„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
როგორც ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ თქვა, ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს, ამიტომაც არ არის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. მოგეხსენებათ, კვარა და „ნაპოლი“ კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებაზე პრაქტიკულად შეთანხმებული არიან.
„ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება მოსამზადებელ ეტაპზე, მაგრამ როგორც კი, კლუბი მიზანშეწონილად ჩათვლის, მაშინ გაფორმდება. ახლა პრიორიტეტები განსხვავებულია. სავარაუდოდ, ეს 2024 წლის დასაწყისში მოხდება“, - თქვა ალვინომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიის ჩემპიონი ახალ სეზონს 19 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონესთან“ მატჩით გახსნის.