„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
იტალიური მედიის ცნობით, 64 წლის სპეციალისტი თანახმაა „სკუადრა აძურას“ გაძღოლაზე, მაგრამ არსებობს პრობლემა „ნაპოლის“ სახით. საქმე ისაა, რომ სპალეტის „აძურიდან“ წამოსვლის მიუხედავად, კლუბთან ცალმხრივი კონტრაქტი ისევ აკავშირებს.
ამიტომაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ნეაპოლურ კლუბთან მოლაპარაკება მოუწევს. ლუჩანოს კონტრაქტის გასათავისუფლებელი პუნქტი 3.6 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ფედერაცია არ აპირებს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა გამოსავალი იპოვნოს და შეთანხმდნენ.
ლუჩანო სპალეტი იტალიელთა ერთადერთი ვარიანტი არ არის - იტალიური მედია ასევე ასახელებს ანტონიო კონტესაც, რომელიც ასევე თავისუფალია. გაიჟღერა ჯენარო გატუზოს, ფაბიო კანავაროსა და დანიელე დე როსის ვარიანტებმაც, მაგრამ სპალეტი ფავორიტი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ ტრიუმფის შემდეგ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. იტალიის ნაკრები 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გუშინ რობერტო მანჩინიმ თავისი ნებით დატოვა.