ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლომ დაასრულა ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის საქმის გამოძიება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არსებობს 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში ალვეშის მიერ 23 წლის გოგონას გაუპატიურების ყველანაირი ნიშნები, - წერს გაზეთი El Mundo Deportivo.
2 აგვისტოს დანი ალვეშს სასამართლოში მიიყვანენ, სადაც გააცნობენ ბრალდებას და სასამართლო მოსმენის თარიღს დანიშნავენ. ფეხბურთელს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დანი ალვეში 20 იანვარს დააპატიმრეს. ბარსელონას სასამართლომ მას გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ორჯერ უთხრა, რადგან ალვეშმა მომხდარის სამი ვერსია წარადგინა. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა ფეხბურთელის ბრაზილიაში გაქცევის რისკი, ვინაიდან ესპანეთს ამ ქვეყანასთან ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ აქვს.
დანი ალვეში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელია. სხვადასხვა დროს მას უთამაშია „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. მიმდინარე სეზონში 39 წლის ფეხბურთელი მექსიკური „უნამ პუმასის“ ღირსებას იცავს.