ესპანური მედია: მამარდაშვილი

ესპანური მედია: მამარდაშვილი "რეალის" სიაშია და კურტუას შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალში“ შესაძლოა, ტიბო კურტუა შეცვალოს.

El Chiringuito TV-ს ცნობით, რომელიც მადრიდულ გრანდთან დაახლოებული ტელევიზიაა, „რეალის“ დღის წესრიგში ქართველი მეკარეა. ვალენსიელი ჟურნალისტის, ხერმან მუნიოსის ინფორმაციით კი, რომელიც მხოლოდ „ვალენსიას“ ამბებზე მუშაობს, გიორგი მართლაც არის კურტუას შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა არა ერთადერთი, რადგან მადრიდელებს სიაში სხვა მეკარეებიც ჰყავთ.

მამარდაშვილის გარდა, უკვე გაიჟღერა იასინ ბონოს, კეილორ ნავასის, უნაი სიმონს, დავიდ დე ხეას, დავიდ სორიას და კეპა არიზაბალაგას ვარიანტებმა. ცნობილია, რომ „ვალენსია“ მზადაა მამარდაშვილი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა, ამ დრომდე ვალენსიელებს ოფიციალური შეთავაზება ქართველ მეკარეზე არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ. ინგლისელთა სიაში გიორგი ისევ რჩება, თუ კეპა კლუბს დატოვებს.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „რეალს“ მეკარის შეძენის საკითხი მას შემდეგ დაუდგა დღის წესრიგში, რაც ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და პრაქტიკულად მთელ სეზონს გამოტოვებს.