსეთმა ჩვენი ტერიტორია უსაფუძვლოდ დაიკავა და ახლა დაცალოსო”. ასეთი ნათქვამი ვერ იჟღერებდა “ევროპეიცკად”, ვერ შეიძენდა მისტიკურ ჟღედობას.

დაკავება და დაცლა იდეოლოგემად ვერ იქცეოდა. ამიტომაც სიტყვა „ოკუპაციას“ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით მისტიკური იდეოლოგემის მნიშვნელობა უნდა შეეძინა.

პრობლემა თითქოს მაშინ გადაწყდება, როდესაც ყველა უკლებლივ იტყვის რომ რუსეთი... რა რუსეთი? და აქ სააკაშვილის პიარშიკებმა მისი საყვარელი სოსო ბიძიას პიარ-ხერხებს მიმართეს. მათ გამოაცხადეს, რომ რუსეთმა უბრალოდ კი არ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, არამედ მეტიცაა - ის ოკუპანტია.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ არავითარი არსებითი ენობრივი განსხვავება „ოკუპაციასა“ და „ოკუპანტს“ შორის არ არსებობს. რატომ მაშინ „ოკუპანტი“ და ნაკლებად „ოკუპაცია“?

იმიტომ, რომ სტალინური აგიტპროპის შექმნილ კონტექსტში „ოკუპანტი“ ყველაზე საგინებელ სიტყვათა შორის იყო. შეიძლებოდა თქმულიყო „დამპყრობი“. მაგრამ სად „დამპყრობი“, სად - „ოკუპანტი“. ესაა და ეს.

ამიტომაც, მიშაისტური მედიავარსკვლავები პოლიტიკოსებს იმას კი არ ეკითხებოდნენ „მოახდინა თუ არა, რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია“(პასუხი იქნებოდა „რუსეთმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა საქართველოს ტერიტორია“).

ჩვენი (უფრო ზუსტად ხელისუფლების ) ჟურნალისტები კითხულობდნენ „რუსეთი ოკუპანტია?“. ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს ელოდნენ რომელიმე ინგლისელის, გერმანელის, ან ფრანგისაგან, რომელიც „ოკუპანტში“ „დამკავებელს“ გულისხმობს, ჩვეულებრივ სიტყვად აღიქვავს მას და არა იდეოლოგემად.

იდეოლოგემების მემკვიდრენი
სტალინური სიტყვა-იდეოლოგემები დღესაც ცოცხლობენ. მაგალითად ესპანეთი სამოქალაქო ომისას გაპიარებული “მოხალისე”.
გვახსოვს რამდენი მკვლელი და მძარცველი აცხადებდა თავს “მოხალისედ” აფხაზეთის, ან ბალკანეთის ომებისას. მათთვის რომ გეთქვათ, დაქირავებულები ხართო, იწყენდნენ. არადა ფაქტობრივადაც,იურიდიულადაც და ყველანაირადაც, სწორედ დაქირავებულები იყვნენ.

ზოგჯერ კომიკური ვითარება იქმნებოდა. მაგალითად, რაც სტალინურ აგიტპროპში იწოდებოდა როგორც „იატაქვეშეთში გადასვლა“ (ძირითადად ნორჩ პიონერ-პარტიზანებზე იყო ლაპარაკი), ნორმალურ, არაიდეოლოგიზირებულ ენებში ნიშნავდა: „დაარღვია კანონი და კანონს ემალება“.

არადა, საბჭოურ პრაგმატიკაში, საბჭოელის მიერ ამ გამოთქმის აღქმა დადებითი იყო. სააკაშვილის მედია ბნელეთის ეპოქაში გვაბრუნებს, სადაც ადამიანები სიტყვებით კი არ ოპერირებენ, არამედ იდეოლოგრამებით. ჩვენ კი არ ვიყენებთ სიტყვებს, სიტყვები გვხმარობენ, თუ მოგვიხმარენ ჩვენ.

მივდივართ ჯორჯ ორველის „1984“ წლის სიტუაციისაკენ, როდესაც ისეთ სიტყვებს როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული, სამართლიანობა ისე აქვთ დამახინჯებული მნიშვნელობა, რომ ადამიანები მათ ვერ იაზრებენდა შესაბამისად ვერც სხვას უზიარებენ. ეს საქართველოში არსებული რეჟიმის იდეალია, რომელსაც საბედნიეროდ ვერასოდეს მიაღწევს, თუმცა მარად ესწრაფის მას.(დიდი მადლობა ბატონ გლიუქსმანს, რომელმაც ამ ყოველივეს პიარშჩიკობა იკისრა)

რა დონეზე ბატონობენ ჩვენზე სიტყვა – იდეოლოგემები ცნობილ ბლოგისტ ჟოაოს (ბოდიშს ვიხდი მისი სახელი და გვარი არ ვიცი და ამიტომ ვერ ვასახელებ) ერთი ასეთი პასაჟი აჩვენებს:
– ”თუ მცირე ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ, ბევრი საკითხი უფრო ნათელი გახდება. ნაპოლეონის შემდეგ, რუსეთმა შეძლო თავისი პოზიციების ისე გაძლიერება, რომ ალექსანდრე პირველის (1801-1825) და შემდეგ ნიკოლოზ პირველის (1825-1856) წლებში რუსეთი იწოდებოდა ევროპის ჟანდარმად. ამას წერტილი დაუსვა რუსეთ თურქეთის ომმა 1853-1856 წწ, მაგრამ მაშინ რუსეთმა მაინც შეძლო ამ ყველფარის გადალახვა 1877-78წწ. ომით თურქეთთან და საკმაოდ დიდ გეოპოლიტიკურ გამარჯვებასაც მიაღწია“.

თუ ბატონი ჯოაოს ბლოგში მცირე ექსკურსს გავაკეთებთ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დავასკვნით, რომ იგი არც საერთოდ ისტორიის და არც პოლიტიკური ისტორიის სფეროში ბაიბურში არაა.

მე როგორც დემოკრატს არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუ იგი, რბილად რომ ვთქვათ, თავის ეგზოტიკურ იდეებს ინტერნეტით გაავრცელებს. მაგრამ ავტორს, რომელიც ფაქტებთან მიმართებით იტყუება (არ ვიტყოდი რომ შეგნებულად ტყუის, უბრალოდ არ იცის ის თემატიკა რის შესახებაც წერს) მას პასუხი უნდა გაეცეს.

ალექსანდრე I-ს დროს რუსეთს ევროპის ჟანდარმს არავინ უწოდებდა. სხვა რომ არაფერი, ვერ უწოდებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ რუსეთში ჟანდარმერია, როგორც საიდუმლო პოლიცია ამ მეფის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ 1827 წელს შეიქმნა.

ნიკოლოზ I „ევროპის ჟანდრმად“ იმიტომ კი არ იწოდა, რომ თავისი პოზიცია ევროპაში უზომოდ განიმტკიცა (როგორც ეს ბატონ ჟოაოს ჰგონია), არამედ იმ სამარცხვინო როლისათვის, რომელიც მან შეასრულა 1830 წლის პოლონეთის და განსაკუთრებით 1848 წლის უნგრეთის რევოლუციების ბარბარუსულ ჩახშობაში.

თუმცა აქ საინტერესო სხვა რამაა. ბატონი „ჟოაო“ „ჟანდარმს“ ისევე ხმარობს, როგორც ხელისუფლების სხვა მომხრენი „ოკუპაციას“. ანუ სიტყვა ჟანდარმს მოიხმარს არა ნორმალურ სიტყვად, არამედ იდეოლოგემად.

თავისთავად სიტყვა „ჟანდარმი“ იმ ერებს გარდა, რომელთაც რუსეთში, ან მსგავს იმპერიაში არ უცხოვრიათ, არავითარ ნეგატიურ და მით უფრო მითოლოგიზირებულ-იდეოლოგიზირებულ დატვირთვას არ შეიცავს. „ჟანდარმი“ თავიდან აბჯროსან კავალერისტს ნიშნავდა, კლასიკურ რაინდზე მსუბუქად აღჭურვილს, კირასირზე უფრო მძიმედ შეჭურვილს. ესაა და ეს.

ისე სხვათა შორის, „ჟანდარმი“, რიგით ფრანგში, უმალ ლუი დეფიუნესის პერსონაჟის ასოციაციას გამოიწვევს და არა ცარიზმის სისხლში ხელებგაშლილი ჩინოვნიკისა. მაგრამ ეს რეჟიმი ხომ სტალინიდან მოდის (იხ.ჩვენი წერილი „სტალინი და მამისმკვლელობა“ პრესა.გე-ში) ამიტომ იდეოლოგემების გარეშე ვერ ძლებს, „ჟანდარმი“ იქნება, ეს თუ „ოკუპანტი“.

ისე ბატონ ჯოაო-ს უნდა ვუთხრა რომ 1853-56 წლებში რუსეთ-თურქეთის ომი არ ყოფილა. რუსეთს ოსმალეთის (არა თურქეთის, არამედ სწორედ ოსმალეთის; პოლიტიკურ ისტორიაში ნებისმიერმა ჩახედულმა ადამიანმა ეს უნდა იცოდეს) გარდა ეომებოდნენ ინგლისი, საფრანგეთი და სარდინიის სამეფო (გნებავთ უწოდეთ პიემონტის სამეფო).

ბლოგერის მიერ პოლიტიკური ისტორიის უმეცრება იქ ბრწყინდება, სადაც წერს: –მაშინ რუსეთმა მაინც შეძლო ამ ყველფარის გადალახვა 1877-78წწ. ომით თურქეთთან და საკმაოდ დიდ გეოპოლიტიკურ გამარჯვებასაც მიაღწია.

პირველს რასაც ავტორს ვურჩევდი ისაა, რომ დაანებოს მსოფლიო ისტორიის განხილვას გეოპოლიკური გამარჯვებების, თუ დამარცხებების კონტექსტით, რამეთუ ფარჩაკების საქმეა ეს. წაიკითხოს “ანალების სკოლა”, მაინეკე, თუგინდ რანკეც კი. უკეთ დაინახავს პროცესების დინამიკას.

ბლოგერს ცალი თვალით მაინც რომ ჩაეხედა დიპლომატიურ ისტორიაში გაიგებდა: 1877-1878 წლების სამხედრო გამარჯვების ყველა შედეგი, რუსეთმა ბერლინის კონგრესზე გაფანტა. ამ ომით მოგებული რუსეთი კი არა, გაერთიანებული გერმანია გამოვიდა.

ეს რუსებმაც კარგად გაიგეს და სათანადო დასკვნაც გააკეთეს. შედეგად ბოლო ოცი წლის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკის არქიტექტორი - კანცლერი გორჩაკოვი, რომელიც ბისმარკმა ბერლინის კონგრესზე ბავშვივით გააცუცურაკა, თანამდებობიდან გადადგა.

აფსუს, სააკაშვილისტი ბლოგერები რომ ყოფილიყვდნენ საუკუნე-ნახევრის წინ ვერავინ ვერ გაიგებდა რუსეთის მარცხს, ყველაფერი გეოპოლიტიკურ გამარჯვებად ჩაითვლებოდა და გორჩაკოვიც ადგილზე დარჩებოდა.

ბლოგერის მიერ გამოცხადებული რუსული გეოპოლიტიკურ გამარჯვების კიდევ ერთი დეტალი: გამარჯვების მთავარი პროდუქტი, გერმანული დინასტიით მართული ბულგარეთი, ორივე მსოფლიო ომში რუსეთ-საბჭოთა კავშირს ეომებოდა.

თუმცა ხელისუფლების მომხრე ბლოგელისათვის პოლიტიკური მეცნიერებების და პოლიტიკური ისტორიის არცოდნა ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ადრეშუასაკუნეების ესპანელი გრანდისათვის წერა-კითხვის უცოდინრობა.

ეს ისე, სხვათაშორის. შეგვეძლო გვეთქვა, რომ ხელისუფლების მომხრეებს კუშნერმა ღირსეული პასუხი გასცა და ამით დაგვემთავრებინა ყველაფერი. მაგრამ საქმე გაცილებით საშიშ ფენომენთან გვაქვს. ისინი ვინც ჩივიან, ქართული ენა იბილწება, რომ „რა ენა წახდეს ერი დაეცეს“, რასაკვირველია მართლები არიან (ისე როგორ არ მოგივა ეს აზრები ჩვენი სახელმწიფო მოხელეების და ჟურნალისტების ბჟუტურის მოსმენისას, მაგალითად როდესაც ერთმანეთში ურევენ „ცნებას“ და „მცნებას“). მაგრამ „თავისუფლების ინსტიტუტელი“ რეტროგრადები (რეტროგრადები ხარ, აბა რა, გაგანია პოსტმოდერნის ეპოქაში, 80 წლის წინანდელ იდეებს რომ დააფრქვევ) ენის მომავალსაც გვიკლავენ.

სხვადასხვა მოდელირებული ტელევიზიებით ისინი ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ ქართველებმა დავკარგოთ ნორმალური, ჩვეულებრივი სიტყვებისგან შედგენილი ენა და მივიღოთ მითოსურ ფესვებთან დაკავშირებული ენა-იდეოლოგიზემა. ამ ენაში ნაცვლად ნორმალური სიტყვებისა უნდა გვხდებოდეს ეკზალტირებული გამოთქმები „მიშა მაგარია“, „აბა გრეჩიხა ჯობდა“ და ა.შ.

ამ ენაში რაღაც მისტიკურ-მიშაისტური მნიშვნელობა მარტო სიტყვებს („ოკუპაცია“ და ა.შ) კი არ ექნებათ, არამედ რიცხვებსაც კი - გავიხსენოთ რიცხ „ხუთი“–ს შიზოიდური განდიდება ხელისუფლების მიერ.

ფსონზე დიდი რამ დევს. ენის სრული დესტრუქცია. ხელისუფლებას სურს გაბატონდეს არა მარტო სიტყვებზე, არამედ გრამატიკაზეც კი და თუ ეს დესტრუქცია მოხდა, დიქტატურის ნოვატორულ ენას მივიღებთ. თუმცა „თავისუფლებისინსტიტუტელები“ ამას დემოკრატიის დიდ გამარჯვებად შემოგვასაღებენ (თუ გამოუვიდათ ცხადია).