იტალიურმა „რომამ“ ნახევარდაცვის ხაზი გააძლიერა და გამოცდილი ფეხბურთელები, რენატო სანჩესი და ლეანდრო პარედესი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პარედესი რომაელებმა პსჟ-დან გამოისყიდეს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მან 16-ნომრიანი მაისური მოირგო. არგენტინელი „რომაში“ 2014-2017 წლებში უკვე თამაშობდა და 54 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი იჯარით „იუვენტუსში“ გაატარა (35 თამაში, 1 გოლი), თუმცა, ტურინელებმა პსჟ-დან არ გამოისყიდეს.
კარიერის განმავლობაში პარედესი „ბოკა ხუნიორსის“, „ემპოლის“, „კიევოს“, „ზენიტის“ და პსჟ-ს ღირსებას იცავდა, გასულ წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
„რომას“ მეორე ახალწვეულიც ცენტრალური ნახევარმცველია და ისიც პსჟ-დან გადაიბირეს, ოღონდ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით. რენატო სანჩესი „ჯალოროსიში“ 20 ნომრით ითამაშებს.
პორტუგალიელმა პსჟ-ში გასულ სეზონში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მანამდე „ბენფიკას“, „ბაიერნის“, „სუონსის“ და „ლილის“ წევრი იყო, კარგი სეზონი მან „ბენფიკასა“ და „ლილში“ ჩაატარა. 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და იმავე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.